Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩერნოგორიაში პროდასავლური კურსი გაგრძელდება


არჩევნები ჩერნოგორიაში
არჩევნები ჩერნოგორიაში

კვირას ჩერნოგორიაში პროდასავლური მმართველი პარტიის გამარჯვებით დასრულდა არჩევნები, რომელიც მიჩნეული იყო, პირველ ყოვლისა, არჩევნად პროდასავლურ და პრორუსულ კურსს შორის. წინასწარი შედეგებით, პრემიერ-მინისტრ მილო ჯუკანოვიჩის პარტიას ერგო ხმების 40%-ზე მეტი. თუმცა, ის ახლა რთული ამოცანის წინაშე დგას, კოალიციური მთავრობის შექმნის თვალსაზრისით.

საპარლამენტო არჩევნები პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე წარიმართა. კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე, 15 ოქტომბერს, ჩერნოგორიაში დააკავეს 20 ადამიანი, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმების მზადებაში ეჭვმიტანილნი.

გადმოწერა

არჩევნების მეთვალყურე დამოუკიდებელი ორგანიზაცია CeMi, ხმების 100-ვე პროცენტის დათვლის საფუძველზე, აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ მილო ჯუკანოვიჩის პროდასავლურ პოლიტიკურ ძალას, „სოციალისტების დემოკრატიულ პარტიას“ ერგო 41%. ამავე წყაროს მონაცემებით, 20%-ით მეორე ადგილზეა ოპოზიციური ალიანსი „დემოკრატიული ფრონტი“.

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა, ეჭვს არ იწვევს შემდეგი: ხელისუფლების სათავეში დარჩება ჩერნოგორიის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, მილო ჯუკანოვიჩი, რომელიც ხან პრეზიდენტის, ხან მთავრობის მეთაურის რანგში უკვე 25 წელზე მეტია მართავს ქვეყანას.

ჯუკანოვიჩმა არჩევნების დღესვე, 16 ოქტომბერს, საღამოს მიმართა მხარდამჭერებს და განაცხადა, რომ შეეცდება მმართველი კოალიციის შექმნას ეროვნული უმცირესობების პარტიებსა და სოციალ-დემოკრატებთან ერთად.

„დღეს საღამოს დიდი სიხარულით ვაცხადებთ, რომ ჩერნოგორია გააგრძელებს გზას სტაბილური ევროპული მომავლისაკენ, რომ მომდევნო რამდენიმე თვეში მოვახდენთ ნატოში ჩერნოგორიის გაწევრიანების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას და მივიღებთ ოფიციალურ გადაწყვეტილებას ნატოში ჩვენს გაწევრიანებაზე. მმართველობის მორიგი ვადის განმავლობაში გავააქტიურებთ ევროკავშირთან მოლაპარაკებას გაწევრიანების თაობაზე, რაც, ჩვენი აზრით, დასრულდება ჩვენი მმართველობის ვადის ბოლომდე. ამ ვადის განმავლობაში იმასაც ვაჩვენებთ, რომ მზად ვართ ევროპის კავშირის წევრობისათვის“.

ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, რომელიც პრემიერმა ჯუკანოვიჩმა 16 ოქტომბრის საღამოს ახსენა, საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ჩერნოგორიაში, სადაც ოპოზიციური ძალები, კერძოდ, პრორუსული და პროსერბული პოლიტიკური ჯგუფები, გადაჭრით ეწინააღმდეგებიან ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ისინი ჯუკანოვიჩს ბრალად სდებენ, რომ ამომრჩეველს აშინებდა, როცა წინასაარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდა: ქვეყანას ქაოსი ემუქრება მმართველი პარტიის დამარცხების შემთხვევაშიო.

სავარაუდოდ, საფრთხის შეგრძნება ნამდვილად გაუჩნდებოდა ჩერნოგორიელების ნაწილს მაინც, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩევნების წინა დღეს, 15 ოქტომბერს, დააკავეს სერბიიდან ჩასული 20 პირი, როგორც თავდასხმების მზადებაში ეჭვმიტანილნი. განცხადება პოდგორიცაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა ჩერნოგორიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, თამარა პოპოვიჩმა.

„ეს პირები დაკავებულ იქნენ დანაშაულების ჩადენის ბრალდებით, დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნაში და ჩერნოგორიის ტერიტორიაზე ტერორიზმში ეჭვმიტანით. ისინი ეჭვმიტანილი არიან, რომ ჩერნოგორიაში შემოვიდნენ საიდუმლო ადგილებიდან ავტომატური იარაღის ასაღებად 16 ოქტომბრის საღამოს სხვადასხვა უწყებებზე, პოლიციასა და მთავრობის წარმომადგენლებზე თავდასხმის მიზნით, მთავრობის მაღალი რანგის წევრებზე თავდასხმის შესაძლებლობის ჩათვლით“, – განაცხადა პოპოვიჩმა ჩერნოგორიის დედაქალაქში გამართულ პრესკონფერენციაზე. სხვა დეტალებზე ჯერ არაფერს იუწყებიან.

ჩერნოგორიაში, როგორც უკვე ითქვა, მწვავე დაპირისპირების საგანია ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია. ქვეყანამ სულ 10 წლის წინ, 2006 წელს, მოიპოვა დამოუკიდებლობა სერბიისაგან ჩამოშორების შემდეგ და გამოკვეთილად პროდასავლურ კურსს დაადგა. ოპოზიციური ალიანსი „დემოკრატიული ფრონტი“ მკაცრად აკრიტიკებს ამ პოლიტიკას. გასული წლის ბოლოს, ის მრავალათასიანი, ზოგ შემთხვევაში, აგრესიული აქციებით აპროტესტებდა ნატოსთან ჩერნოგორიის დაახლოებას. როგორც „დემოკრატიული ფრონტის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სტრაჰინია ბულაიჩმა არჩევნებამდე უთხრა საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესს“, მისი გუნდი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, აპირებდა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაუქმებასა და რუსეთთან „ყველაზე მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების განვითარებას“.

ჩერნოგორია 2014 წელს შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის მიმართ, უკრაინაში მისი აგრესიული პოლიტიკის გამო. ამ ნაბიჯმა მოსკოვთან ურთიერთობაში დაძაბულობა გამოიწვია, რომელიც კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც ჩერნოგორიამ მიმდინარე წლის მაისში ხელი მოაწერა შეთანხმებას ნატოში გაწევრიანების შესახებ. შეთანხმება ჯერ არ არის რატიფიცირებული.

ოპოზიცია კატეგორიულად მოითხოვს რეფერენდუმის ჩატარებას ნატოს წევრობის საკითხზე. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ალიანსში შესვლას ჩერნოგორიელების სულ 40%-მდე ემხრობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG