Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღიმილი - კომუნიკაციის საშუალება


ფოტო: ©Shutterstock
ფოტო: ©Shutterstock

დაფიქრებულხართ თუ არა იმაზე, თუ რატომ ვიღიმებით? ამის თაობაზე მეცნიერებაში არსებობს ორი თეორია. ერთის მიხედვით, ღიმილი ადამიანის დადებით განწყობილებას, რაღაცით კმაყოფილებას გამოხატავს. მეორე თეორია კი ამბობს, რომ ღიმილს საკომუნიკაციო ფუნქცია აქვს: მისი მეშვეობით ადამიანები გასცემენ სიგნალს, რომ სანდო და კეთილგანწყობილი არიან სხვების მიმართ.

ესპანელმა მეცნიერებმა ახლახან ჩაატარეს გამოკვლევა, რომლის მიზანი იყო დაედგინა, ამ ორი თეორიიდან რომელია უფრო დამაჯერებელი. საამისოდ მათ ძიუდოს მოჭიდავეთა ქცევა შეისწავლეს. გამოკვლევის შედეგებს აქვეყნებს სამეცნიერო ჟურნალი „Evolution of Human Behavior” („ადამიანის ქცევის ევოლუცია“).

როგორც მადრიდის უნივერსიდად აუტონომას თანამშრომელი ხოსე-მიგელ ფერნანდეს-დოლსი ამბობს, მისი ჯგუფის წევრების მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგები მხარს უჭერს მეორე თეორიას. ანუ სახის მიმიკა პირველ რიგში სოციალური ინტერაქციის იარაღებია, და არა უსაფუძვლო ემოციების გამოხატულება.

მეცნიერებმა პირველ ეტაპზე შეისწავლეს ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ასახულია ორივე სქესის 55 ახალგაზრდა ძიუდოისტის ქცევა, რომლებმაც ეროვნულ ჩემპიონატზე ოქროსა თუ ბრინჯაოს მედლები მიიღეს. მეორე ეტაპზე, ასევე ვიდეოჩანაწერების მეშვეობით, დააკვირდნენ 119 ახალგაზრდა და უფროსი ასაკის ძიუდოისტს, რომლებსაც საერთაშორისო ტურნირის რომელიმე ბრძოლაში ჰქონდათ მოპოვებული გამარჯვება.

მართალია ყველა სპორტსმენი აცხადებდა, რომ გამარჯვების მომენტში ბედნიერებას განიცდიდა, უმეტესი მათგანი არ იღიმებოდა. ღიმილი მხოლოდ 15-20-პროცენტს ეწერა სახეზე. იგულისხმება ღიმილის ის ფორმა, როცა პირის კუთხეები და ლოყები ზევით იწევა, თვალებთან კი ღიმილის ნაოჭები ჩნდება. მაგრამ არსებობს ხელოვნური, ყალბი ღიმილი, რომელიც პირის კუთხეების მოძრაობით მიიღწევა.

მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ორთაბრძოლების შემდეგ ძიუდოისტებს უმეტეს შემთხვევაში პირი ღია ჰქონდათ, როგორც ჩანს, დაღლილობის გამო. ასევე უფრო ხშირ შემთხვევაში სპორტსმენები თავდახრილი იდგნენ, ვინაიდან კიმონოსა და ქამრის შესწორებით იყვნენ დაკავებული.

თითქმის ყველა სპორტსმენი, რომელიც მართლა იღიმებოდა, ამავე დროს თვალებით ან ჟესტებით იყო კონტაქტში მაყურებელთან. რაც მეტი იყო მაყურებლის რიცხვი და რაც უფრო ძლიერი იყო აპლოდისმენტები, მით უფრო მეტად იღიმებოდნენ სპორტსმენები. ანუ ღიმილი მომდინარეობდა არა მხოლოდ სპორტსმენების ემოციებიდან, რაც ყველას მეტ-ნაკლებად ერთნაირი ჰქონდა, არამედ პირველ რიგში სხვა ადამიანების მაყურებლის რეაქციიდან.

როგორც ვხედავთ, ესპანელ მეცნიერთა გამოკვლევა ამყარებს იმ თეორიას, რომლის მიხედვითაც ღიმილი უპირველეს ყოვლისა არის არა ემოციების გამოხატულება, არამედ საკომუნიკაციო საშუალება.

  • 16x9 Image

    ბიძინა რამიშვილი

    ჟურნალისტი და რედაქტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის, მედიის ენისა და სტანდარტების საკითხებზე. რადიო თავისუფლების თანამშრომელია 1991 წლიდან.

XS
SM
MD
LG