Accessibility links

logo-print

არჩევნებისშემდგომი გადაწყვეტილებები - ვინ რჩება და ვინ ტოვებს პოლიტიკურ სარბიელს?


საპარლამენტო არჩევნების საბოლოო, დაზუსტებული შედეგების გამოქვეყნებამდე სულ ცოტა დრო რჩება, პოლიტიკოსები კი - როგორც დამარცხებულები, ისე მოგებული პარტიების ლიდერები - ჩავლილ არჩევნებს შეფასებას აძლევენ და სამომავლო გეგმებზე ღიად ლაპარაკობენ. უკვე ცნობილია, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია დროებით პოლიტიკიდან მიდის. პარლამენტს გარეთ დარჩენილი რესპუბლიკელების ლიდერი დავით უსუფაშვილი გამარჯვებულ პარტიებს საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდებს. ბარიერგადალახული „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე ჯერ კონსულტაციებს მართავს, ხოლო გამარჯვებული „ქართული ოცნება“ უკვე საკონსტიტუციო ცვლილებებზე ლაპარაკობს.

საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ პოლიტიკურ წრეებში პირველი შეფასებები კეთდება - გამარჯვებულები გეგმებზე, დამარცხებულები კი შემდგომ ნაბიჯებზე ლაპარაკობენ. საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა ცვლილებები ზოგიერთი პარტიის შიგნითაც გამოიწვია.

10 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუკრი ქანთარიამ, განაცხადა, რომ თუ „ოცნება“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვა, პირველი საკონსტიტუციო ცვლილებები, რასაც შესაძლოა პარლამენტმა კენჭი უყაროს, სავარაუდოდ, იქნება პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლის, ქორწინებისა და პრეზიდენტის არჩევის წესის საკითხები, თუმცა „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ისიც განუცხადა, რომ ყველა ცვლილება კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ფართო კონსენსუსის საფუძველზე.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობენ და პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე მსჯელობენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება საჯაროდ ცნობილი არ განხდარა. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა, განაცხადა, ეს შედეგები ვერ ჩაითვლება კანონიერად:

„ყველასთვის ცხადია, რომ არჩევნები, რომელიც ჩაატარა ბიძინა ივანიშვილმა, და შედეგები, რაც დაიდო, არ გამოხატავს სრულად ხალხის ნებას და ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად. ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ საქართველო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად აქციოს, ჩვენ კი დავფიქრდებით, რა გზა უნდა ავირჩიოთ და რა ნაბიჯები გადავდგათ“.

დავით უსუფაშვილი

დავით უსუფაშვილი

მიუხედავად დამარცხებისა, არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ არ აყენებს რესპუბლიკელების ლიდერი დავით უსუფაშვილი, რომელმაც 10 ოქტომბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ, მიუხედავად არაერთი ხარვეზისა, 8 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების გაცილებით უკეთესი საშუალება, ვიდრე 2012 წელს, თუმცა, მისივე სიტყვებით, ამ შედეგებს არ მოჰყვება მარტივი პოლიტიკური ცხოვრება. მისი თქმით, არჩევნების შედეგების განმაპირობებელი ფაქტორი იყო ის წინასაარჩევნო კოქტეილი, რომელიც „ოცნებამ“ და „ნაციონალებმა“ ერთად შესთავაზეს ქართველს ხალხს:

„ეს იყო მტრის ხატზე დაფუძნებული კამპანია, სიძულვილსა და ერთმანეთის განადგურებაზე დაფუძნებული კამპანია, რაც არავითარ შემთხვევაში საქართველოს არ წაადგება. ამიტომ მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, მინდა ამ ორი გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ლიდერებს მივმართო - გიორგი კვირიკაშვილს და დავით ბაქრაძეს. მათზე ბევრია დამოკიდებული, თუ საით წავა ქვეყანა, როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები. მინდა მჯეროდეს, რომ მათ საქმიანი ურთიერთობა ექნებათ და მათ შორის არსებული კონკურენცია არ გასცდება კანონის და ცივილიზებული ნორმების ფარგლებს“.

ეს არჩევნები მოიგო იმან, ვისაც ჰქონდა ფული... სრულიად ლოგიკურია ღარიბი ქვეყნისთვის, სადაც პარტიებისადმი ნდობა დაბალია და არჩევნებს ადამიანების ნაწილი უყურებს, როგორც შესაძლებლობას ერთჯერადად მაინც მოიპოვოს პურის ფული“, - წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ხიდაშელი.

ჯერჯერობით უცნობია რა შემადგენლობით განაგრძობს არსებობას პარტია „თავისუფალი დემოკრატები“, რადგან პარტიის ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ, ასევე საგანგებო ბრიფინგზე პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება გაასაჯაროვა. მან მადლობა გადაუხადა გორელ ამომრჩეველს და თქვა, რომ აღარ მიიღებს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას:

ირაკლი ალასანია

ირაკლი ალასანია

„მე გადავწყვიტე, შევაჩერო ჩემი საარჩევნო კამპანია, იმიტომ რომ იმ დაპირებების და შეთავაზებების შესრულებას სჭირდება გუნდი, რომელსაც უნდა ემუშავა ერთიანად პარლამენტში. იმ შედეგებმა კი, რასაც მივაღწიეთ, ამ დანაპირების შესრულების შესაძლებლობა არ მოგვცა. რადგან მე ვერ ვხედავ რეალურ შესაძლებლობას, რომ მე და ჩემმა პარტიამ შემდგომ 4 წელში აქტიური გავლენა მოვახდინოთ პოლიტიკურ პროცესებზე, გადავწყვიტე დროებით გავიდე პოლიტიკიდან. მე ვეცდები ყველაფერი გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის, სადაც არ უნდა ვიყო. მე ვრჩები ჩემი ქვეყნის რიგით ჯარისკაცად, მაგრამ იმ არჩევანის, რაც გააკეთა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, მიუხედავად მათი დიდი პატივისცემისა, მე არ მჯერა“.

„თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა მისმა კიდევ ერთმა წევრმა, ალექსი პეტრიაშვილმა, რის შესახებაც მან სოციალურ ქსელში დაწერა. თავად პარტიაში კი, როგორც მისმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამაც განაცხადა, რეორგანიზაციის პროცესი დაიწყება.

კვლავაც დარღვევებზე ლაპარაკობს „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი. ნინო ბურჯანაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიასა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საერთაშორისო დამკვირვებლებს შეხვდა და მის ხელთ არსებული დარღვევების ამსახველი დოკუმენტაციაც გადასცა.

„უბანზე მოსულია ამომრჩევლის გარკვეული რაოდენობა, ხმა კი მოსული ადამიანების რაოდენობაზე მეტს აქვს მიცემული - რა გამოდის? ესე იგი ჩაყრილია ბიულეტენები. თამარ ჟვანია დაგვპირდა, რომ აუცილებლად შეისწავლიან ყველა ამ დარღვევას და შეეცდება, რომ ობიექტურობას ხელი არაფერმა შეუშალოს“, -განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ჯერჯერობით უცნობია დატოვებს თუ არა საკუთარ პარტიას პაატა ბურჭულაძე. როგორც „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ოფისში აცხადებენ, შემდგომი ნაბიჯების თაობაზე პოლიტიკურმა გუნდმა უახლოეს საათებში უნდა ითათბიროს.

კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დგას პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ მოხვედრის საკითხი, რადგან, ცესკოს უკანასკნელი მონაცემებით, „პატრიოტთა ალიანსმა“ გადალახა 5 %-იანი ბარიერი. წინასწარი მონაცემებით, 48, 7 % აქვს „ქართულ ოცნებას“, 27,1 % - „ნაციონალურ მოძრაობას“.

რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, ამ დროისათვის ცნობილია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით არჩევნების მეორე ტური გაიმართება 51 ოლქში. არჩევნების მეორე ტური ინიშნება ყველა იმ ოლქში, სადაც კანდიდატმა „საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული 50 %-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხმის დათვლა გრძელდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG