Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნდა მივიდნენ თუ არა დეპუტატები პროკურატურაში


არჩილ კბილაშვილი
არჩილ კბილაშვილი
დეპუტატ დავით საყვარელიძის შემდეგ, როლანდ ახალაია მოწმის სტატუსით დაბარებული უკვე მეორე დეპუტატია საპარლამენტო უმცირესობიდან, რომელმაც პროკურატურაში მისვლაზე თქვა უარი. საოლქო პროკურორად მისი მუშაობის ეპიზოდისთვის დაბარებული დეპუტატი მზად არის მხოლოდ იმისათვის, რომ მისი მისამართით არსებულ შეკითხვებს საჯაროდ გასცეს პასუხი. რა მექანიზმებს ფლობენ სამართალდამცველი სტრუქტურები ასეთ დროს პარლამენტის წევრებთან მიმართებით და როგორ აპირებს მთავარი პროკურატურა ეჭვებთან გამკლავებას?

არც მინისტრი, არც მოსამართლე, არც პარლამენტის წევრი და არც, ვთქვათ, ქვეყნის პირველი პირი - საქართველოში არ არსებობს არც ერთი თანამდებობის პირი, რომელსაც კანონი აძლევს საშუალებას თავი აარიდოს მოწმის მოვალეობის შესრულებას, - განუმარტა 25 დეკემბერს ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა, როცა საკითხს დეპუტატ როლანდ ახალაიას მაგალითზე განიხილავდა:

”როდესაც პირი არღვევს თავის მოვალეობას - ამ შემთხვევაში, პარლამენტის წევრი - და არ ცხადდება მოწმის სახით, ეს აძლევს უფლებას იუსტიციის მინისტრს, რომ დაიწყოს დევნა ასეთი პარლამენტის წევრის მიმართ... პასუხისგებაში მიცემა ხდება პარლამენტის თანხმობით, ანუ დევნაზეა საჭირო პარლამენტის თანხმობა”.

სამართლებრივი დევნის დაწყებას პარლამენტის თანხმობა რომ სჭირდება, ეს დათქმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლშია ასახული: ”საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს პარლამენტის თანხმობა.” თუმცა, თუკი სამართლებრივი დევნა დაიწყება, ეს პირდაპირ, ცხადია, არ ნიშნავს პირის დაკავებას - კბილაშვილის განმარტებით, შესაძლებელია, რომ დეპუტატის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემა მოხდეს მისი ”თავისუფლების და პარლამენტის წევრად ყოფნის პირობებშიც კი”.
სასურველია, პარლამენტის თანხმობა მიიღოს საგამოძიებო ორგანომ, სანამ დაიბარებს დეპუტატებს დაკითხვაზე. თორემ ამ შემთხვევაში შეიძლება ყოველდღე ატარონ დეპუტატები ...
ოთარ კახიძე

თუმცა, ვიდრე საქმე აქამდე მივა, სამართალდამცველ სტრუქტურებს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების ღირსების დაცვის აუცილებლობას შეახსენებენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები. მაგალითად, როგორც იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ოთარ კახიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, სავალდებულო არ არის, მაგრამ უმჯობესია, რომ ნებართვა პარლამენტისგან მანამდე იქნეს მოპოვებული:

”სასურველია, პარლამენტის თანხმობა მიიღოს საგამოძიებო ორგანომ, სანამ დაიბარებს დეპუტატებს დაკითხვაზე. თორემ ამ შემთხვევაში შეიძლება ყოველდღე ატარონ დეპუტატები დაკითხვაზე სხვადასხვა ორგანოებმა და ეს ნამდვილად აკნინებს საკანონმდებლო ხელისუფლების როლს”.

ოთარ კახიძე, ისევე როგორც ყოფილი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებების პროცესებთან მიმართებით პოლიტიკური დევნის ნიშნებზე ლაპარაკობს. ის თვლის, რომ ამაზე მეტყველებს არაერთი ფაქტი - იქნება ეს პროცესების დაჩქარება თუ შერჩევითი მართლმსაჯულება. თუმცა ასეთ მიდგომას კატეგორიულად არ იზიარებს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, რომლის განმარტებითაც, საქმეების გამომზეურების პროცესთან მიმართებით ერთგვარი ”ლოტოტრონის პრინციპი” მუშაობს და ეს პრინციპი მარტივია: პარალელურად მიმდინარე ათეულობით გამოძიებიდან, ”საჯაროდ გამოდის ის თემა, რომელიც მომწიფდება საგამოძიებო თვალსაზრისით და რომელშიც გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები”.
როგორც მედიასაშუალებები, ასევე ოფიციალური პირები - მათ შორის, მინისტრები - როდესაც ღიად ამბობენ, რომ ეს ადამიანები არიან კრიმინალები, დამნაშავეები, მონსტრები და ასე შემდეგ, ეს ძალიან უარყოფით ფონს ქმნის ...
ოთარ კახიძე

იმისათვის, რომ პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებული ეჭვები გაქრეს როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით, არჩილ კბილაშვილი ძალაში ტოვებს საქმეების ნაფიცი მსაჯულებისთვის გადაცემის ინიციატივას:

”ხალხმა, რასაც ჰქვია, 12-კაციანმა ჟიურიმ, რომელიც შეირჩევა ისეთი წესით, რაც მათ მიუკერძოებლობაში ეჭვს არ ჰბადებს, განიხილოს და გადაწყვიტოს... ანუ ჩვენ, სამართალდამცავი ორგანო, გამოვდივართ მაქსიმალური გახსნილობით, მაქსიმალური ტრანსპარანტულობით და ვამბობთ, რომ სასამართლო იყოს ღია, მოისმინონ ნაფიცმა მსაჯულებმა. გვინდა ასევე კანონი შევცვალოთ, რომ აუდიო და ვიდეოგადაღება იყოს დაშვებული და ნახოს მთელმა ქვეყანამ”.

თავისთავად ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არსს მიესალმება ოთარ კახიძე და მისთვის იურისდიქციის გაფართოებასაც სავსებით მისაღებად თვლის, თუმცა იუსტიციის მინისტრის ყოფილ მოადგილეს მიაჩნია, რომ ეს მექანიზმი სათანადოდ ვერ იმუშავებს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ფონზე:

”როდესაც ხდება დემონიზება ადამიანების მანამ, სანამ ოფიციალურად გაიმართება მსჯელობა მართლმსაჯულების ორგანოებში... როგორც მედიასაშუალებები, ასევე ოფიციალური პირები - მათ შორის, მინისტრები - როდესაც ღიად ამბობენ, რომ ეს ადამიანები არიან კრიმინალები, დამნაშავეები, მონსტრები და ასე შემდეგ, ეს ძალიან უარყოფით ფონს ქმნის და ამ შემთხვევაში არსებობს იმის რისკი, რომ ნაფიცი მსაჯულები მთლად არ იყვნენ მიუკერძოებლები”.

ოთარ კახიძე ამჟამინდელ ხელისუფლებას მეტ სიფრთხილესა და საზოგადოებისთვის მტკიცებულებათა მოპოვების მაღალი სტანდარტის შეთავაზებას ურჩევს. მისი თქმით, მტკიცებულებათა დაბალი სტანდარტისა და პროკურატურის საპატიმრო შუამდგომლობის დასაბუთების პრობლემა წინა ხელისუფლების დროსაც არსებობდა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG