Accessibility links

logo-print
ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინ „ლეგენდარულად“ წოდებულმა ველომრბოლელმა, ამერიკელმა ლენს არმსტრონგმა, აღიარა, რომ თავისი სპორტული კარიერის მანძილზე სისტემატურად მიმართავდა აკრძალულ მასტიმულირებელ პრეპარატებს.

მსოფლიოს ურთულესსა და ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრებაში, „ტურ დე ფრანსში“ შვიდგზის გამარჯვებულმა სპორტსმენმა ეს აღიარება ხუთშაბათს, აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტელეპროგრამაში, „ოპრა უინფრის შოუში“, გააკეთა.

წამყვანის კითხვას, „ტურ დე ფრანსის“ შვიდივე შეჯიბრებაში მიმართა თუ არა სპორტსმენმა აკრძალულ პრეპარატებს, არმსტრონგმა დადებითად უპასუხა. ხოლო კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ „ტურ დე ფრანსის“ შვიდჯერ მოგება აკრძალული პრეპარატების მიუღებლადაც შესაძლებელი იქნებოდა, არმსტრონგის პასუხი უარყოფითი იყო.

41 წლის სპორტსმენმა დასძინა, რომ აკრძალული პრეპარატები ბოლოს 2005 წელს გამოიყენა და დოპინგისთვის აღარ მიუმართავს მას მერე, რაც 2009 წელს, კიბოთი დაავადებით გამოწვეული პაუზის შემდეგ, დიდ სარბიელს დაუბრუნდა.

შარშან ოქტომბერში მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ ლენს არმსტრონგი აკრძალული პრეპარატების ხმარებაში ამხილა და მას სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე პროფესიული ველოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ ამ სახეობის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სპორტსმენს 1999-2005 წლებში მოპოვებული ყველა ჯილდო ჩამოართვა, მათ შორის „ტურ დე ფრანსის“ გამარჯვებულის შვიდივე პრიზი და 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალი.

მთელი თავისი სპორტული კარიერის მანძილზე ლენს არმსტრონგი კატეგორიულად უარყოფდა დოპინგთან დაკავშირებულ ყოველგვარ ბრალდებებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG