Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში რუსი ჯარისკაცი მოკლეს


შემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი

სომხეთში მოკლული იპოვეს რუსი ჯარისკაცი. მისი გვამი აღმოაჩინეს რუსეთის სამხედრო ბაზასთან, გიუმრიში - ქალაქში, სადაც აღშფოთება და საპროტესტო აქციები მოჰყვა წელს, იანვარში, ერთი ოჯახის შვიდი წევრის მოკვლას. ამ მკვლელობაში სხვა რუსი ჯარისკაცია ბრალდებული.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანმა სონა ტრუზიანმა 15 ივნისს განაცხადა, რომ რუსი ჯარისკაცის, ივან ნოვიკოვის, გვამი იპოვეს გიუმრიში, „სომხეთის დედის“ მონუმენტის მახლობლად. ამავე, სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქშია განთავსებული რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა. და ამავე ქალაქში საზარელი ტრაგედია დატრიალდა მიმდინარე წლის იანვარში, როცა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ადგილობრივი სომხური ოჯახის შვიდი წევრი, მათ შორის - ორი მცირეწლოვანი ბავშვი.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები, რუსი სამხედროების განცხადებებზე დაყრდნობით, ავრცელებენ ცნობას, რომ ნოვიკოვი, სავარაუდოდ, მოკლა ასევე რუსმა ჯარისკაცმა, რომელიც უკვე დაკავებულია. მის ვინაობას არ ამხელენ.

სონა ტრუზიანის ინფორმაციით, ივან ნოვიკოვს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. პროკურორმა რაფი ასლანიანმა დაადასტურა ტრუზიანის განცხადება და დასძინა, რომ რუსი ჯარისკაცის გვამი 15 ივნისს იპოვეს. ასლანიანის ხელთ არსებული ინფორმაციით, ნოვიკოვმა ორი-სამი თვის წინ დაიწყო სამსახური სომხეთში, გიუმრიში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე.

ეს ის ბაზაა, საიდანაც წელს, იანვარში, გაიქცა რიგითი ვალერი პერმიაკოვი და, ბრალდების მიხედვით, 12 იანვარს მოკლა ადგილობრივი სომხური ოჯახის შვიდი წევრი. მკვლელობას დიდი აღშფოთება და ხმაურიანი დემონსტრაციები მოჰყვა გიუმრიში. აქციები გაიმართა ერევანშიც. დემონსტრანტები მოითხოვდნენ პერმიაკოვის გადაცემას სომხეთის მართლმსაჯულებისათვის, მაგრამ რუსი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პერმიაკოვი დაკავებულია გიუმრის სამხედრო ბაზაზე და მას იქვე გაასამართლებენ. ოფიციალური პირების ცნობით, პერმიაკოვმა აღიარა დანაშაული.

გიუმრიში ოჯახის ამოწყვეტამ მძიმე დარტყმა მიაყენა რუსეთის ურთიერთობას სომხეთთან, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG