Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადმინისტრაციული რესურსები და საარჩევნო პროცესი


6 დეკემბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა საბოლოო ანგარიში, რომელშიც შეფასებულია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საპარლამენტო არჩევნებისთვის. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2016 წლის 8 ივნისიდან 30 ნოემბრამდე დროს. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშის ავტორები ერთგვარად პოზიტიურად აფასებენ საარჩევნო პერიოდს, ისინი მაინც მიუთითებენ გარკვეულ ხარვეზებზე, რომლებიც, მათი თქმით, სამომავლოდ აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.

გადმოწერა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშში, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს მიეძღვნა და სადაც ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე, აღნიშნულია, რომ საარჩევნო პროცესში ამგვარ ხარვეზს ისეთი მასშტაბებისთვის არ მიუღწევია, რომ მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა საარჩევნო გარემოზე, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც დაფიქსირდა რამდენიმე ყურადსაღები ტენდენცია და, კერძოდ, ფარული ვიდეო-აუდიოჩანაწერების გავრცელება, სამსახურიდან გათავისუფლების მუქარა, უკანონო აგიტაციის ფაქტები, მათ შორის, სოციალური ქსელის მეშვეობით. გარდა ამისა, არჩევნების როგორც პირველი, ისე მეორე ტურის წინ, განსაკუთრებით ხშირი იყო სახელმწიფო უწყებების მიერ გაწეული საქმიანობის რეკლამირება ვიდეორგოლებითა თუ მოკლე ტექსტური შეტყობინებებით. ლევან ნატროშვილი, გამოკვლევის თანაავტორი და ხელმძღვანელი, რამდენიმე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას და, მათ შორის, აქცენტს აკეთებს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ დაფიქსირებულ დარღვევებზე, კერძოდ, იმ ათზე მეტ შემთხვევაზე, როდესაც კონკრეტული ადამიანები პოლიტიკური ნიშნით მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე ჩიოდნენ:

ლევან ნატროშვილი
ლევან ნატროშვილი

„ყველაზე ახალი ტენდენცია იყო, რომ მეორე ტურამდე ერთი კვირის განმავლობაში გახშირდა სავარაუდო ზეწოლის ფაქტები, როდესაც ადამიანები პირდაპირ საუბრობდნენ, რომ მათ ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერის გამო ავიწროებდნენ. სამწუხაროა, რომ ამ ფაქტებზე გამოძიება რეალურად არ წარმართულა, არ დაინტერესებულა გამოძიება“.

ანგარიშის ერთ-ერთ ქვეთავში, სახელწოდებით „შესაძლო ძალადობისა და მუქარის შემთხვევები“ მეორე ტურის წინ, ავტორები წერენ კონკრეტულ ფაქტებზე. ანგარიშში ვკითხულობთ: „ახალციხეში უმწეოთა სასადილოს ორმა ბენეფიციარმა დაგვიდასტურა, რომ სასადილოში უთხრეს, თუ „ქართულ ოცნებას“ მხარს არ დაუჭერდნენ, შეშის ყიდვისთვის განკუთვნილ დაფინანსებას ვერ მიიღებდნენ, შესაბამისად, ვერც საკვებს მოამზადებნენ“.

ანგარიშში ლაპარაკია მიღებული ინფორმაციის გადამოწმებასთან დაკავშირებულ სიძნელეებზეც. ამ შემთხვევაში იგულისხმება ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მათი მხარდამჭერების სავარაუდო ზეწოლის ფაქტებზე. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლები ამბობენ, ზოგ შემთხვევაში ზეწოლის სავარაუდო სამიზნეები თავად უარობდნენ მეტი დეტალები მიეწოდებინათ ამ ფაქტების შესახებ, ზოგჯერ კი ფაქტები არ დასტურდებოდა. აღსანიშნავია ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერების შესახებ ინტერნეტით გავრცელებული ფარული ვიდეო-აუდიოჩანაწერები. გამოკვლევის ავტორთა თქმით, სახელმწიფოს საგამოძიებო ორგანოებმა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაასრულეს გამოძიება წარმატებულად და ვერ მისცეს პასუხისგებაში ამ ჩანაწერების ავტორი და გამავრცელებელი.

საარჩევნო პროცესს 8 ივნისიდან, ანუ საარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან, კენჭისყრის დღისა და მეორე ტურის ჩათვლით, თვალყურს ადევნებდა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“. მათ რამდენიმეთვიან მარათონში არაერთი ანგარიში გამოაქვეყნეს, საბოლოო ანგარიში კი, სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში გამოქვეყნდება. მანამდე კი ორგანიზაციის იურისტი ელენე ნიჟარაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასებას იძლევა. მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ადგილი ჰქონდა არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობას აგიტაციაში, დაფიქსირდა, ასევე, ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტები და სხვა. ელენე ნიჟარაძის თქმით, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ რამდენიმე ასეული საჩივარი დაიწერა კენჭისყრის დღეს, გარდა ამისა, ორგანიზაციამ მიმართა სასამართლოსაც:

ზოგადად, საარჩევნო პროცესს თან ახლდა ხარვეზები და ეს საარჩევნო პროცესისთვის დამახასიათებელია. მთავარი არის ის, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიან გარემოში, კორექტულ გარემოში და იმ ხარვეზებს, რომლებიც იყო, არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია...
ირაკლი კობახიძე: „ზოგადად, საარჩევნო პროცესს თან ახლდა ხარვეზები და ეს საარჩევნო პროცესისთვის დამახასიათებელია. მთავარი არის ის, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიან გარემოში, კორექტულ გარემოში და იმ ხარვეზებს, რომლებიც იყო, არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია

„ცალკე თემაა, თუ რამდენად მისაღები იყო მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რამდენად სწორად იყენებდნენ კანონმდებლობას და რამდენად კონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნას უწყობდა ხელს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. სამწუხაროდ, იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენ არ ვიზიარებდით იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც იღებდა სასამართლო თუ სხვა რომელიმე უწყება“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე:

„ზოგადად, საარჩევნო პროცესს თან ახლდა ხარვეზები და ეს საარჩევნო პროცესისთვის დამახასიათებელია. მთავარი არის ის, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიან გარემოში, კორექტულ გარემოში და იმ ხარვეზებს, რომლებიც იყო, არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საარჩევნო პროცესის მონიტორინგის კვალდაკვალ აქვეყნებს მთელ რიგ რეკომენდაციებს, მათ შორის: მეტი ძალისხმევაა საჭირო, რათა სათანადოდ იქნეს გამოძიებული წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ნიშნით ადამიანებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტები; სახელმწიფო ბიუჯეტიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ არსებული რეგულაციები საჭიროებს გადახედვას და დახვეწას; სახელმწიფო უწყებებმა წინასაარჩევნო პერიოდში თავი უნდა შეიკავონ მათ მიერ დაგეგმილი თუ განხორციელებული პროექტების აქტიური რეკლამირებისგან; როგორც ადგილობრივმა, ისე ცენტრალურმა ხელისუფლებამ წინასაარჩევნო პერიოდში არ უნდა გაზარდოს სოციალური დახმარებების ან მსგავსი ეფექტის მქონე პროგრამების დაფინანსება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG