Accessibility links

რატომ აპატიმრებენ პოეტს ყაზახეთში


არონ ატაბეკი

არონ ატაბეკი

31 იანვარს 60 წელი შეუსრულდა ცნობილ ყაზახ პოეტსა და დისიდენტს, არონ ატაბეკს. დაბადების დღის აღნიშვნა მას მარტოს უწევს ქალაქ არკალიკის მკაცრი რეჟიმის საპატიმროში, სადაც ის ბოლოხანს გადაიყვანეს საერთო რეჟიმის კოლონიიდან. „ნამდვილი კაცი თავის პატივსა და ღირსებას უნდა იცავდესო“, უთხრა ატაბეკმა ჩვენი რადიოს ყაზახური სამსახურის კორესპონდენტს, რომელიც მას ტელეფონით ესაუბრა მკაცრი რეჟიმის ციხეში გადაყვანამდე ცოტა ხნით ადრე.

2007 წელს არონ ატაბეკს 18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში ბრალდების საფუძველზე. არეულობისას, რომელიც გამოიწვია ალმა-ათაში, შანირაკის რაიონში, ღარიბების დასახლების დანგრევის მცდელობამ, ერთი პოლიციელი დაიღუპა. ატაბეკის გასამართლებაში მისი მხარდამჭერები პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. თვით ატაბეკი ყველა ბრალდებას უარყოფს, ისევე როგორც მთავრობის წინადადებას, აღიაროს დანაშაული, რათა შეწყალებულთა სიაში მოხვდეს.

ატაბეკი არა მარტო უარს ამბობს შეწყალებაზე - მას ციხის რეჟიმის დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებენ, რის გამოც ახლა ორი წელი მოუწევს სამარტოო საკანში ყოფნა.

„ნამდვილი მამაკაცისათვის ღირს დაიცვას საკუთარი პატივი და ღირსება, როცა „რეჟიმის დამრღვევებსა“ და „შფოთის თავებს“ შორის აღმოჩნდება“, ამბობს ატაბეკი ჩვენს რადიოსთან საუბარში.

ატაბეკი ერთხელ უკვე იყო არკალიკის სამარტოო საკანში, მაშინაც ორი წლით, 2010-დან 2012-მდე. პატიმარი იხსენებს, რომ მისთვის ერთი წიგნიც არ მიუციათ, ჭადრაკის სახელმძღვანელოს გარდა, ერთხელაც არ დაურთავთ ნება, რომ ტელეფონით ესარგებლა და ერთადერთხელ გადასცეს წერილი და ამანათი ოჯახისაგან. სამაგიეროდ, პატიმრობის მეორე წელს ტელევიზორი და რადიო მქონდა, რადიო თავისუფლების ყაზახურ სამსახურს ვუსმენდიო, ამბობს არონ ატაბეკი.

„პირობები ძალიან მძიმეა: 24-საათიანი ვიდეოთვალთვალი. გასასეირნებლად ხელბორკილებითა და ნიღბით გავყავართ, სახეზე რომ ვერავინ გვიცნოს. მთელი ეს სისტემა ჯერ კიდევ სტალინის დროს არის შექმნილი და ასეთივე რჩება. ახლა კიდევ უფრო გაუარესებულია“.

გაუარესება, ატაბეკის თქმით, შეინიშნება მას შემდეგ, რაც ყაზახეთში სასჯელაღსრულების სისტემა 2011 წელს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებიდან გამოვიდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. ამას მოჰყვა პატიმრების დამამცირებელი ქმედებების, ძალადობისა და წამების გახშირება... ატაბეკი ამბობს, სულ ცოტა, სამი ადამიანი ვიცი, ციხეში წამების შედეგად რომ გარდაიცვალაო.

„ასეთია თანამედროვე სისტემის სახე. მე ამას ვუწოდებდი ნაზარბაევის რეჟიმის აგონიას. რასაკვირველია, ის ოფიციალურად ჯერ კიდევ ტახტზე ზის, მაგრამ ტახტი დალპა. ამას ადასტურებს ჟანაოზენის 2011 წლის მოვლენები, ამას ადასტურებს ისიც, რაც შანირაკის უბანში მოხდა“, ამბობს არონ ატაბეკი.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ-დასავლეთ ყაზახეთში მდებარე ქალაქ ჟანაოზენში 2011 წლის დეკემბერში 16 ადამიანი დაიღუპა, როცა პოლიციამ და ჯარმა ცეცხლი გაუხსნეს საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

ყაზახი დისიდენტი ამბობს, რომ ციხეში ბევრ სხვა პატიმარზე უკეთ ეპყრობიან - არ სცემენ, მაშინ როცა არიან ისეთები, ვისაც სასტიკად უსწორდებიან, ხელკეტებით აუპატიურებენ... სამარტოო პატიმრობის საკანში მოთავსების ნამდვილ მიზეზად მას მიაჩნია ციხეში დაწერილი წიგნი, „ევრაზიის გული“, რომელიც ბოლოხანს ინტერნეტში გამოქვეყნდა და რომელშიც მკაცრად არის გაკრიტიკებული პრეზიდენტ ნაზარბაევის მმართველობა.

არონ ატაბეკი ლექსების წერასაც განაგრძობს - რუსულ ენაზე. 2010 წელს მას საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „შემოქმედების თავისუფლების“ პრემია მიენიჭა.
XS
SM
MD
LG