Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში პრეზიდენტობის კანდიდატს ესროლეს


პარუირ ჰაირიკიანი საავადმყოფოში
პარუირ ჰაირიკიანი საავადმყოფოში
წუხელ ერევანში თავს დაესხნენ და ესროლეს სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთ კანდიდატს, ოპოზიციური პარტიის ლიდერს, პარუირ ჰაირიკიანს. 63 წლის პოლიტიკოსს, რომელსაც დღეს მხრის არიდან ტყვია ამოუღეს, სიკვდილი არ ემუქრება, განაცხადა სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

ჰაირიკიანი ეროვნული თვითგამორკვევის პარტიის თავმჯდომარეა და არჩევნებში სხვა კანდიდატებისთვის - პირველ რიგში კი, მოქმედი პრეზიდენტის სერჟ სარქისიანისთვის - ძლიერ მეტოქეს არ წარმოადგენს. ამ ეტაპზე ჩანს, რომ ის ვერ შეძლებს გააგრძელოს საარჩევნო კამპანია. არჩევნები სომხეთში 18 თებერვლისთვისაა დაგეგმილი. ჰაირიკიანი საავადმყოფოში უკვე მოინახულა რამდენიმე პოლიტიკოსმა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა ტიგრან სარქისიანმა, რომელმაც დაგმო მასზე თავდასხმა. საავადმყოფოშივე მივიდა პარლამენტის თავმჯდომარე ჰოვიკ აბრამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ჰაირიკიანზე თავდასხმის მიზანი არჩევნების ჩაშლა იყო:

„ეს იყო ერთობ სახიფათო აქტი, რომლის მიზანი ქვეყნის დესტაბილიზაციაა. მაგრამ, დარწმუნებული ვართ, ამას არ დავუშვებთ და ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც დაგეგმილია. თუ ჰაირიკიანი ვერ შეძლებს გააგრძელოს წინასაარჩევნო კამპანია, არჩევნებს გადავდებთ ორი კვირით, ასეა კანონით გარსაზღვრული“, თქვა აბრამიანმა.
მდგომარეობის შეფასებისას წარმოთქვამენ ფრაზას - „საშუალო სიმძიმის“. რას ნიშნავს ეს, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ, ექიმების თქმით, მას ათი დღე მაინც დასჭირდება, რომ ფეხზე დადგეს ...
ჰრაირ ტამრაზიანი

თუ ვითარება არ შეიცვალა ამ ორი კვირის განმავლობაშიც, სომხეთის კანონმდებლობით, კიდევ 40 დღით შეიძლება გადაიდოს საპრეზიდენტო არჩევნები. ერევნიდან რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ხელმძღვანელი ჰრაირ ტამრაზიანი გვიამბობს, რომ დაჭრილის მდგომარეობა მას არ მისცემს საშუალებას გააგრძელოს წინასაარჩევნო კამპანია:

„მდგომარეობის შეფასებისას წარმოთქვამენ ფრაზას - „საშუალო სიმძიმის“. რას ნიშნავს ეს, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ, ექიმების თქმით, მას ათი დღე მაინც დასჭირდება, რომ ფეხზე დადგეს. ეს ნიშნავს, რომ ის ათი დღე ვერ შეძლებს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას. დღეს სერჟ სარქისიანის შტაბმა გამოაცხადა, რომ ისინი ამ ეტაპზე შეაჩერებენ წინასაარჩევნო გამოსვლებს და შეხვედრებს“.

ჰაირიკიანს საბჭოთა საპატიმროებში 11 წელი და შინაპატიმრობაში სამი წელი აქვს გატარებული არალეგალური პოლიტიკური ორგანიზაციის წევრობისა და „სამიზდატის“ ავტორობისთვის. ძალადობა არჩევნების კონტექსტში სომხეთში მაინცდამაინც იშვიათი არ არის. 2008 წელს ათი ადამიანი დაიღუპა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების დროს, როცა არჩევნებში გამარჯვებულად სარქისიანი გამოცხადდა. სხვა ოპოზიციური პარტიის, „ჟარანგიუწიუნის“ - „მემკვიდრეობის“ - ლიდერმა, რაფი ჰოვანესიანმა, რომელიც დამოუკიდებლობის შემდგომ სომხეთში პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და ახლა ასევე პრეზიდენტობის პრეტენზია აქვს, ასე შეაფასა მომხდარი:
მოქმედი პრეზიდენტის თანამებრძოლებს მიაჩნიათ, რომ ეს ტერაქტი, ეს მკვლელობის მცდელობა მიმართული იყო სწორედ სერჟ სარქისიანის წინააღმდეგ ...
ჰრაირ ტამრაზიანი

„ვიღაცას არ სურს, რომ ნორმალურად ჩატარდეს არჩევნები, რომ გვყავდეს თანამედროვე სომხეთის ისტორიაში პირველი კანონიერი პრეზიდენტი“.

ჰოვანესიანის აზრს იზიარებენ სარქისიანის თანამებრძოლები, ამბობს ჩვენი კოლეგა, ჰრაირ თამრაზიანი:

„მოქმედი პრეზიდენტის თანამებრძოლებს მიაჩნიათ, რომ ეს ტერაქტი, ეს მკვლელობის მცდელობა მიმართული იყო სწორედ სერჟ სარქისიანის წინააღმდეგ, სომხეთის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, რადგან აქტის მიზანი იყო დესტაბილიზაცია და არჩევნების ნორმალური ჩატარებისთვის ხელის შეშლა. ისინი ფიქრობენ, რომ აქტი მიმართულია მმართველი რეჟიმის, მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ“.

დაზარალებულმა, პარუირ ჰაირიკიანმა, უნდა მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს თხოვნით, გადაიდოს არჩევნები, რაც სასამართლომ უნდა დაადგინოს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG