Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის არჩევანმა გააღრმავა კონკურენცია მოსკოვსა და ევროკავშირს შორის


სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა (მარცხნივ) მოსკოვში თავის რუს კოლეგასთან, ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებზე განაცხადა, რომ სომხეთი შეუერთდება საბაჟო კავშირს, რომელშიც რუსეთი დომინირებს
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა (მარცხნივ) მოსკოვში თავის რუს კოლეგასთან, ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებზე განაცხადა, რომ სომხეთი შეუერთდება საბაჟო კავშირს, რომელშიც რუსეთი დომინირებს

სომხეთის პრეზიდენტმა კურსის მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ გააკეთა განცხადება.

სომხეთის პრეზიდენტმა კურსის მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ გააკეთა განცხადება - როგორც ჩანს, სომხეთი უარს ამბობს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე და ამის ნაცვლად რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ საბაჟო კავშირში გაწევრიანდება. ამ ცვლილებამ ახალი კითხვები გააჩინა იმ ტაქტიკასა და ბერკეტებზე, რომლებსაც მოსკოვი იყენებს სომხეთისა და ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართული სხვა ქვეყნების მიმართ.

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია სამშაბათს გაკეთებული განცხადებით, რომ ერევანი უკან იხევს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების კურსიდან და ამ მიზნისთვის წარმოებული მოლაპარაკებებიდან. ამის ნაცვლად, სომხეთი რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ საბაჟო კავშირში გასაწევრიანებლად იმუშავებს.

არადა, ბევრი ვარაუდობდა, რომ სომხეთი - საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის მსგავსად - სწორი ნაბიჯებით მიიწევდა წინ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გასაფორმებლად ნოემბრის ვილნიუსის სამიტზე. ხელშეკრულების ირგვლივ მოლაპარაკებები ერთი თვის წინ დასრულდა (აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ასევე შედიან ბელორუსია და აზერბაიჯანი, თუმცა მათ ამგვარი ევროპული ამბიციები არ აქვთ).

მოსკოვი ყველა ამ ქვეყანაზე ახდენს ინტენსიურ ზეწოლას საიმისოდ, რომ მათ ევროკავშირთან არ გააფორმონ ხელშეკრულებები და ამის ნაცვლად გაწევრიანდნენ საბაჟო კავშირში, რომელიც ამჟამად მოიცავს რუსეთს, ბელორუსიას და ყაზახეთს. ვლადიმირ პუტინი გეგმავს ამ საბაჟო კავშირის ევრაზიულ გაერთიანებად გადაკეთებას, რომელმაც ევროკავშირს უნდა გაუწიოს მეტოქეობა.

სარქისიანის განცხადებას წინ უძღოდა მოსკოვში პუტინთან გამართული მოლაპარაკება. ეს განცხადება საბოლოო არ არის - საბაჟო კავშირში გაწევრიანება სომხეთის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უკვე აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი არაკონსტიტუციური იქნება და ამბობენ, რომ მზად არიან მას პოლიტიკურად და სასამართლოების გზით გაუწიონ წინააღმდეგობა.

პრეზიდენტის განცხადების მეორე დღეს ერევანში სოციალური ქსელების გზით ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც პოლიციამ, სულ მცირე, 9 ადამიანი დააკავა.

თუმცა სომხეთი, შესაძლოა, უსაფრთხოების მოსაზრებებით ხელმძღვანელობდეს. ეს იზოლირებული ქვეყანა რუსეთზეა დამოკიდებული იმ კონფლიქტით, რომელიც მას აზერბაიჯანთან ათწლეულების მანძილზე აქვს მთიანი ყარაბაღის გარშემო. განცხადების გაკეთებისას სარქისიანმა აღნიშნა, სომხეთი უკვე არის რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ერთ-ერთ წევრი და ამიტომ იზოლირებული ვერ იქნება „შესაბამისი ეკონომიკური სივრციდანო“.

ბრიტანელი პარლამენტარი ჩარლზ ტენოკი, რომელიც ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრიცაა, თვლის, რომ ერევანზე მოსკოვმა „უზარმაზარი ზეწოლა“ განახორციელა, მათ შორის უსაფრთხოების სფეროშიც:

„ჩემთვის ცნობილია, რომ ეს საკითხი მწვავე დისკუსიის საგანი იყო და სომხეთის მთავრობას [ასოცირების ხელშეკრულების] გაფორმება ერჩია, თუმცა, ცხადია, მათი შეშფოთება ძირითადად უსაფრთხოებას უკავშირდება. ვიცი, რომ პუტინი ბაქოს სტუმრობდა და აზერბაიჯანს თანამედროვე შეიარაღების მიყიდვა შესთავაზა. ამდენად, მე მესმის რასთანაც გვაქვს საქმე - ერევანზე ზეწოლა განხორციელდა მოსკოვის სურვილის დასაკმაყოფილებლად და, სამწუხაროდ, ეს წარმატებული აღმოჩნდა“.

მიმდინარე წელს მოსკოვმა ბაქოს 1 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიწოდება დაუწყო. ბაქო კი გამუდმებით აცხადებს, რომ თუ დიპლომატია შედეგს არ გამოიღებს, ის არ გამორიცხავს ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო ძალით მოგვარების შესაძლებლობას.

ერევანში განთავსებული კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელი სერგეი მინასიანი ეთანხმება აზრს, რომ სომხეთის უსაფრთხოების პრობლემებმა მოსკოვს „ძლიერი ბერკეტი“ მისცა ერევანზე ზეწოლისათვის. მით უფრო, რომ ეს საკითხები საერთოდ არაა განხილული აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში.

ევროსაბჭოში სომხეთის დელეგაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ჰოვანეს იგიტიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სარქისიანის გადაწყვეტილება წარმოადგენდა „რადიკალურ ცვლილებას“, რომლის ახსნაც რთულია:

„დილით, სანამ სარქისიანი პუტინს შეხვდებოდა, მმართველი რესპუბლიკური პარტიის გავლენიანი წევრები ადასტურებდნენ, რომ სომხეთი განაგრძობდა ევროპული ინტეგრაციის კურსს. შემდეგ რა მოხდა, ეს არ ვიცი. ეს მათაც არ იციან. მხოლოდ სერჟ სარქისიანს შეუძლია იმის თქმა, იყო თუ არა მასზე ზეწოლა როგორც პიროვნებაზე ან როგორც პრეზიდენტზე“.

ბუნებრივია, სომხეთის გადაწყვეტილებამ ყურადღების ცენტრში მოაქცია აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართული სხვა ქვეყნებიც - განსაკუთრებით უკრაინა, რომელიც რუსეთისთვის გამორჩეული ინტერესის საგანს წარმოადგენს. იმ დღეს, როცა სარქისიანი პუტინს მოსკოვში ხვდებოდა, უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა თავისი ქვეყნის პარლამენტს მოუწოდა სწრაფად მიიღოს საჭირო კანონმდებლობა საიმისოდ, რომ „ვილნიუსის სამიტზე წარმატება“ უზრუნველყოფილი იყოს. თუმცა რუსეთი - უკრაინის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი - უკრაინაზეც აძლიერებს ზეწოლას დასავლეთისკენ აღებული კურსის შეჩერების მიზნით. რუსეთი შიშობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის ზონაში შევა, რუსეთის ბაზარზე დიდი რაოდენობით გაჩნდება კონკურენციის მაღალი პოტენციალის მქონე საქონელი.

რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი საბაჟო კავშირის თემა აქტუალური გახდა თბილისშიც - მითქმა-მოთქმა მოჰყვა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ 4 სექტემბრის პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს. „ევრაზიულ კავშირს რაც შეეხება, მე ყურადღებით ვუყურებ და ვსწავლობთ. ამ ეტაპზე არავითარი პოზიცია არ გაგვაჩნია. თუ პერსპექტივაში ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიისთვის ეს იქნება საინტერესო, რატომაც არა. ამ ეტაპზე არა გვაქვს პოზიცია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მოქალაქეებს მყისიერად შესთავაზა პრემიერის განცხადებების განმარტება, რომ საქართველო საბაჟო კავშირს ისევე აკვირდება, როგორც დანარჩენი მსოფლიო, ევროკავშირის ჩათვლით, და რომ საქართველოს ამ გაერთიანებაში გაწევრიანება არ განიხილება.

მოლდავეთმა, რომელსაც ასევე აქვს სეპარატისტული რეგიონი, მოსკოვზე დამოკიდებული და რუსეთის სამხედროებით დაცული დნესტრისპირეთის სახით, მმართველი პროდასავლური კოალიციის პირობებში მნიშვნელოვანი პროგრესი მოახდინა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისკენ გზაზე. თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შენიშნავენ, რომ მთავრობის პროევროპულ კურსს მოსახლეობის, სულ მცირე, ნახევარი ეწინააღმდეგება და მმართველ კოალიციას სულ უფრო მეტად გაუჭირდება ამ გზაზე სიარული, განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან მზარდი პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის ფონზე.

ევროკავშირსა და საბაჟო კავშირს შორის არჩევანის გაკეთებისას ამ ქვეყნებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პირობები, რომლებიც ამ შესაძლებლობებს უკავშირდება. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და, საბოლოო ანგარიშით, ევროკავშირში გაწევრიანება მოიცავს პოლიტიკური და სამართლებრივი რეფორმების მთელ ტალღას, რომელიც ელიტებს ბევრი თვალსაზრისით უქმნის წინაღობას ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობაში. ამასთან, ეს რუსეთზე ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოკიდებულების შესამცირებლად რთული გადაწყვეტილებების გაკეთებასაც ნიშნავს.

საბაჟო კავშირში გაწევრიანებას კი მსგავსი პირობები არ უკავშირდება, როგორც ამას ამ კავშირში ბელორუსიისა და ყაზახეთის ყოფნა ნათლად ადასტურებს. ჯუდი შელტონი, ეკონომიკის ექსპერტი და აშშ-ში განთავსებული დემოკრატიის ეროვნული ფონდის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი, ფიქრობს, რომ სწორედ ეს ფაქტორი უნდა გახდეს ერთ-ერთი გამაფრთხილებელი ნიშანი ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის.

„ქვეყნები ძალიან უნდა დააეჭვოს იმ ფაქტორმა, რომ რუსეთი ამ კავშირში შესვლას ასე იოლს ხდის. ამას არანაირი სამართლებრივი ან პოლიტიკური რეფორმები არ უკავშირდება - არანაირი თხოვნა, ქვეყანამ კონცენტრაცია მოახდინოს კანონის უზენაესობის განმტკიცებასა ან კორუფციის შემცირებაზე. ფაქტობრივად, ისინი ამბობენ, შემოგვიერთდით, ჩვენ არანაირი სტანდარტები, არანაირი ღირებულებები არ გვაქვსო. ეს არაა ძალიან მომხიბლავი პერსპექტივა“, - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი.

აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართული ქვეყნების ზოგიერთი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ცდუნებას შეგნებული წინააღმდეგობა უნდა გაეწიოს.

„სომხეთის განცხადებას რაც შეეხება, ჩემი აზრით, ის ხალხი, ვინც მაღალგანვითარებული ტექნოლოგიების ნაცვლად იაფ ბუნებრივ აირს ესწრაფვის, მეოცე საუკუნეში იცხოვრებს, მაშინ როცა მთელი ცივილიზებული მსოფლიო ოცდამეერთეში იქნება. ვფიქრობ, სომეხი ხალხი გააკეთებს თავის არჩევანს, როცა ყაზახი და ბელორუსი ხალხის მსგავსად გაიაზრებს, მაინც რაში ჩაითრია ისინი რუსეთმა“ - ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს უკრაინელი პარლამენტარი და ოპოზიციური ფრაქციის, „სამშობლოს“ წევრი, სერგეი სობოლევი.
XS
SM
MD
LG