Accessibility links

logo-print

არჩევნების მეორე ტური: რვა მერისა და ცამეტი გამგებლისათვის


საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბანზე მივიდა და თავისი პოზიცია გამოხატა მოსახლეობის 36%-მა, თბილისში კი ამომრჩეველთა აქტიურობამ 34%-ს ოდნავ გადააჭარბა. ქვეყნის მოსახლეობა 12 ივლისს რვა მერსა და 13 გამგებელს ირჩევდა. გამარჯვებული კანდიდატების ვინაობა მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისია ყველა ხმას დაითვლის. 13 ივლისს დილიდან აპირებენ პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნებას სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც.

„არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მეორე ტურის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 36%-მა, ხოლო თბილისში - 34, 3%-მა“, - ეს განცხადება გააკეთა 12 ივლისს, არჩევნების დასრულების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.

12 ივლისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში სულ 1 715 514 ამომრჩეველს უნდა გამოეხატა საკუთარი ნება 28 საარჩევნო ოლქში. მერს ირჩევდნენ თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, თელავში, ოზურგეთში, ბათუმსა და ფოთში. გამგებლების არჩევნები კი გაიმართა ახმეტაში, ყვარელში, გორში, თიანეთში, მარტვილში, ქობულეთში, ბაღდათში, ხონში, ტყიბულში, ლანჩხუთში, თერჯოლაში, თელავსა და ხულოში.

არჩევნების დასრულებისთანავე სპეციალური ბრიფინგი გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

საპირისპირო შინაარსის იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა შეფასებები. ეს არჩევნები მათ სახიფათო მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად მიაჩნიათ. ამასთან, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ახლა მათი მთავარი მიზანი თითოეული ხმის დაცვაა.

თბილისში საარჩევნო პროცესი, ტრადიციულად, დილის შვიდ საათზე დაიწყო და რვა საათისთვის უბანზე პირველი ამომრჩევლებიც გამოჩნდნენ. ცესკოს მონაცემებით, ყველაზე აქტიური მთაწმინდის რაიონის ამომრჩეველიიყო.

საკუთარი არჩევანი დილიდანვე გააკეთეს პოლიტიკოსებმა. 12 ივლისს საარჩევნო უბანზე მისულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამომრჩეველს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ამ არჩევანის გაკეთებით ისინი არა პოლიტიკოსებს, არამედ ქვეყანას ემსახურებიან: „ჩვენ პოლიტიკოსებისთვის კი არ ვაკეთებთ ამ არჩევანს, არამედ ვქირაობთ პოლიტიკოსებს, რომ ჩვენ გვემსახურონ“.

საარჩევნო უბანზე მისულმა ქვეყნის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი განაცხადა, რომ 12 ივლისის არჩევნებზე მან ხმა ქვეყნის განვითარებას და სტაბილურობას მისცა: „და რაც მთავარია, მე მივეცი ხმა იმას, რომ ერთხელ და საბოლოოდ საქართველოში დასრულდეს კოჰაბიტაცია, საბოტაჟი და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება“.

არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაში დარწმუნებულია ნიკა მელიას კონკურენტი, დავით ნარმანია, რომლის განცხადებით, მან ხმა ქვეყნის განვითარებას მისცა: „დარწმუნებული ვარ, ხალხი ისეთ ღირსეულ არჩევანს გააკეთებს, რომელიც იზრუნებს დედაქალაქის განვითარებაზე, უკეთესი საცხოვრებელი გარემოსა და პირობების შექმნაზე“.

„ხმა მივეცი ქვეყნის ნათელ მომავალს, ჰალსტუხიანი კრიმინალებისა და ბიუჯეტის მძარცველების წინააღმდეგ“, განაცხადა 12 ივლისს ქვეყნის ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებდნენ, რომ ხმა მისცეს დაპატიმრების პოლიტიკისა და „ივანიშვილის პოლიტიკური მონების“ წინააღმდეგ. ეს სიტყვები ეკუთვნის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას. მან თქვა აგრეთვე, ხმა მივეცი ადამიანს, რომელსაც კარგად ესმის თბილისის პრობლემები და აქვს ამ პრობლემების დაძლევის გეგმაცო.

საარჩევნო უბანზე მისულმა თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ კი, მისი თანაგუნდელების მსგავსად, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავების ფაქტი გაიხსენა და თქვა, არავის სჯერა არჩევნების სამართლიანობის ზეიმად გამოცხადებისო:

„რა შეიცვლებოდა გიგი უგულავა რომ არჩევნების შემდეგ დაეკავებინათ? არაფერი, ხომ? ძალიან ვწუხვარ, რომ ამის ერთადერთი მიზეზი მეორე ტური იყო“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბში დღის განმავლობაში რამდენიმე ბრიფინგი მიეძღვნა საარჩევნო დარღვევებს. ერთ-ერთი მათგანი იყო საარჩევნო უბანზე მოქალაქეების „ქართული ოცნების“ მაისურებით მისვლის ფაქტი. ზურაბ ჭიაბერაშვილმა ხელისუფლებას არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებისაკენ მოუწოდა:

„ნაძალადევის მეცხრე საარჩევნო ოლქის რამდენიმე უბანზე „ქართული ოცნების“ აქტივისტები მივიდნენ შესაბამისი ლოგოიანი მაისურებით და ეწეოდნენ აგიტაციას. როდესაც ეს კანონსაწინააღდეგო ქმედება ვიდეოზე აღვბეჭდეთ, ამას მათი მხრიდან ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. გამოიძახეს პატრულიც, თუმცა პოლიციას არავინ დაუკავებია“.

12 ივლისს მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა საარჩევნო მედიაცენტრიც, სადაც სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ტრადიცულად, არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ბრიფინგებს მართავდნენ. მათი განცხადებით, დღის განმავლობაში სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა, თუმცა გარკვეული ხარვეზები სხვადასხვა საარჩევნო უბანზე მაინც შეინიშნებოდა.

"სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელის, ლადო ბოჟაძის განცხადებით, არჩევნების მე-2 ტური მთელი ქვეყნის მასშტაბით მშვიდ გარემოში წარიმართა. ის დარღვევები, რაც დაფიქსირდა (წილისყრის პროცედურების დარღვევა, საკონტროლო ფურცლის შევსების წესის დარღვევა), ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოხატვაზე ან არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებს.

არჩევნების მეორე ტურს არ უძღოდა ეგზიტ პოლები. ამიტომაც ინფორმაციას წინასწარი შედეგების, მოგვიანებით კი უკვე საბოლოო შედეგების შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან ველოდებით.

XS
SM
MD
LG