Accessibility links

logo-print

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის გორში ადგილობრივი მედიაც ემზადება. როგორც ელექტრონული მედია, ისე ბეჭდური გამოცემები აქტიურად აშუქებდნენ როგორც წინასაარჩევნო კამპანიას, ისე არჩევნების მიმდინარეობასა და შემდგომ მოვლენებს. ადგილობრივ ტელეკომპანიებში, „თრიალეთსა“ და „დიაში“, კანდიდატებს შორის დისკუსიები და დებატები ეწყობოდა.

ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საზოგადოების ინფორმირებისთვის ყველაფერს აკეთებდნენ, თუმცა ხელის შემშლელი ფაქტორებიც იყო. ზოგიერთი კანდიდატი ტელევიზიის ჟურნალისტებთან ურთიერთობისგან თავს იკავებდა. ტელეკომპანია „თრიალეთის“ ჟურნალისტი ნინო ბოლაშვილი ამბობს, რომ ცალკე გადაცემაში არაერთი დებატი შედგა კანდიდატების მონაწილეობით, პოლიტიკურ სუბიექტებს საშუალება მიეცათ ამომრჩევლებისთვის საკუთარი პროგრამები გაეცნოთ.

მეორე ტურისთვის ემზადება ტელეკომპანია „დიაც“. ახალი ამბების გამოშვებებში ყოველდღიურად შუქდებოდა კანდიდატების შეხვედრები ამომრჩევლებთან, ცალკე ეთერი ეთმობოდა დისკუსიებს საარჩევნო თემატიკაზე, ოპერატიულად თავსდებოდა ინფორმაცია ვებგვერდზე, თუმცა ტელეკოპანიის ჟურნალისტებს პრეტენზიები აქვთ „ირაკლი ოქრუაშვილი-ქართული პარტიის“ კანდიდატ კახა ერგემლიძესთან, რომელიც ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებას თავს არიდებდა და, მიწვევის მიუხედავად, ტელევიზიის მიერ მოწყობილ დისკუსიებში მონაწილეობას არ იღებდა. ტელევიზიის ჟურნალისტი მალხაზ მიქელაძე აცხადებს, რომ ტელეკომპანია მეორე ტურშიც ყველა მნიშვნელოვან მოვლენას გააშუქებს.

ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების განსხვავებული მეთოდი ჰქონდა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინტერნეტგამოცემა „ქართლი. გე“-ს. გამოცემის ჟურნალისტები ხალხთან კანდიდატების შეხვედრებს ესწრებოდნენ და ამ შეხვედრების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გადასცემდნენ, თუმცა იყო შემთხვევები, როცა ასეთი შეხვედრების შესახებ ინფორმაციას კანდიდატების ნაცვლად მოსახლეობისგან იღებდნენ. „ქართლი.გე“- ს რედაქტორი საბა წიწიკაშვილი ყურადღებას ამახვილებს ირაკლი ოქრუაშვილის მერობის კანდიდატ კახა ერგემლიძეზე, რომელიც ჟურნალისტების კომენტარს გაურბოდა.

ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადებიან და კანდიდატებს დისკუსიებსა და დებატებში მონაწილეობის მიღებას სთავაზობენ. პირველი ტურის მსგავსად, ისინი აპირებენ აქტიურად გააშუქონ როგორც კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანია, ისე კენჭისყრის დღეს მიმდინარე პროცესები.

XS
SM
MD
LG