Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არქეოლოგებმა ახალ ნაგებობას მიაკვლიეს ხობის მონასტრის ეზოში


არქეოლოგიური გათხრები ხობის მონასტრის ეზოში
არქეოლოგიური გათხრები ხობის მონასტრის ეზოში

ხობის მონასტრის ეზოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ახალი ნაგებობა აღმოაჩინეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს მოკვლევა, თუ რა დანიშნულების შენობაა და რომელი საუკუნის. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ საკმაოდ დიდი მოცულობის ნაგებობა ახლა მოქმედი ტაძრის სატრაპეზო ან ცალკე მდგომი სასახლე იყო. რაც შეეხება პერიოდს, რომელი საუკუნითაა დათარიღებული, ამ ეტაპზე ვერსიები არ აქვთ, რადგან მის შესახებ ისტორიულ წყაროებში ვერაფერს მიაკვლიეს.

არქეოლოგი როლანდ ისაკაძე თვლის, რომ ტაძრის ეზოში აღმოჩენილი ნაგებობა თავის დროზე სატრაპეზო იყო. მისი სიტყვებით, არქეოლოგიური მასალა მიუთითებს, რომ, სავარაუდოდ, სატრაპეზო მე-13 საუკუნეში განადგურდა:

„როგორც ვიცით, ეს ტაძარი მეცამეტე საუკუნის ბოლოსაა აშენებული, სადღაც, მეცამეტე საუკუნის შუახანებში. როგორც არქეოლოგიური მასალა და აქ აღმოჩენილი ნივთები მიუთითებს, აქ მოხდა დიდი ნგრევა. ამ დროს დასავლეთ საქართველოში არის მონღოლების ლაშქრობა, მაგრამ ჩვენ აქამდე წერილობითი წყაროებით ქუთაისის რეგიონზე გვაქვს ინფორმაცია, არ ვიცით, იყო თუ არა ის ასე ღრმად კოლხეთის ტერიტორიაზე. მაგრამ ნივთები გვიჩვენებს, რომ მეცამეტე საუკუნეს აქ იყო ნგრევა, დაინგრა ეს ეკლესია და სატრაპეზო“, – ამბობს არქეოლოგი.

მონასტრის ეზოში არქეოლოგიური გათხრები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ხობის საკათალიკოსო სასახლის სარეკონსტრუქციო სამუშაოების პარალელურად დაიწყო. როგორც
ისტორიკოსი გოგიტა ჩიტაია აცხადებს, სამუშაოებს ოქტომბერში შეუდგნენ და სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ექპედიციის წევრები მიიჩნევენ, რომ არქეოლოგიური სამუშაოები აქ მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, მთავარია, საამისოდ დაფინანსება მოიპოვონ.

გოგიტა ჩიტაიას აზრით, ამ გათხრებმა სერიოზული შედეგი უკვე მოიტანა, რადგან საქმე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვან ნაგებობებთან, რომელზეც ისტორიულ წყაროებში არანაირი მინიშნება არ არსებობს.

„აქ არის საკმაოდ დიდი მოცულობის ნაგებობა. ჯერჯერობით, გადაჭრით არაფრის თქმა არ შეიძლება, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს არის ძალიან ადრეული პერიოდის ნაგებობა თავისი სარდაფებით, კიბეებით... მას აქვს ასევე მონუმენტური კიბე. მართალია, ეს მონასტრის ტერიტორიაზეა, მაგრამ არის სულ სხვა ხასიათის ნაგებობა. ასეთი ნაგებობები, საერთოდ, ძალიან ცოტაა შემორჩენილი და ეს ძალიან ზრდის მის მნიშვნელობას“, – განმარტავს გოგიტა ჩიტაია.

არქეოლოგიური გათხრები ხობის თვითმმართველობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 46 000 ლარს შეადგენს. ხობის მონასტრის აღდგენის ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება კი 445.968 ლარია და ის საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს საკათალიკოსო სასახლის სრული რეკონსტრუქცია და მოეწყობა მუზეუმი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG