Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურას ღირსების შელახვაში ადანაშაულებენ


არჩილ კბილაშვილი
არჩილ კბილაშვილი
მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას, იმ ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელიც 14 იანვარს გახდა ცნობილი, ბრალი წარედგინება. შეგახსენებთ, რომ ტელევიზიებმა გაავრცელეს პროკურატურის მიერ მიწოდებული ვიდეომასალა, რომელიც სექსუალურ სცენებს შეიცავდა. პროკურატურის განცხადებით, მეგის ქარდავას დავალებით და ორგანიზებით, მაღალი თანამდებობის პირები აგროვებდნენ ინფორმაციას სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ მამაკაცებზე, ფარულად და უკანონოდ იღებდნენ მათი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას, რის შემდეგაც, კომპრომეტირების მუქარით, აშანტაჟებდნენ მათ და სპეციალურ სამსახურებთან ფარულ თანამშრომლობას აიძულებდნენ. გავრცელებული ვიდეომასალა კრიტიკის ობიექტი გახდა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ადამიანთა პირადი ცხოვრებისა და ღირსების შემლახავი შინაარსის გამო.

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის სიტყვებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს პროკურატურის მიერ ბრალი წაყენებული არა აქვს იმ ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელზეც 14 იანვარს პროკურატურა ლაპარაკობდა და რომლის საილუსტრაციოდ მედიის საშუალებით სექსუალური სცენების შემცველი კადრებიც გაავრცელა. ამასთან, მალხაზ ველიჯანაშვილის სიტყვებით, მეგის ქარდავა წარმოდგენილ ფაქტებთან კავშირს უარყოფს. შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ამავე ეპიზოდთან დაკავშირებით სასამართლოს სამი ყოფილი ჩინოვნიკის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა საქალაქო სასამართლომ მათ 20 ათასლარიანი გირაო შეუფარდა, თავად მეგის ქარდავა კი საქართველოში არ იმყოფება:

”გუშინ წარუდგინეს ბრალი მეგის ქარდავას. იქ წამება ფიგურირებს და სხვა მუხლიც, მაგრამ ეს არ ეხება იმ ფაქტს, რაც გუშინ დაასახელეს და განაცხადეს, რომ მეგის ქარდავას დავალებით თანამშრომლები იწერდნენ და იღებდნენ და მერე შანტაჟის მიზნით ფულის გამოძალვა ხდებოდა. მაგრამ მეგის ქარდავას მაგაზე ბრალი საერთოდ არ წაჰყენებია. თუ მტკიცებულებები ჰქონდათ, წესით, უკვე უნდა ჰქონდეს მეგის ქარდავას შეფარდებული, თუ იმათ შეუფარდეს, და მე გეუბნებით, რომ არც შეფარდებული აქვს რამე და არც ბრალი წარდგენილი”.
მაღალი თანამდებობის პირები აგროვებდნენ ინფორმაციას სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ მამაკაცებზე, ფარულად და უკანონოდ იღებდნენ მათი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას ...
არჩილ კბილაშვილი

მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა 15 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მეგის ქარდავას ბრალი იმ ეპიზოდთან დაკავშირებითაც წარედგინება, რომლის შესახებაც ინფორმაცია მედიას 14 იანვარს პროკურატურის პრესსპიკერმა ხათუნა პაიჭაძემ გააცნო:

”გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას დავალებით და ორგანიზებით, ამავე დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები აგროვებდნენ ინფორმაციას სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ მამაკაცებზე, ფარულად და უკანონოდ იღებდნენ მათი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას, რის შემდეგაც, კომპრომეტაციის მუქარით, აშანტაჟებდნენ მათ და სპეციალურ სამსახურებთან ფარულ თანამშრომლობას აიძულებდნენ.

უკანონოდ გადმობირებული კონფიდენტები, თავის მხრივ, ურთიერთობას ამყარებდნენ სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ საზოგადოებისათვის ცნობად მამაკაცებთან ისე, რომ ამ უკანასკნელებმა არ იცოდნენ კონსპირაციის შესახებ. კონფიდენტებს მიჰყავდათ ისინი სახელმწიფოს ოპერატიული სახსრებით დაქირავებულ ბინებში, რომლებიც წინასწარ იყო აღჭურვილი უკანონო ფარული სათვალთვალო აუდიო-ვიდეოაპარატურით”.

პროკურატურის ინფორმაციით, სექსუალური შინაარსის ვიდეომასალა უწყებას ერთ-ერთმა მსხვერპლმა გადასცა. არჩილ კბილაშვილის სიტყვებით, ასეთი შინაარსის დაახლოებით 80-მდე ვიდეოკადრი არსებობს, თუმცა პროკურატურა მათ გამოქვეყნებას აღარ გეგმავს, მათი იდენტური შინაარსის გამო.

14 იანვარს ტელევიზიებით გასული კადრების შემდეგ პროკურატურა მწვავედ გააკრიტიკა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ. არასამთავრობო ორგანიზაცია ”იდენტობის” წარმომადგენელი ირაკლი ვაჭარაძე ამბობს, რომ პროკურატურამ საქმის გამოძიების ნაცვლად საზოგადოებას პოლიტიკურად მოტივირებული ინფორმაცია მიაწოდა, რაც მას გაუმართლებლად და დაუშვებლად მიაჩნია, მით უფრო, რომ ირაკლი ვაჭარაძის სიტყვებით, კადრში ნაჩვენები ადამიანების ინდენტიფიცირებაა შესაძლებელი, რაც მათ ცხოვრებას და ღირსებას ლახავს:
ძალიან მაღალი და მწვავე საზოგადოებრივი ინტერესი უნდა არსებობდეს იმისათვის, რომ კონკრეტული ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფა მიზანშეწონილი და მისაღები, დასაშვები იყოს ...
თამარ კორძაია

”პრიორიტეტი ადამიანი კი არ არის, არამედ არის პოლიტიკა, ფი-არ-ი და ა.შ. , იმიტომ რომ მსხვერპლზე და მის ემოციურ ჯანმრთელობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე არ იზრუნა პროკურატურამ, არ დაფიქრდა, რა სახის შურისძიების მსხვერპლი შეიძლება გახდეს ამ ვიდეოების გამოქვეყნების შემდეგ ის ადამიანი, ვინც უკვე იყო, ასე ვთქვათ, ”დავერბოვკებული” და კლიენტები აჰყავდა”.

ადამიანის ღირსების შემლახავი კადრების გავრცელების გამო პროკურატურასთან ერთად მედიის პასუხისმგებლობასაც ხედავს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი თამარ კორძაია. მისი სიტყვებით, დაირღვა ჟურნალისტური ეთიკის პრონციპები, რადგან შეიქმნა კადრებში ნაჩვენები პირების იდენტიფიცირების საშიშროება. ამასთან, თამარ კორძაიას სიტყვებით, როდესაც არ არსებობს კადრებში ასახული ადამიანების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, მათი ჩვენებით ირღვევა ეთიკის პრინციპები და ხელყოფილია ადამიანის პირადი ცხოვრება:

”ძალიან მაღალი და მწვავე საზოგადოებრივი ინტერესი უნდა არსებობდეს იმისათვის, რომ კონკრეტული ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფა მიზანშეწონილი და მისაღები, დასაშვები იყოს როგორც კანონით, ასევე, განსაკუთრებით, ეთიკური სტანდარტით”.

თამარ კორძაია ჟურნალისტებს მოუწოდებს არ გამოაქვეყნონ ასეთი კადრები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გარეშე. თავად მთავარი პროკურორი კი განმარტავს, რომ ნაჩვენები კადრებიდან ადამიანთა იდენტიფიცირება შეუძლებელია და, შესაბამისად, არ დარღვეულა პიროვნებათა ღირსებისა და ცხოვრების უფლება. ამასთან, არჩილ კბილაშვილი იმაზეც საუბრობს, თუ რატომ გაავრცელა მედიის საშუალებით აღნიშნული კადრები. მისი სიტყვებით, ამით გამოვლინდა დანაშაული, რომელსაც ყოფილი მაღალჩინოსნები სჩადიოდნენ და რომ ეს დანაშაული იყო სისტემური ხასიათის:

”ამით იმის თქმა გვინდოდა, რომ მართვის მეთოდი, სახელმწიფო მართვის მეთოდი იყო სისტემურად აცდენილი როგორც კანონს, ასევე იმ ღირებულებებს, რაზეც საერთოდ საზოგადოება უნდა იდგეს”.

არჩილ კბილაშვილის სიტყვებით, მიზანი, რომელიც ამ შეთხვევაში პროკურატურას ამოძრავებდა, იყო სისტემური დანაშაულის მხილება და ფორმა, რომლითაც ეს განხორციელდა, არ იყო შეუსაბამო ზნეობრიობასთან.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG