Accessibility links

logo-print

სომეხი ოპოზიციონერი აქტივისტი აზერბაიჯანში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს


ვაჰან მარტიროსიანი

ვაჰან მარტიროსიანი

აზერბაიჯანში, თავისი სამშობლოს მიმართ მტრულად განწყობილ სახელმწიფოში, პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა ვაჰან მარტიროსიანმა, არასამთავრობო ორგანიზაციის, „საშინაო ეროვნული განთავისუფლების მოძრაობის“, ხელმძღვანელმა. სომეხი აქტივისტის აზერბაიჯანში გაქცევა ერევანში გულისწყრომას გამოიწვევს, ადგილობრივმა მედიამ შეიძლება დეტალები არც ამცნოს მოსახლეობას ან, არ არის გამორიცხული, მთავრობა ამ შემთხვევით ოპოზიციისთვის სახელის გატეხას შეეცადოს. ვაჰან მარტიროსიანმა ბაქოში თვითონ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მან პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა, გააკრიტიკა სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის, პოლიტიკა, უწოდა მას „ანტისომხური“ და განაცხადა, აზერბაიჯანის მედიაა ერთადერთი წყარო, რომელიც სანდო ინფორმაციას იძლევა სომხეთის დღევანდელი ვითარების შესახებო. მარტიროსიანის მტკიცებით, მას სომხეთის ხელისუფლება სდევნის მისი პოლიტიკური საქმიანობის გამო და ამიტომ გადაწყვიტა აზერბაიჯანში გაქცეულიყო ცოლსა და მცირეწლოვან ვაჟთან ერთად. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა გამოაცხადა 17 სექტემბერს, მას მერე, რაც გავრცელდა ცნობა მარტიროსიანის გაქცევის შესახებ, რომ ის ძებნილთა სიაშია შეტანილი. სონა ტრუზიანმა, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის მრჩეველმა, განაცხადა, რომ მარტიროსიანი ეჭვიტანილია სომხეთში კერძო პირისგან ოთხი ათასი დოლარის მოპარვაში. ტრუზიანის თქმით, მარტიროსიანმა ასევე იჩივლა, რომ მას თავს დაესხნენ ერთი კანონმდებლის დაცვის წარმომადგენლები, მაგრამ გამომძიებლებთან სასაუბროდ არ მისულა. სომხეთის მედიაში ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარტიროსიანს სცემეს დეპუტატ მჰერ სედრაქიანის მცველებმა. სედრაქიანი, მმართველი რესპუბლიკური პარტიის წევრი და წარმომადგენელია პარლამენტში. პრესკონფერენციაზე, ბაქოში, მარტიროსიანს ალბათ უჭირდა ბევრ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. ვითარება ქაოტური იყო, მარტიროსიანს არაადეკვატურ და, შეიძლება ითქვას, არამეგობრულ შეკითხვებსაც უსვამდნენ იქ მყოფნი, მაგალითად, იმაზე, იცის თუ არა მან, რომ სომხეთი ადრე აბორიგენ აზერბაიჯანელებს ეკუთვნოდა. ამ შეკითხვის ავტორმა ქალმა, რომელმაც თავი აზერბაიჯანელ ლტოლვილად წარმოადგინა, მადლობა უთხრა მარტიროსიანს იმისათვის, რომ „ჩამოხვედით და სომხეთის ნამდვილი სახე გვანახვეთ, ვინ არის დამპყრობელი და ვინ დაზარალებულიო“. პრესკონფერენციაზე მისმა ორგანიზატორმა, აზერბაიჯანელმა ადვოკატმა ნოველა ჩაფაროღლუმ, თქვა, რომ მარტიროსიანის ოჯახი საქართველოს გავლით ჩავიდა ბაქოში. ის საქართველოში იმყოფებოდა 4 სექტემბრიდან. მან მარტიროსიანი დაიცვა უხერხული შეკითხვებისგან და დამსწრეთ მოუწოდა, აქ არ არის ასეთი დისკუსიის ადგილიო. ერთობ იშვიათია სომხეთსა და აზერბაიჯანში გაქცევის ასეთი შემთხვევები. ორი ქვეყანა, დე იურე აზერბაიჯანის კუთვნილი ტერიტორიის მთიანი ყარაბაღის გამო სამხედრო დაპირისპირების შემდეგ, კონფლიქტში იმყოფება. მარტში აზერბაიჯანმა გამოაცხადა, რომ ეთნიკური სომეხი ჯარისკაცი მთიანი ყარაბაღიდან გადავიდა აზერბაიჯანის მხარეს და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. სეპარატისტულმა არმიამ განაცხადა, რომ ჯარისკაცმა დატოვა საგუშაგო და გადავიდა აზერბაიჯანის მხარეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG