Accessibility links

logo-print

ერევანში საპროტესტო აქცია გრძელდება


საპროტესტო აქცია ერევანში

საპროტესტო აქცია ერევანში

ერევანში გრძელდება საპროტესტო აქცია, მიუხედავად პოლიციის არაერთი მოწოდებისა გათავისუფლდეს შეკრების ადგილი ცენტრალურ, ბაგრამიანის, გამზირზე. „ელექტრონულ ერევნად“ წოდებული დემონსტრაციის მონაწილეები კვირაზე მეტია აპროტესტებენ გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს ენერგომომარაგების 16 %-მდე გაძვირებას.

28-29 ივნისის ღამემ ერევანში მშვიდად ჩაიარა. პოლიციას არ მიუმართავს ძალისათვის დემონსტრანტების მიერ გადაკეტილ ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, ბაგრამიანის გამზირზე, „საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად“, მიუხედავად გაფრთხილებისა, რომლითაც დემონსტრანტებს 28 ივნისის საღამოს მიმართეს.

„მოვუწოდებ ყველა დემონსტრანტს 23 საათის შემდეგ ქუჩა გაათავისუფლონ და შინ წავიდნენ ან თავისუფლების მოედანზე გადავიდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიმართავს ყველა კანონიერ ზომას ბაგრამიანის გამზირის გასათავისუფლებლად“, - უთხრა კვირას ჩვენი რადიოს სომხურ სამსახურს ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილემ ვალერი ოსიპიანმა. საყურადღებოა, რომ გუშინ აქციის ორგანიზატორებმაც კი მოუწოდეს დემონსტრანტებს ბაგრამიანის პროსპექტიდან სხვა ადგილას, თავისუფლების მოედანზე, გადასვლისაკენ, მაგრამ შეკრებილების უმრავლესობა უარზე დადგა.

შეძახილების „ბაგრამიანი!“, „სომხეთი!“ ფონზე, დემონსტრანტებმა განაცხადეს, რომ აქციებს გააგრძელებენ, სანამ უპირობოდ არ გაუქმებულა გადაწყვეტილება ელექტრომომარაგების ტარიფის გაზრდის შესახებ. იუწყებიან, რომ დაკავებულია ერთი დემონსტრანტი. პოლიციის ცნობით, ის გამოდიოდა შეიარაღებული პროტესტისაკენ მოწოდებით. ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე იმასაც აცხადებს, რომ დემონსტრანტებს შორის არიან ასაფეთქებელი მოწყობილობებით აღჭურვილი პირები, თუმცა დეტალებზე მას არ უსაუბრია. იუწყებიან იმასაც, რომ მედიის წარმომადგენლებს მოუწოდეს დატოვონ შეკრების ადგილი და ხელი არ შეუშალონ პოლიციის მუშაობას.

ძალადობა მიუღებელია! თქვენ არც კი გიცდიათ პრობლემების რამენაირად მოგვარება. მთელი კვირა ხმას არ იღებდით, ახლა კი მოხვედით და ხელკეტებს აბრახუნებთ...

კვირას გავრცელებული ცნობებით, რამდენიმე პარლამენტარი, შოუბიზნესის წარმომადგენლები და სხვა ცნობილი ადამიანები მივიდნენ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის „ცოცხალი კედლის“ შესაქმნელად.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნიკოლ ფაშინიანმა პოლიციას მოუწოდა ნუ დაშლის მშვიდობიან აქციას:

„ძალადობა მიუღებელია! თქვენ არც კი გიცდიათ პრობლემების რამენაირად მოგვარება. მთელი კვირა ხმას არ იღებდით, ახლა კი მოხვედით და ხელკეტებს აბრახუნებთ“.

ერევანში კვირაზე მეტი ხანია გრძელდება საპროტესტო გამოსვლები. 23 ივნისის დილას პოლიციამ ძალას მიმართა აქციის დასაშლელად. დაშავდა, სულ ცოტა, 20 ადამიანი, მათ შორის დემონსტრანტებიც და პოლიციელებიც.

სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარქსიანმა, შაბათს, 27 ივნისის საღამოს, გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც ძალაში აღარ არის ელექტრომომარაგების 1 აგვისტოდან გაძვირების გეგმა. სარქსიანის განმარტებით, მოსახლეობას 1 აგვისტოდან არ მოუწევს ელექტროენერგიის ახალი საფასურის დაფარვა - არ მოუწევს მანამ, სანამ არ ჩატარდება კომპანია „სომხეთის ელექტრონული ქსელების“ სააუდიტო შემოწმება. შემოწმება დაადგენს, რამდენად გამართლებულია ტარიფების დაგეგმილი 16%-ით გაზრდა, ხოლო სანამ სააუდიტო შემოწმება ჩატარდება, სახელმწიფო დაფარავს კომპანიის მსხვილი ვალისთვის საჭირო ხარჯებს. სომხეთში ელექტრომომარაგების გაძვირება გადაწყდა სწორედ ზემოხსენებული „სომხეთის ელექტრონული ქსელების“ თხოვნით, ეს კომპანია კი რუსეთის ენერგოკომპანია „ინტერ რაოს“ ეკუთვნის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG