Accessibility links

logo-print

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საბოლოო ანგარიშში, რომელიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შეფასებას ისახავს მიზნად, ლაპარაკია წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე (2012 წლის არჩევნებთან შედარებით), თუმცა მრავალფეროვანია დარღვევათა და ნაკლოვანებათა ჩამონათვალი, რომელთა აღმოფხვრასაც NDI აუცილებლად მიიჩნევს მომავალი არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობის განსამტკიცებლად. ამ ჭრილში ლაპარაკია, მაგალითად, ძალადობისა და დაშინების ფაქტებზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა თუ ნაკლოვანებებზე საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობაში. ანგარიშში თავმოყრილია ასევე კონკრეტული რეკომენდაციები.

NDI-ის ანგარიშის თანახმად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დამახასიათებელი იყო „ღია პოლიტიკური გარემო“, „კონკურენტული საარჩევნო კამპანია“ თუ „რეგიონში ყველაზე თავისუფალი, მრავალფეროვანი მედიაგარემო“. ტექსტში ვკითხულობთ, რომ: „საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლოთ დაეფუძნებინათ პოლიტიკური პარტიები და გაერთიანებულიყვნენ პოლიტიკურ პარტიებში. პარტიებსა და კანდიდატებს ჰქონდათ საშუალება მონაწილეობა მიეღოთ კენჭისყრაში დაუსაბუთებელი შეზღუდვებისა და დისკრიმინაციის გარეშე. მათ აგრეთვე შეეძლოთ ეწარმოებინათ კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით და თავისუფლად მიეტანათ მესიჯები საზოგადოებამდე, რასაც საქართველოში არსებული საკმაოდ აქტიური და პლურალისტური მედიაგარემო უწყობდა ხელს. მოქალაქეებმა ხმა თავისუფალ გარემოში მისცეს“.

თუმცა NDI-ის ანგარიშში მრავლად ვხვდებით შენიშვნებსაც და ზოგადი სურათი ასეა აღწერილი:

მთელ რიგ შემთხვევებში, ძალადობრივ ფაქტებზე რეაგირება იყო არათანაბარი - მაგალითად, ჯიხაშკარისა და მარნეულის შემთხვევებში. მარნეულში არჩევნების დღეს, როდესაც პროცესის ჩაშლა მოხდა ერთ-ერთ უბანზე, გამოძიებით, დააკავეს ამ ინციდენტის მონაწილე ექვსი პირი ერთგვარი სპეცოპერაციის ჩატარების შედეგად...

„არჩევნების დროს რამდენიმე ძირეული პრობლემაც გამოიკვეთა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო: საარჩევნო პროცესის განმავლობაში მიმდინარე ძალადობისა და დაშინების შემთხვევები; საუბნო საარჩევნო კომისიის ზოგიერთი წევრის კვალიფიკაციის, ნეიტრალურობისა და კომპეტენციის საკითხი და საჩივრების განხილვის მექანიზმების მიუკერძოებლობისა და თანმიმდევრობის მიმართ არსებული კითხვები. დამატებით, არჩევნებმა გამოავლინა საარჩევნო კანონმდებლობასთან, პარტიების საარჩევნო კამპანიის სტრატეგიებთან, საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებთან, კამპანიის დაფინანსებასა და ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენებასთან და ქალებისა და უმცირესობების ჯგუფების წარმომადგენლობის ნაკლებობასთან დაკავშირებული ხარვეზები“.

NDI-ის ანგარიშის ტექსტი დაყოფილია ქვეთავებად და, მაგალითად, ქვეთავი „ძალადობა და დაშინება“ გვამცნობს, რომ, მართალია, „ამ არჩევნებზე ძალადობა არ იყო ფართომასშტაბიანი“, მაგრამ რამდენიმე სერიოზული ფაქტი გამოვლინდა და მათ შორის არის 4 ოქტომბერს თბილისის ცენტრში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის მანქანის აფეთქება. აქვე ლაპარაკია ასევე სადამკვირვებლო ჯგუფების, მათ შორის, საია-ს ინფორმაციაზე, რომ „საჯარო მოხელეებმა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ხმის მიცემის სპეციალური ფორმით დაფიქსირების ინსტრუქცია მიიღეს, სავარაუდოდ იმისთვის, რომ ამომრჩევლების აღწერა მომხდარიყო“. ასევე ანგარიშის მიხედვით, „კონკურენტულ ოლქებში ბევრი საარჩევნო უბნის წინ პარტიის კოორდინატორებისა და სხვა პირების კონცენტრაცია შეინიშნებოდა, რაც ზოგიერთი ამომრჩევლისთვის დამაშინებელ გარემოს ქმნიდა“.

არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომლებსაც NDI წყაროდ ასახელებს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასაც“ ვხვდებით. ტექსტში, მაგალითად, ნათქვამია, რომ „პოლიტიკოსებზე, მედიის წარმომადგენლებსა და სხვა საჯარო ფიგურებზე უკანონოდ მოპოვებულმა ჩანაწერებმა კანდიდატებისთვის მტრული წინასაარჩევნო გარემო შექმნა“.

„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა ნინო ხითარიშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას არაერთი ის დარღვევა ჩამოთვალა, რომელიც ორგანიზაციამ არჩევნების პროცესზე გრძელვადიანი თუ მოკლევადიანი მასშტაბური მეთვალყურეობის პროცესში აღრიცხა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ, მაგალითად, ნაკლოვანებები გამოვლინდა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პროცესში და საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევა ხშირად ხდებოდა პოლიტიკური გამოცდილებისა და ერთგულების ნიშნით, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა მათ პროფესიონალიზმსა და დამოუკიდებლობას. თავს იჩენდა ასევე კვალიფიკაციის პრობლემა. ნინო ხითარიშვილი ყურადღებას ამახვილებს ძალადობის ფაქტებზე და ხაზგასმით აღნიშნავს ორმაგი სტანდარტის არსებობას სამართალდამცველთა ქმედებებში:

„მთელ რიგ შემთხვევებში, ძალადობრივ ფაქტებზე რეაგირება იყო არათანაბარი - მაგალითად, ჯიხაშკარისა და მარნეულის შემთხვევებში. მარნეულში არჩევნების დღეს, როდესაც პროცესის ჩაშლა მოხდა ერთ-ერთ უბანზე, გამოძიებით, დააკავეს ამ ინციდენტის მონაწილე ექვსი პირი ერთგვარი სპეცოპერაციის ჩატარების შედეგად... ხოლო ანალოგიური სიმძიმის დარღვევაზე ზუგდიდში, ჯიხაშკარში, სამი პირი იქნა დაკავებული (რომელთაგანაც ერთი გირაოთი გაათავისუფლეს). გამოვლინდა არათანაბარი მიდგომა სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან ამ ფაქტებზე რეაგირების თვალსაზრისით“.

NDI-ის ანგარიშის თანახმად, დაკავებულთათვის „ზუგდიდის შემთხვევაში წაყენებული ბრალი უფრო მკაცრია, რადგან ძალადობის ფაქტებსაც მოიცავს... ზუგდიდში ინციდენტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ სამი მხარდამჭერი დააკავეს, რომელთაგან ერთი გირაოთი გაუშვეს, ხოლო მარნეულში ეჭვმიტანილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ექვსი მხარდამჭერია, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. აღკვეთის განსხვავებულმა ღონისძიებებმა არათანაბარი მიდგომის შთაბეჭდილება გააჩინა - განსაკუთრებით, ოპოზიციურ პარტიებში. დამკვირვებლებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა აღნიშნეს ასევე, რომ, მიუხედავად მათი თხოვნისა, ზოგიერთ ოლქში პოლიციის რეაგირება ნელი ან არაადეკვატური იყო, განსაკუთრებით იქ, სადაც ოპოზიცია იყო კონკურენტუნარიანი“.

ლელა ტალიური

ლელა ტალიური

იმისათვის, რომ მომდევნო (ადგილობრივი თვითმმართველობის) არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში უკეთეს გარემოში ჩატარდეს, აუცილებელია მთელი რიგი ნაკლოვანებების გამოსწორება, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლელა ტალიური, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი, რომელიც 15 ნოემბერს გადაცემა „დილის საუბრებს“ სტუმრობდა. ლელა ტალიური ხაზგასმით ლაპარაკობს „სამწუხარო ტენდენციაზე“, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიებისა და შემდეგ უკვე სასამართლოების დონეზე გამოვლინდა:

„ძალიან ვიწროდ განმარტავდნენ საარჩევნო კანონმდებლობას და ერთგვარად რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს ემსახურებოდა არა სამართლიანობის დადგენას კონკრეტულ საარჩევნო დავაზე, არამედ საარჩევნო საჩივრების, ზოგადად, თავიდან არიდებას და მათ მინიმალიზაციას“.

ლელა ტალიურის თვალთახედვით, ისევე როგორც ეს საპარლამენტო არჩევნებისთვის გაკეთდა, თვითმმართველობის არჩევნებისთვისაც გადასადგმელია აუცილებელი ნაბიჯი ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით ოლქების გათანაბრებისკენ, თუმცა იმისათვის, რომ უსამართლობა სრულად აღმოიფხვრას და სამომავლოდაც ხელისუფლების ხელში არ დარჩეს მაჟორიტარი დეპუტატების ბედი, არასამთავრობო სექტორის ძირითადი ნაწილი მოითხოვს, რომ მაჟორიტარული წესით არჩევნები მთლიანად გაუქმდეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG