Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ სულაკაურის თბილისი და თბილისელები


„ამასწინათ ჩემს ხელნაწერებს ვათვალიერებდი და ასეთ რამეს წავაწყდი: „სერგო კლდიაშვილმა მითხრა: არჩილო, ახლა მე მხოლოდ სიზმრებით ვცხოვრობ, მესიზმრება ის ადამიანები, რომლებიც სოფელში ყრმობისას ვნახე და მერმე არასოდეს, მთელი ცხოვრების მანძილზე აღარ მინახავს და არც გამხსენებია“, - ასე იწყებს თავის „თბილისურ ჩანახატებს“ არჩილ სულაკაური და მას ამ წიგნით, მართლაც, თითქოს თავის სიზმრებში შევყავართ. იმ სიზმრებში, რომელიც 40-იან, 50-იან, 60-იან წლებში მისი ახალგაზრდობა იყო, მძაფრი რეალობა, ოღონდ სერგო კლდიაშვილისაგან განსხვავებით არა სოფელში, არამედ ქალაქ თბილისში გატარებული.

წიგნში შესული 14 ამბავი ამ სახით მისმა ვაჟმა, ლაშა სულაკაურმა გააერთიანა და შარშან გამოსცა, ავტორის გარდაცვალებიდან 16 წლის შემდეგ (ცოტა ხნის წინ ლაშა სულაკაური ტრაგიკულად დაიღუპა). მიუხედავად ამ დაგვიანებისა, შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩანაწერები თუ ჩანახატები ოდნავადაც არ კარგავენ თავიანთ ძალასა და ბრწყინვალებას. პირიქით, ალბათ, რაც დრო გადის, უფრო იზრდება მათი ფასი და იდუმალება ყოველივე იმისადმი, რის შესახებაც არჩილ სულაკაური მოგვითხრობს.

წიგნზე საუბარი ვთხოვეთ არჩილ სულაკაურის ძველ მეგობარს, ადამიანს, რომელსაც ზედმეტი წარდგინება ნამდვილად არ სჭირდება, ბატონ ზურაბ კიკნაძეს.

ზურაბ კიკნაძე: „ეს არის ძალიან განსაკუთრებული პატარა წიგნი. არჩილს ბევრი მოგონება აქვს თბილისზე. ნამდვილი თბილისელი იყო იმ აზრით, რომ ცხოვრობდა იმ უბანში, რომელიც დღეს აღარც არსებობს, რიყეზე, სადაც წისქვილები იყო, მეტივეები მოდიოდნენ... ეს არ იყო ეგზოტიკა და არ იყო იმისთვის, რომ ტურისტისთვის ენახებინათ. ეს იყო ნამდვილი ცხოვრება. არჩილი ამბობს, მე ამას ვერ ვამჩნევდიო, იმიტომ რომ ეს იყო ჩემი ცხოვრება და ჩემი ჰაერიო. მაგრამ, როცა ეს ყველაფერი დაიღუპა, ნოსტალგია იწყება და მისი აღდგენაა საჭირო. რამდენიმე ადამიანია იმ უბნიდან გახსენებული. არა ცნობადი და არა გამოჩენილი ადამიანები, არამედ უბრალო ადამიანები, რომლებიც შეიძლება დღეს არავის ახსოვს“.

არჩილი არ უფრთხილდებოდა თავის ნიჭს და ტალანტს, და ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი ნამდვილად. მას ეს შეეძლო, ამის მიდრეკილებაც ჰქონდა, მაგრამ ასე გამოვიდა: ეს პატარა წიგნი დარჩა. ჩვენ ასეთი წიგნები გვაკლია: ქართულ ლიტერატურას და ქართველ მკითხველს...
ზურაბ კიკნაძე

ეს ამბები ამ უბრალო ადამიანებზე მისი ბავშვობიდან, განსაკუთრებით სულისშემძვრელია. მაგალითად, ამბავი მეთევზე კოსტიაზე, რომელიც წლების განმავლობაში დასახრჩობად განწირულ ადამიანებს შველიდა, ეს თითქოსდა მისი მისია იყო. როცა იგი გარდაიცვალა და ახალგაზრდა არჩილი მის დასაფლავებაზე მიდიოდა, ვორონცოვის ხიდთან ჩოჩქოლი ატყდა, კაცი იხრჩობაო, და უკვე აღარავინ იყო, ვინც მას გადაარჩენდა. როგორც ავტორი ამბობს, „ძია კოსტიას დასაფლავების დღეს, დასაფლავებამდე ერთი საათით ადრე მტკვარში კაცი იხრჩობოდა, მხსნელი კი აღარ იყო. ამაოდ უსტვენდა ხალხი, ამაოდ იხედებოდნენ იმ ნაპირისკენ, სადაც, ოდესღაც, ძია კოსტიას ნავი ება“. ასეთივეა ამბავი გიჟ სუმბათაზე, რომელიც შემთხვევით გადაურჩა სომხურ გენოციდს თურქეთში, და თბილისში გადმოხვეწილი ზამთარ-ზაფხულ თითქმის ტიტველი დადიოდა, რადგან ხატზე დაუფიცია, ასე ვივლი, სანამ თურქებს სამაგიეროს არ მივუზღავო. მერე კი, მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, უცებ გაქრა, რადგან თურქეთიდან საბჭოთა კავშირში შემოგზავნილ აგენტად ჩათვალეს და დახვრიტეს. ანდა, ამბავი ტყავის ქამრებისა და მაჯის საათების სამაჯურების ოსტატზე, რომელიც კვირაში ექვსი დღე თავაუღებლივ მუშაობდა, კვირაობით კი საგარეოდ გამოეწყობოდა და სასეირნოდ მუშტაიდის პარკში მიდიოდა, და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გაირკვა, რომ ეს თითქოსდა უწყინარი სეირნობები მის პარალელურ ცხოვრებას ქმნიდა...

ამ ბავშვობისდროინდელი მოგონებების შემდეგ არჩილ სულაკაური სტუდენტობისდროინდელ და ჟურნალ „მნათობში“ მუშაობის პერიოდში მომხდარ ამბებზე გადადის. აქ უკვე სულ სხვა პერსონაჟები ჩნდებიან, ლიტერატურასთან მეტ-ნაკლებად კავშირში მყოფნი.

ჩემთვის მუდამ იდუმალი იყო ნიკო სამადაშვილი: მისი ცხოვრების წესი, ხასიათი... შეიძლება ითქვას, რომ არჩილ სულაკაურის მიერ დახატული ნიკო სამადაშვილის პორტრეტით პირველად დავინახე და ვიგრძენი იგი ცოცხლად. ასეთივე ცოცხალი და შთამბეჭდავია ასაკში შესული კირილე ზდანევიჩის პორტრეტი. გულისმომკვლელია მთარგმნელის, კარლო ქილარჯიანის, მეტსახელად „კარუჩის“ ტრაგიკული ისტორია. შეუძლებელია წაკითხვის მერე გონებაში არ ჩაგებეჭდოს კეთილშობილებითა და მოყვასისადმი განუმეორებელი სიყვარულით აღსავსე ედიშერ ყიფიანის სახე...

ძალიან კარგი წიგნია ეს, ძალიან თბილი წიგნია. არჩილი საერთოდ გულითადი პოეტია, მისი ლექსები ამას მოწმობს, და თვითონაც სულმუდამ მოწადინებული იყო, ვინმესთვის რაღაც გადაეცა, რაღაც მოეთხრო თავისი გამოცდილებიდან...
ზურაბ კიკნაძე

თუმცა არჩილ სულაკაური მხოლოდ ლიტერატურულ სამყაროში არ ტრიალებს. მას ამ წიგნით ქალაქის სხვა სივრცეებშიც შევყავართ. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ჩანახატი „მაზო“, სადაც შესაძლებლობა გვეძლევა 50-იანი წლების თბილისის ფარულ სივრცეებში შევიჭყიტოთ, იქ, სადაც არალეგალური სამორინეებია გამართული. „ჯგუფ-ჯგუფად ჩამსხდრები თამაშობდნენ ყომარს, სხვები ფეხზე მდგარნი ადევნებდნენ თვალს, კამათლებს ჩაის გათლილი ჭიქით აგორებდნენ, ფული იატაკზე ეყარა. ერთი, რომელიც დაბლა დაგდებულ მუთაქაზე ცალი მუხლით დაჩოქილი იდგა, გაცოფებული იგინებოდა, უშვერი სიტყვებით აგინებდა ყველას და ყველაფერს: კამათელს, ჭიქას, იატაკს, კედელს“.

ზურაბ კიკნაძე: „არავინ არ არბევდა, არავინ არ დევნიდა თითქოს. ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირი პოლიციური სახელმწიფო იყო, მაგრამ „პრიტონებს“ რომ ეძახიან, ეს იყო. თამაშობდნენ ყომარს, ყველაფერს, და ამას ხელს აფარებდნენ. შესაძლოა გამორჩენა ჰქონდათ ამისგან მილიციელებს. ჰოდა, ეს მაზო, რომლის სახე მას არც დაუნახავს, მხოლოდ ლაპარაკი მოესმა, ძალიან კოლორიტული ფიგურა იყო, და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მეხსიერება... ამის მერე არც მინახავსო, თბილისმა შეისრუტაო, გაქრაო, წავიდაო. მე ძალიან გული მწყდებაო, რომ ასეთი ნიჭიერი კაცი იყოო და ასეთ ცხოვრებას მიჰყო ხელიო. მოთამაშე იყო და არასოდეს ტყუილზე არ მიდიოდაო“.

ერთი სიტყვით, ძალიან ბევრ უბრალო თუ გამორჩეულ ადამიანს იპოვით ამ მომცრო წიგნში, ძალიან ბევრი კუთხით დაინახავთ მე-20 საუკუნის შუა პერიოდის თბილისს, მის ცხოვრებას, დაწერილ თუ დაუწერელ კანონებს. ავტორი ამ ყველაფერზე ჰყვება დიდი სისათუთით, სევდით და ამავე დროს იუმორითაც. ერთადერთი ნაკლი წიგნისა, ალბათ, ისაა, რომ მალე მთავრდება და „შიმშილის“ გრძნობას გიტოვებს: გინდა კიდევ მოისმინო ასეთი წრფელი ისტორიები, გინდა კიდევ უფრო მეტი მაშინდელი ადამიანი დაინახო ასე ცხადად, გინდა, უბრალოდ, უფრო დიდხანს იტრიალო იმ გარემოში, რომელიც ასე ცოცხლად აღწერა არჩილ სულაკაურმა.

ზურაბ კიკნაძე
ზურაბ კიკნაძე

ზურაბ კიკნაძე: „ძალიან კარგი წიგნია ეს, ძალიან თბილი წიგნია. არჩილი საერთოდ გულითადი პოეტია, მისი ლექსები ამას მოწმობს, და თვითონაც სულმუდამ მოწადინებული იყო, ვინმესთვის რაღაც გადაეცა, რაღაც მოეთხრო თავისი გამოცდილებიდან. მე გული მწყდება, რომ მისი ეს ჩანაწერები ამ პატარა წიგნშია მოქცეული. არჩილი არ უფრთხილდებოდა თავის ნიჭს და ტალანტს, და ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი ნამდვილად. მას ეს შეეძლო, ამის მიდრეკილებაც ჰქონდა, მაგრამ ასე გამოვიდა: ეს პატარა წიგნი დარჩა. ჩვენ ასეთი წიგნები გვაკლია: ქართულ ლიტერატურას და ქართველ მკითხველს. აი, მაგალითად, ერთი გილიაროვსკი იყო ძველად, მოსკოველებზე აქვს წიგნი, უბრალო ადამიანებზე. დიდი წიგნია, მოზრდილი წიგნი... მაგრამ ქართველებში ეს არ ხდება და ამას არ აკეთებენ და ეს ჟანრი მიტოვებულია. თბილისზე ბევრი რამე შეიძლებოდა დაწერილიყო. ასეთი მოგონებები აქვს თამაზ ჩხენკელსაც, ოტია პაჭკორიასაც... ესეისტური გახსენებებია ადამიანების, მაგრამ ეს მაინც ფრაგმენტულია. თბილისის სახე ფრაგმენტულად არის დანახული... მაგრამ ეს უნდა შეიკრიბოს ერთად და თბილისის პროფილი გამოჩნდება უსათუოდ“.

ეს მართლაც საყურადღებო იდეაა. ჩემი მხრივ, დავამატებდი, რომ თავად ბატონ ზურაბსაც აქვს ასეთი, თბილისური ჩანახატები. მაგალითად, მახსენდება მისი არაჩვეულებრივი ესე ძველ ბუკინისტებზე. ასე რომ, თუ ვინმე ამ საქმეს მართლა თავს მოაბამს, შედეგად, მართლა შესანიშნავ წიგნს მივიღებთ გარდასულ თბილისზე და თბილისელებზე.

XS
SM
MD
LG