Accessibility links

logo-print

ერდოანი და ჟიუპე გენოციდის შესახებ კანონს აკრიტიკებენ


საფრანგეთის სენატის შენობა

საფრანგეთის სენატის შენობა

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ თაიფ ერდოანმა აზრის გამოხატვის თავისუფლების მკვლელობა, რასისტული და დისკრიმინაციული უწოდა საფრანგეთის სენატის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც დანაშაულად მიიჩნევს საფრანგეთში გენოციდად აღიარებული აქტების უარყოფას. კანონი გააკრიტიკა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. გადაწყვეტილებას მიესალმნენ საკუთრივ სომხეთში, ასევე დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ეთნიკური სომხები.

თურქეთის რეაქცია იყო მკაცრი უკვე თავიდან, როცა ეროვნულმა კრებამ დაამტკიცა კანონპროექტი და სენატს გადასცა. დაიძაბა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა. ანკარამ გამოაცხადა, რომ სამხედრო სფეროში ურთიერთობას გაწყვეტს ნატოელ მოკავშირესთან. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ თაიფ ერდოანმა, როგორც გითხარით, აზრის თავისუფლების მკვლელობა უწოდა კანონს. ანკარაში პარლამენტისადმი მიმართვისას მან თქვა, რომ კანონი დისკრიმინაციული და რასისტულია, რომ ის თურქეთისთვის სრულიად არაფერს ნიშნავს:

„კენჭისყრა საფრანგეთის სენატში შედგა მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატთა რიცხვი მცირე იყო. სხდომა იმისთვის ჩატარდა, რომ კენჭისყრა შემდგარიყო. მაგრამ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: პარლამენტის ქვედა პალატა დაამტკიცებს თუ სენატი, ჩვენთვის სომხების გენოციდთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა სრულიად არაფერს ნიშნავს.“

საფრანგეთის ახალი კანონი გულისხმობს ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას და 45 ათასამდე ევროს ჯარიმას იმ შემთხვევაში, თუკი ვინმე უარყოფს იმ ისტორიულ ფაქტებს, რომლებიც საფრანგეთში ამა თუ იმ ეთნოსის მიმართ გენოციდად არის აღიარებული. ერთი ასეთი შემთხვევაა მეოცე საუკუნის მეორე ათწლეულში ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრებ სომეხთა დახოცვა. თურქეთი კატეგორიულად უარყოფს, რომ ეს გენოციდი იყო. მანამდე საფრანგეთში თურქეთის ყოფილმა ელჩმა ულუჩ ოზულკერმა განაცხადა, რომ კანონის მიღება პარლამენტის მიერ პოლიტიკური სვლაა, რათა ხმები მოიგონ საპრეზიდენტო კანდიდატებმა:

„ეს არის პოლიტიკური ჟესტი, რომლის მიზანია, არჩევნებში ხმები მოაპოვებინოს ორივე პრეზიდენტს, პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს. ეს სარკოზისთვის ბოლო შანსი იყო, მეორედ აერჩიათ.“

საკუთრივ საფრანგეთში ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო სენატს გონიერებისკენ მოუწოდებდა და ურჩევდა არ მიეღო კანონი. საგარეო საქმეთა მინისტრმა ალან ჟუპემ მას არამიზანშეწონილი უწოდა. მე, როგორც მინისტრი, ვთვლი, რომ ის უადგილო იყოო, თქვა ჟუპემ, რომელიც თურქეთს აქებს და აცხადებს, ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთი სჭირდებათო:

„თურქეთი დიდი ქვეყანაა, დიდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოა. მასთან ჩვენ კარგი ურთიერთობა გვჭირდება. ახლა ეს ოდნავ გადაჭარბებული რეაქცია, დარწმუნებული ვარ, გადაივლის და ვფიქრობ, დავუბრუნდებით კონსტრუქციულ ურთიერთობას. მე თურქეთს შერიგების ხელს ვუწვდი და იმედი მაქვს, ერთ მშვენიერ დღეს პასუხსაც მივიღებ.“

საფრანგეთში კანონის მიმართ უარყოფითი რეაქცია ჰქონდა ოპოზიციონერ ცენტრისტ პოლიტიკოსს ფრანსუა ბაირუს, რომელიც თვლის, რომ ისტორია კანონით არ იწერება. აღსანიშნავია, რომ ბაირუ ისტორიკოსი და არაერთი წიგნის ავტორია ამ სფეროში და, შესაბამისად, მას პროფესიონალიზმი ალაპარაკებს.
რეაქცია კანონის მიმართ უარყოფითი იყო თურქეთის მოსახლეობაშიც, ასევე უცხოეთში მცხოვრები თურქების მხრიდანაც.

სომეხი ეროვნების ადამიანებმა მსოფლიოში - საკუთრივ საფრანგეთშიც - კმაყოფილება გამოხატეს მომხდარის გამო. საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხების ორგანიზაციებმა საფრანგეთის საელჩოს გზით სიმბოლური მადლობა გადაუხადეს პარლამენტს. საკუთრივ სომხეთში (ეს ქვეყანა თვლის, რომ ოსმალეთის იმპერიაში მილიონ-ნახევარი ეთნმიკური სომეხი დაიხოცა და ეს აქტი გენოციდი იყო) საგარეო საქმეთა მინისტრმა ედუარდ ნალბანდიანმა კანონს მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში საეტაპო უწოდა:

„ეს დღე ოქროს ასოებით ჩაიწერება არა მარტო სომეხი და ფრანგი ხალხების მეგობრობის, არამედ მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის ისტორიაში.“

კანონი, იმისათვის, რომ ძალაში შევიდეს, უნდა დაამტკიცოს პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG