Accessibility links

logo-print

წინასაარჩევნო მარათონი დაახლოებით ერთ თვეში, 8 ივნისიდან დაიწყება. კონსენსუსი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შორის იქნა მიღწეული, დაინტერესებული წრეების მიერ ძირითადად პოზიტიურად იქნა შეფასებული. რას მოიტანს ოთხთვიანი საარჩევნო კამპანია და რა რეკომენდაციები არსებობს პროცესის სამართლიანად და ეფექტურად წარმართვისათვის?

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება - საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაახლოებით ერთი თვის წინ გამოცხადებული თარიღი, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღის დაზუსტების ფონზე, უცვლელი დარჩა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არჩევნების თარიღის შესახებ პრემიერ-მინისტრისთვის გადაგზავნილი გადაწყვეტილების კონტრასიგნაცია 8 ივნისს მოხდება. ეს ნიშნავს, რომ აქამდე არსებული სამართლებრივი გაუგებრობა, რომელიც სწორედ პრემიერ-მინისტრის მიერ კონტრასიგნაციაზე უარს უკავშირდებოდა, მოიხსნა. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ საქართველოში თავისუფალი არჩევნების ისტორიაში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჯერჯერობით ყველაზე ხანგრძლივი წინასაარჩევნო პერიოდით იქნება გამორჩეული. საქართველოს პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ხანგრძლივი წინასაარჩევნო კამპანია ამომრჩეველს გადაწყვეტილების მიღებას გაუადვილებს:

გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი

“ჩვენ თუ შევხედავთ გამოკითხვებს, ჩვენ ვნახავთ, რომ ამომრჩეველთა აქტივობა არის ფრიად დაბალი. ვერ გადაწყვიტა ამომრჩეველმა რომელ პოლიტიკურ ძალას მისცეს ხმა. ეს ჩემთვის პრობლემაა, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია რაც შეიძლება უფრო ლეგიტიმური და რაც შეიძლება უფრო აქტიური არჩევნები“.

გიორგი მარგველაშვილის აზრით, პროგნოზირებადი საარჩევნო გარემო უკეთესი არჩევნების ჩასატარებლად მნიშვნელოვანია. იგი ამბობს, რომ რაც უფრო ადრე დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია და რაც უფრო ადრე გადავლენ პოლიტიკური ძალები რეალურ დიალოგში ამომრჩეველთან, მით უფრო გაიზრდება საარჩევნო აქტივობა. ამ მიზნების განხორციელებისათვის ოპტიმალურ დროდ გიორგი მარგველაშვილი აქამდე 5 თვეს მიიჩნევდა, გიორგი კვირიკაშვილი კი - 3 თვეს. წინასაარჩევნო კამპანიის 4 თვით წარმოების გადაწყვეტილება პოლიტიკურ წრეებში ძირითადად ყველაზე ადეკვატურ კომპრომისად გამოჩნდა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი ამბობს, გრძელი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება იოლი არ იქნება, თუმცა, მეორე მხრივ, კომპრომისზე შეთანხმება მნიშვნელოვანია პოლიტიკური კულტურის განმტკიცებისათვის:

“შეიძლება 4 თვე მე ცოტა მეტი მომეჩვენოს, რამდენადაც რთულია ქვეყნისთვის 4 თვის მანძილზე წინასაარჩევნო პერიოდში ყოფნა, რაც, რა თქმა უნდა, თავისი პოლიტიკური მოცემულობით გარკვეულ დაძაბულობას ქმნის, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ მშვიდობიანად, დემოკრატიულად წარიმართება ეს პროცესი და 8 ოქტომბერს უკვე ჩვენი ხალხი გააკეთებს არჩევანს“.

წინასაარჩევნო კამპანია თითქმის ერთ თვეში ოფიციალურად დაიწყება და მისი სპეციფიკისა და ძირითადი რეგულაციების ამომრჩევლისთვის გაცნობას, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად მიიჩნევს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ თავმჯდომარე მიხეილ ბენიძე. იგი ამბობს, რომ ორგანიზაცია აპირებს წინასაარჩევნოდ დაწესებული შეზღუდვების შესახებ ამომრჩეველი საქმის კურსში ჩააყენოს, მანამდე კი აღნიშნავს, რომ იმის მიუხედავად, რამდენ ხანს გასტანს წინასაარჩევნო კამპანია, შეზღუდვების ძირითადი ნაწილი კამპანიის ბოლო 60 დღეზე ვრცელდება. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური ფაქტორი კი, რომელსაც მიხეილ ბენიძე გამოყოფს, არის ის, რომ მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ოფიციალურად ორმაგდება თანამდებობრივი სახელფასო სარგო ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში:

“ჩვენი ერთ-ერთი ინიციატივა არის ისიც, რომ შეიძლება უფრო უმჯობესი იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის გაორმაგებული ხელფასებიც ძალაში შევიდეს ბოლო 60 დღის განმავლობაში, ანუ აქ რაღაცა თანხვედრა რომ იყოს, იმიტომ რომ ნამდვილად ბოლო პერიოდში და არჩევნების მოახლოებასთან ერთად დატვირთვა გაცილებით მაღალი აქვს საარჩევნო კომისიას და მიზანშეწონილია, რომ მათ უფრო მეტი ჰქონდეთ ანაზღაურება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ 5-6 თვით ან, თუნდაც, 4 თვით ადრე დაიწყება წინასაარჩევნო პერიოდი, ეს შეიძლება გაუმართლებლად მაღალი იყოს“.

ძალიან კარგია, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა უკვე გარკვეული განცხადებების გაკეთებაც, პოზიციების დაფიქსირება. მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფოებრივი მიდგომა...

„სამართლიანმა არჩევნებმა“ 10 მაისს გამოაქვეყნა 2011-2015 წლებში ცესკოს წევრთა და თანამშრომელთა ანაზღაურების მონიტორინგის ანგარიში, რომელმაც აჩვენა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების ფინანსური სარგებელი პრემიებისა და დანამატების სახით ისედაც მაღალია.

სწორედ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხარჯების გაზრდას ასახელებს არგუმენტად „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თავმჯდომარე ეკა გიგაურიც მაშინ, როდესაც ამბობს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის საწარმოებლად სამი თვეც საკმარისი იქნებოდა. რაც შეეხება პოლიტიკურ სპექტრს, მათთვის ოთხთვიანი წინასაარჩევნო კამპანია ძირითადად მისაღებია. თავისუფალ დემოკრატებს, მაგალითად, დეპუტატ ზურა აბაშიძის სიტყვით, მოსწონთ როგორც ქვეყნის პირველ პირებს შორის მიღწეული კონსენსუსი, ისე ხანგრძლივი წინასაარჩევნო კამპანია:

“ძალიან კარგია, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა უკვე გარკვეული განცხადებების გაკეთებაც, პოზიციების დაფიქსირება. მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფოებრივი მიდგომა. ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ, ძალიან კარგია ასევე ის, რომ საკმაოდ კარგ ვადებში დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია იმისათვის, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია თანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ“.

ზურაბ აბაშიძისგან განსხვავებით, უკმაყოფილებას გამოხატავს არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებას არაკოლეგიალობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე სასურველი იქნებოდა კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთანაც გამართულიყო. არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ უმჯობესი იქნებოდა არჩევნების თარიღად ოქტომბრის ბოლო განსაზღვრულიყო და არა დასაწყისი, კერძოდ, 8 ოქტომბერი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG