Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები, უსინათლოები და გზების ძიება


ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, საქართველოს მასშტაბით, მონაწილეობა მხოლოდ და მხოლოდ 140-მა უსინათლო და მცირემხედველმა ადამიანმა მიიღო. რეალურად მათი რიცხვი გაცილებით დიდია. რა ბარიერებს აწყდებიან ისინი არჩევნებში მონაწილეობისას და რას გეგმავს საარჩევნო კომისია უსინათლოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების რეალიზების კუთხით?

ნოდარ მამაცაშვილმა მხედველობა 10 წლის ასაკში დაკარგა, თუმცა ამას არ შეუშლია მისთვის ხელი გამხდარიყო ლიტერატორი და ეცხოვრა აქტიური ცხოვრებით. წლების მანძილზე ის იმ გამომცემლობას ხელმძღვანელობდა, რომელიც ბრაილის შრიფტით წიგნების ბეჭდვით იყო დაკავებული. როგორც ნოდარი მეუბნება, მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირება და, მათ შორის, არჩევნებში ამომრჩევლის სტატუსით მონაწილეობა. თუმცა ნოდარი ერთ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას: ნოდარის სურვილი არასდროს ყოფილა საარჩევნო ურნა მისთვის სახლში მიეტანათ და არც არასდროს მიუღია არჩევნებში მონაწილეობა ამ სახით:

„მე მირჩევნია უშუალოდ მივიდე და ხელი მოვაწერო, თუნდაც ამისათვის დამჭირდეს ახლობლის შეწუხება. ერთი სიტყვით, როდესაც მე შევდივარ ჯიხურში და ვხაზავ სასურველ კანდიდატს, როგორც შემიძლია, ჯიხურიდან გამოვდივარ იმის შეგრძნებით, რომ მე ვარ სრულფასოვანი მოქალაქე და ეს მე ფსიქოლოგიურად მაკმაყოფილებს“.

ჩვენ გავითვალისწინეთ მათი მოთხოვნა და 2012 წლიდან ამ ტიპის ბიულეტენები აღარ დაგვიბეჭდავს. და დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ალტერნატიული საშუალება, რომლის დახმარებითაც უსინათლოები მონაწილეობას მიიღებდნენ არჩევნებში...
სოფიო სიჭინავა

ნოდარი წლებია არჩევნებში მონაწილეობას ნდობით აღჭურვილი პირის დახმარებით იღებს. ამბობს, რომ ამ მეთოდით არჩევნებში მონაწილეობა უსინათლოთა და მცირემხედველთათვის გაცილებით კომფორტულია, მათ ამის საშუალებას აძლევს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 65-ე მუხლი. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ, მაგალითად, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რამდენიმე სიახლე დანერგა, მათ შორის, უსინათლოთათვის, ყველა საარჩევნო ოლქის მასშტაბით, შეიქმნა საარჩევნო ბიულეტენის შესავსები სპეციალური ჩარჩო-ფორმები, რათა მათ დამოუკიდებლად შეძლებოდათ ხმის მიცემა. თუმცა ნოდარ მამაცაშვილი მეუბნება, რომ ხმის მიცემის ამ მეთოდმა ვერ გაამართლა. ამასვე ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი სოფიო სიჭინავა. 2012 წლიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიქმნა შშმ პირთა არჩევნებში მონაწილეობის ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიან როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ორგანიზაციებისა და თავად თემის წარმომადგენლები. როგორც სოფიო სიჭინავა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, ჯგუფი სწავლობს იმ ხარვეზებს, რომელთაც უსინათლო პირები არჩევნებში მონაწილეობისას აწყდებიან. მაგალითად, ერთ-ერთი ხარვეზი, რომელიც ჯგუფის მუშაობის პროცესში გამოიკვეთა, იყო ის, რომ წლების მანძილზე უსინათლოები არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი საარჩევნო ბიულეტენის საშუალებით იღებდნენ. აღმოჩნდა, რომ ეს რამდენიმე პრობლემას წარმოშობდა:

„საქართველოს უსინათლო მოსახლეობის ძალიან ცოტა პროცენტი ფლობს ბრაილის შრიფტს. უსინათლოთა კავშირის თქმით, ბრაილის შრიფტით შექმნილი ბიულეტენებით ხდება პიროვნების არჩევანის იდენტიფიცირება და იყო მოთხოვნა, რომ საერთოდ არ დაბეჭდილიყო ბრაილის შრიფტით საარჩევნო ბიულეტენები. შესაბამისად, ჩვენ გავითვალისწინეთ მათი მოთხოვნა და 2012 წლიდან ამ ტიპის ბიულეტენები აღარ დაგვიბეჭდავს. და დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ალტერნატიული საშუალება, რომლის დახმარებითაც უსინათლოები მონაწილეობას მიიღებდნენ არჩევნებში“.

სწორედ ასეთ ალტერნატიულ საშუალებად ჩაითვალა ე. წ. ჩარჩო-ფორმები, რომელმაც, საბოლოოდ, არ გაამართლა. სოფიო სიჭინავას თქმით, ჩარჩო-ფორმა უსინათლოთა უდიდესმა ნაწილმა არ გამოიყენა ისევ და ისევ იმ მიზეზით, რომ მათ კვლავაც ნდობით აღჭურვილი პირის საშუალებით არჩიეს საკუთარი არჩევანის დაფიქსირება. ის იმასაც ამბობს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩაატარა გამოკვლევა, შესწავლილ იქნა საერთაშორისო გამოცდილება, რომლის მიხედვითაც გამოიკვეთა, რომ ყველაზე გავრცელებული ფორმა უსინათლოთათვის, არჩევნებში მონაწილეობის თვალსაზრისით, ესაა ხმის მიცემა დამხმარე ადამიანების საშუალებით. კიდევ ერთი გზა, რომელიც მცირემხედველ ადამიანებს ეხმარება არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში, სოფიო სიჭინავას თქმით, ეს არის ე. წ. ლინზის ფურცელი, ანუ გამადიდებელი საშუალება. ეს მეთოდი პირველად 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის იქნა გამოყენებული და, სოფიოს თქმით, მცირემხედველებს საკმაოდ გაუადვილა არჩევნებში მონაწილეობა:

სოფიო სიჭინავა
სოფიო სიჭინავა

„წელს 2016 წლის არჩევნებისთვის ვგეგმავთ, რომ თითო საარჩევნო უბანზე იყოს არანაკლებ ორი ლინზის ფურცელი. ეს არის სპეციალური გამადიდებელი ხელსაწყო, რომლის აწევის შემთხვევაში, ძალიან მცირე მხედველობის მქონე პირიც კი ხედავს ნომერს იმ სუბიექტის, რომელსაც უნდა, რომ მან მხარი დაუჭიროს“.

სოფიო სიჭინავას თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის იგეგმება ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტის სრულად ადაპტირება უსინათლოთათვის. მისი სიტყვებით, ყველა ინფორმაცია, რომელიც გავრცელდება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, მათ შორის, არჩევნებში მონაწილე სუბიექტების საარჩევნო პროგრამები, ხელმისაწვდომი იქნება უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისათვის. ამ ინიციატივას მიესალმება რადიო თავისუფლებასთან საუბრისას თამაზ მუქერია, უსინათლოთა კავშირის ბიზნეს და სოციალური პროგრამების სამსახურის უფროსი, თუმცა იმასაც ამბობს, რომ დღესდღეობით უსინათლო ამომრჩეველთა მხოლოდ უმცირეს პროცენტს აქვს კომპიუტერსა და ინტერნეტთან წვდომის საშუალება. ამ მხრივ, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა რეგიონებში.

თამაზ მუქერია ამბობს, რომ მათ მიერ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2012 წლის მონაცემებით, დღეს საქართველოს მასშტაბით 10 000-მდე უსინათლო და მცირემხედველი ამომრჩეველია, ცესკოს მონაცემებით კი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო სულ 140-მა უსინათლო ადამიანმა.

თამაზ მუქერია, 2015 წლის შუალედური არჩევნებისთვის ხელმძღვანელობდა პროექტს უსინათლოთათვის საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით. მათ პროექტის ფარგლებში საგარეჯოსა და მარტვილის არაერთი სოფელი მოიარეს. შეხვედრები შედგა თავად უსინათლო ამომრჩევლებთან. ის ამბობს, რომ რეგიონებში უსინათლო ამომრჩევლის ნაწილი გადასატანი ყუთის საშუალებით აძლევს ხმას, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც სწორედ საარჩევნო უბნებში მისვლით სურთ საკუთარი არჩევანის დაფიქსირება. თუმცა თამაზ მუქერია იმ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც უსინათლოები, მაგალითად, დამხმარე პირის საშუალებით ხმის მიცემის პროცესში აწყდებიან:

„ერთმა ქალბატონმა გვითხრა მარტვილში, კი, მე მინდა, რომ საარჩევნო უბანზე მივიდე და ისე მივცე ხმა მეზობლის დახმარებითო, მაგრამ მეზობელი სხვა კანდიდატს უჭერს მხარს, მე სხვას, მაგრამ ხათრის გამო, არაერთხელ მიმიცია ხმა იმ კანდიდატისთვის, რომელსაც მეზობელი უჭერს მხარსო. ამიტომ, ამ კუთხით დამოუკიდებლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“.

გია ჯვარშეიშვილი
გია ჯვარშეიშვილი

გია ჯვარშეიშვილი, მოძრაობა „ინკლუზიური საზოგადოება - საქართველოს“ ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ როდესაც საქმე ეხება არჩევნებში შშმ პირების მონაწილეობას, არ შეიძლება ეს საკითხები ექსპერიმენტების გზით გადაწყდეს, მათ შორის, ისეთი ექსპერიმენტების გზით, როგორიც იყო უსინათლოთათვის განკუთვნილი ე.წ. ჩარჩო-ფორმები. რაც შეეხება თავად საარჩევნო პროცესის შეფასებას, მას მიაჩნია, რომ ეს პროცესი შშმ პირებისათვის საკმაოდ რთული ბარიერებით მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი ბარიერი, მისი აზრით, ინფორმაციის ნაკლებობაა. დაბალ საარჩევნო კულტურაზე მიუთითებს ისიც, რომ ინფორმაციული ვაკუუმის ამოვსებას თავად არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები არ ცდილობენ. გია ჯვარშეიშვილის სიტყვებით, ამ დრომდე ინფორმაციული ვაკუუმის შევსებას ვერ ახერხებდა ვერც ცენტრალური საარჩევნო კომისია:

„ისინი თავიანთ საარჩევნო პროგრამებს, მაგალითად, არ აკეთებენ ბრაილის შრიფტით ან აუდიო ფორმატში. ცესკო წინასაარჩევნოდ ამზადებს ხოლმე კლიპებს, რათა უფრო მეტი ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე. სამწუხაროდ, ეს მულტიმედია მასალა არ არის ხელმისაწვდომი უსინათლოთათვის“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი სოფიო სიჭინავა ფიქრობს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება პირველი არჩევნები, როდესაც უსინათლო და მცირემხედველი ადამიანები გააკეთებენ ყველაზე ინფორმირებულ არჩევანს. რაც შეეხება იმას, თუ რა გზებით მოახერხებენ 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას უსინათლო და მცირემხედველი ადამიანები, ესაა ხმის მიცემა გადასატანი ყუთის საშუალებით, დამხმარე პირის მეშვეობით, ასევე, ლინზა-ფურცლით და, გარდა ამისა, სოფიო სიჭინავას ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაცია მუშაობს საპილოტე პროექტზე, რომლის მეშვეობითაც, პირველ ეტაპზე რამდენიმე საარჩევნო უბანზე, უსინათლო ამომრჩეველს ეძლევა შანსი ხმა მისცეს სასურველ კანდიდატს სპეციალური დამხმარე საშუალებით, რომელიც, სოფიო სიჭინავას თქმით, ერთგვარი ტექნოლოგიური სიახლე უნდა იყოს, თუმცა ის დეტალების გამჟღავნებისგან თავს იკავებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG