Accessibility links

logo-print

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს დაინიშნა. გორში ორ თვითმმართველ ერთეულში ერთმანეთს კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და „ირაკლი ოქრუაშვილი-ქართული პარტიის“ მერობისა და გამგებლობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან. მათ საარჩევნო შტაბებში მეორე ტურისთვის უკვე ემზადებიან. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ზურაბ ჯირკველიშვილმა პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 40 პროცენტზე ოდნავ მეტი მიიღო, მეორე ადგილზე გასულმა „ქართული პარტიის“ წარმომადგენელმა კახა ერგემლიძემ კი 29 პროცენტზე მეტი. ჯირკველიშვილმა ერგემლიძეს 1454 ხმით აჯობა. ანალიტიკოსების აზრით, ეს არ არის დიდი უპირატესობა, ამიტომ მეორე ტურში დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი. კოალიციის საარჩევნო შტაბში ამჟამად საკუთარი ამომრჩევლის მობილიზაციით არიან დაკავებულნი. მათი კანდიდატი ზურაბ ჯირკველიშვილი აცხადებს, რომ გამარჯვებაში თავდაჯერებულობამ მათ ცუდი სამსახური გაუწია.

მეორე ტურში გამარჯვების იმედი აქვს „ქართული პარტიის“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილსაც. მისი თქმით, კენჭისყრის დღეს მომხრეების სრულ მობილიზებას მოახდენს.

გორის თემის გამგებლობისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით ონიაშვილი და „ირაკლი ოქრუაშვილი-ქართული პარტიის“ წარმომადგენელი ბონდო ვათიაშვილი. ონიაშვილმა მეტოქეს თითქმის 6000 ხმით აჯობა, მაგრამ 50-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. ადგილობრივი სპეციალისტების აზრით, მეორე ტურის წინ ონიაშვილის უპირატესობა დიდია, რაც მისი გამარჯვების შანსს ზრდის.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში გორის 32-ე საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა დაფიქსირდა. საარჩევნო უბნებში მხოლოდ 40 პროცენტი მივიდა საკუთარი პოლიტიკური ნების გამოსახატავად. არჩევნებში მონაწილე კანდიდატები ცდილობენ ამომრჩევლები გაააქტიურონ, მაგრამ, სპეციალისტების თქმით, მეორე ტური, ტრადიციულად, უფრო დაბალი აქტივობით გამოირჩევა ხოლმე.

XS
SM
MD
LG