Accessibility links

logo-print

სომხეთი დასავლეთისკენ იყურება და მოსკოვისგან დისტანცირებას ცდილობს?


სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი 9მარჯვნივ) და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერევანში (2012 წლის 3 აპრილი).

სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი 9მარჯვნივ) და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერევანში (2012 წლის 3 აპრილი).

სომხეთი სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ტრადიციულ პარტნიორად ითვლება. თუმცა, მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში ქვეყნის პრეზიდენტმა უარი თქვა დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების სამიტში მონაწილეობაზე, ანალიტიკოსები ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ერევანი, შესაძლოა, მოსკოვის გავლენისგან დისტანცირებას ცდილობდეს.

28 მაისს, სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა უარი თქვა, დასწრებოდა ყირგიზეთში გამართულ დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების წევრი ქვეყნების არაოფიციალურ სამიტს. წაუსვლელობის მიზეზად ხელისუფლებამ დაასახელა სახელმწიფო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები, რომელში მონაწილეობის მისაღებადაც ერევანში ჩავიდა დიდი ბრიტანეთის პრინცი ჩარლზი.

თუმცა, სერჟ სარქისიანის გადაწყვეტილება ბევრმა მოსკოვის გავლენისგან თავის დაღწევის ცდად მიიჩნია. ამ ვარაუდს იზიარებს ცნობილი ამერიკელი ექსპერტი, წარმოშობით სომეხი რიჩარდ გირაგოსიანი, რომელიც რეგიონული კვლევის ცენტრს ხელმძღვანელობს.

„მრავალი წლის განმავლობაში სომხეთს სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა, ქცეულიყო რუსეთის სამხედრო ბაზად, სადაც რუსეთის ინტერესების მსახურება და რუსეთზე დამოკიდებულება უზარმაზარ მასშტაბს მიაღწევდა. მაგრამ ბოლო-ორი სამი წელია, ეს ვითარება შეიცვალა“, ამბობს რიჩარდ გირაგოსიანმა.

ამ ორი-სამი წლის განმავლობაში, ექსპერტმა რომ ახსენა, ერევანმა გააძლიერა ურთიერთობა ნატოსთან და აქტიურად ჩაერთო ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამაში. ამ პროგრამის მომავალ სამიტზე, რომელიც ნოემბერში, ვილნიუსში გაიმართება, სომხეთი ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერასაც მოელის.

ამასთანავე, სომხეთის ხელისუფლება ხაზგასმით აცხადებს, რომ რუსეთთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. რათა უარეყო რუსეთისგან დისტანცირების თაობაზე გამოთქმული ვარაუდები, ეს პოზიცია 30 მაისის ბრიფინგზე დაადასტურა ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა არტურ ბაღდასარიანმა.

„ვფიქრობ, სომხეთ-რუსეთის ურთიერთობა შესანიშნავი და დადებითია. სომხეთ-რუსეთის პოლიტიკური დიალოგი - პრეზიდენტებს, მთავრობებსა, საგარეო საქმეთა მინისტრებსა და უშიშროების საბჭოს მდივნებს შორის უმაღლეს დონეზეა. სომხეთისა და რუსეთის სტრატეგიული თანამშრომლობა ყველა სფეროში წარმატებით ვითარდება“, თქვა ბაღდასარიანმა.

მან აღნიშნა, ამასთანავე, რომ ბიშკეკის სამიტზე სომხეთმა უმაღლესი დონის დელეგაცია გაგზავნა საგარეო საქმეთა მინისტრ ედუარდ ნალბანდიანის ხელმძღვანელობით.

პოლიტოლოგი რიჩარდ გირაგოსიანი აღნიშნავს, რომ ურთიერთობის ცვლილება სომხეთსა და რუსეთს შორის უფრო ევოლუციურია, ვიდრე რევოლუციური. თუმცა, მისი აზრით, ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს სურს გააფართოოს ზეგავლენა სამხრეთ კავკასიის მთელს რეგიონზე. არადა, აზერბაიჯანთან რუსეთის ურთიერთობა დიდი ხანია გაცივდა, ხოლო მოსკოვსა და თბილისს შორის 2008 წლის ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობაც კი გაწყვეტილია.
XS
SM
MD
LG