Accessibility links

logo-print

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია სწავლობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ოფისის მიერ მომზადებულ განცხადებას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საარჩევნო კოდექსის დარღვევის საკითხზე. საია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს 31 ივლისს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, უფლება არ ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესში ჩართულიყო. ექსპრეზიდენტმა ბათუმელებს ვიდეოთი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მხარდაჭერის მოწოდებით მიმართა. შესაბამისად, ალბათ, სწორედ ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიას მოუწევს საკითხზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების დაწყება.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენისათვის საარჩევნო კომისიას ერთი თვის ვადა აქვს, თუმცა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში იმედოვნებენ, რომ საოლქო კომისია შესაბამის ოქმს შემჭიდროებულ ვადებში, არაუმეტეს 5 დღეში, გააფორმებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე გიორგი ხიმშიაშვილი, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო აგიტაციის საკანონმდებლო ნორმების დარღვევა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ეჭვგარეშეა:

“მიმართვა შეიცავდა აგიტაციის ელემენტებს, ვინაიდან იყო მოწოდება და მხარდაჭერისკენ გაჟღერებული თხოვნა. გარდა ამისა, ამ ტიპის მოწოდება თავისი ფორმით არღვევდა აგიტაციის წესს, რომელიც დადგენილია საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლით, სადაც განმარტებულია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობა წინასაარჩევნო აგიტაციაში არის აკრძალული. ეს არის იმპერატიული მოთხოვნა. არ ითვალისწინებს არავითარ გამონაკლისს და აგიტაციაში მონაწილეობის ფორმას უკვე მნიშვნელობა აღარ ენიჭება. ჩვენ წინასაარჩევნო მონიტორინგის რეჟიმში ვიმყოფებით, ორგანიზაცია ახორციელებს წინასაარჩევნო მონიტორინგს და ნებისმიერ დარღვევაზე ახდენს შესაბამის რეაგირებას“.

მიხეილ სააკაშვილი ტყუის, როდესაც ის ამბობს, რომ მან საკუთარი ნებით არ დატოვა საქართველოს მოქალაქეობა. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ როდესაც იღებდა უკრაინის მოქალაქეობას, ბუნებრივია, როგორც ეს დადგენილია ჩვენი კანონმდებლობით, ის დაკარგავდა საქართველოს მოქალაქეობას...

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსი ფრიდონ ბათნიძე კი ამბობს, რომ წინასაარჩევნო დარღვევების შესახებ აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ შეტანილი განცხადება ჯერჯერობით პირველია. რაც შეეხება სანქციას, რომელსაც კანონმდებლობა ითვალისწინებს, წინასაარჩევნო აგიტაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობის შემთხვევაში:

“როგორც ვიცით, საარჩევნო კოდექსი კრძალავს უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში და ამ წესის დარღვევისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. თუმცა ეს უკვე გამოსაკვლევი და გადასაწყვეტია, რამდენად შესაძლებელია ამის განხორციელება“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში შეტანილ განცხადებას ფეისბუკის საშუალებით გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის მოქმედი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი:

„ცოტათი მიკვირს, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელსც მე ნამდვილად პატივს ვცემ, აქვს იმდენი დრო და რესურსი, რომ საქართველოში არსებული სრულიად უკანონო ვითარების ფონზე, როდესაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ილახება ადამიანის უფლებები, აშინებენ მოსამართლეებს და ხდება მოქალაქეების დატერორება, აანალიზოს ჩემი გამოსვლები და მიმართვები. გთხოვთ, გაიხსენოთ, რის საფუძველზე ჩამომერთვა მოქალაქეობა და ჩაუღრმავდეთ ამ გადაწყვეტილების ნამდვილ მიზეზებს“.

მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის „ნამდვილი მიზეზების“ კომენტირებისას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ამბობს, რომ ექსპრეზიდენტს თავადვე კარგად მოეხსენებოდა, რა შედეგს გამოიწვევდა მის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღება:

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

“მიხეილ სააკაშვილი ტყუის, როდესაც ის ამბობს, რომ მან საკუთარი ნებით არ დატოვა საქართველოს მოქალაქეობა. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ როდესაც იღებდა უკრაინის მოქალაქეობას, ბუნებრივია, როგორც ეს დადგენილია ჩვენი კანონმდებლობით, ის დაკარგავდა საქართველოს მოქალაქეობას“.

ანა დოლიძე აქვე მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს, როგორც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირმა, თავი შეიკავოს ქართულ პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისაგან. თავის მხრივ, ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ზემოხსენებულ განცხადებაში წერს, რომ ვერანაირი ჯარიმა ვერ შეაშინებს. იურისტების თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა სანქციის გამკაცრებას არ ითვალისწინებს იმ შემთხვევისთვის, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე წინასაარჩევნო აგიტაციაში განმეორებით მიიღებს მონაწილეობას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG