Accessibility links

logo-print

უკრაინაში 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს დადებითი საერთაშორისო რეაქცია მოჰყვა. რუსეთი კი იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნებს დაძაბულობის განმუხტვა და „კონსტრუქციული“ მთავრობის შექმნა მოჰყვება.

27 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა დაიწყეს მოლაპარაკებები ახალი კოალიციური მთავრობის შექმნის თაობაზე.

მრავალი უკრაინელი იმედოვნებს, რომ არჩევნები გააძლიერებს ქეყანას ერთწლიანი არეულობის, პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან მრავალთვიანი სამხედრო დაპირისპირების და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირების შემდეგ.

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობს ორგანიზაციის სპეციალურმა კოორდინატორმა, კენტ ჰარსტედმა 27 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე დადებითად შეაფასა უკრაინის საპარლამენტო არჩევნები:

„პროცესი ხასიათდება მრავალი დადებითი ასპექტით, როგორებიცაა მიუკერძოებელი და ეფექტიანი ცენტრალური საარჩევნო კომისია, საკმაოდ კონკურენტული არჩევნები, რომელმაც ამომრჩეველს რეალური არჩევანი შესთავაზა, და ფუნდამენტური თავისუფლებების ზოგადი დაცვა“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ არჩევნებს წარმატებული უწოდა. მისი თქმით, არჩევნები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკრაინის დემოკრატიის განვითარების გზაზე. მან მხარეებს „ძლიერი, ინკლუზიური მთავრობის“ სწრაფად შექმნისაკენ მოუწოდა. ამავე დროს ობამამ ბრალი დასდო რუსეთს უკრაინის საპარლამენტო არჩევნების ობსტრუქციისთვის ყირიმში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ცნობს არჩევნების შედეგებს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ მიულოცა უკრაინელ ხალხს და არჩევნებს უწოდა „დემოკრატიისა და ევროპული რეფორმების კურსის გამარჯვება“. ბაროზუმ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარესთან, ჰერმან ვან რუმპესთან ერთად მოუწოდა უკრაინას, მიაღწიოს ეროვნულ თანხმობას, გააძლიეროს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები ევროპასთან თანამშრომლობის პროცესში.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გაიმეორა ევროკავშირის რეაქცია. მისი თქმით, უკრაინელმა ხალხმა ნათლად და დემოკრატიულად მისცა ხმა რეფორმებისა და ევროპისკენ მიმავალ გზას.

სტოლტენბერგმა განაცხადა: „ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელ, სუვერენულ და სტაბილურ, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულ უკრაინას“.

კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, პროდასავლური პარტიები ლიდერობენ.

საარჩევნო ბიულეტენების 70%-ზე მეტის დათვლის საფუძველზე იუწყებიან, რომ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის პარტიებს ერგოთ ხმების თითქმის თანაბარი რაოდენობა, დაახლოებით 21-21%. მესამე ადგილზეა კიდევ ერთი პროევროპული პარტია „თვითდახმარება“, რომელსაც ხმების 13%-მდე აქვს. კენჭისყრაში ამომრჩეველთა 52,42%-მა მიიღო მონაწილეობა.

პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თქმით, ამომრჩეველმა ძლიერი მხარდაჭერა გამოუხატა უკრაინის სვლას ევროპისკენ. ამავე დროს მან ილაპარაკა ძირეული რეფორმების აუცილებლობაზე.

„მე დაინტერესებული ვარ იმით, რომ 300-ხმიანი კოალიცია გვქონდეს პარლამენტში. მე დაინტერესებული ვარ იმით, რომ ფუნდამენტური ცვლილებები შევიტანოთ კონსტიტუციაში, მათ შორის ცვლილებები დეცენტრალიზაციის მიმართულებით, რომელთა გარეშეც ქვეყანა ვერ გადარჩება“.

არჩევნების მეორე დღეს, 27 ოქტომბერს კოალიციის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო პოროშენკოსა და მის მთავარ პარტნიორს, პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკს შორის.

პირველი შეხვედრის შემდეგ იაცენიუკმა განაცხადა, რომ „ახალი კოალიციის საფუძველია ევროპის კავშირთან ასოცირების შეთანხმება. და ეს არის ის, რაც უნდა იქცეს კოალიციური შეთანხმების საფუძვლად“.

პროევროპულ პარტიებს მოსდევენ ოპოზიციური ბლოკი, რომელსაც დაახლოებით 10% აქვს, ოლეგ ლიაშკოს რადიკალური პარტია 7,32%-ით და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს პარტია ბატკივშჩინა 5,64%-ით.

კომუნისტური პარტია, როგორც ჩანს, საერთოდ ვერ მოხვდება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში - პირველად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი მეამბოხეების ლიდერები ამბობენ, რომ რეგიონში თვითონ ჩაატარებენ საპარლამენტო არჩევნებს საკუთარი ლიდერების ასარჩევად.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რუსეთი აპირებს, აღიაროს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მიერ 2 ნოემბრისთვის დანიშნული არჩევნები.

თუმცა, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აღნიშნავს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ნებისმიერი არჩევნები უნდა გაიმართოს უკრაინის კანონების შესაბამისად. ეს განცხადება მიანიშნებს, რომ კიევი კანონიერად არ ცნობს დონეცკსა და ლუგანსკში დაგეგმილ არჩევნებს. ამასთან, კიევი ორივე ოლქში რაიონების ნაწილს სთავაზობს თვითმმართველობას სამი წლით და ადგილობრივი არჩევნების 7 დეკემბერს გამართვას.

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 26 ოქტომბერს სეპარატისტულ რეგიონებში არსებული 32 საარჩევნო ოლქიდან 15-ში კენჭისყრა არ გამართულა. ეს იმას ნიშნავს, რომ 450-ადგილიან პარლამენტში 27 ადგილი ვაკანტური დარჩება.

XS
SM
MD
LG