Accessibility links

logo-print

თბილისიდან 5 კილომეტრის დაშორებით ვაზიანის დასახლებაა. ყოფილ სამხედრო დასახლებაში, სადაც 41 კორპუსი დგას, ხალხს უამრავი პრობლემა აქვს. რატომ უწოდებს მოსახლეობა ადგილს, სადაც თავად ცხოვრობს, „მეცამეტე რაიონს“, ისე როგორც ერთ ცნობილ ფილმშია? რას ითხოვენ ვაზიანელები და ვინ არის პასუხისმგებელი მათი პრობლემების მოგვარებაზე?

სასმელი წყალი, ბუნებრივი აირი, კანალიზაცია, სანაგვე ყუთები, ექიმი, აფთიაქი - ეს ის არის, რაც ვაზიანის დასახლების მცხოვრებთ აუხდენელ ოცნებად ექცათ. დასახლებაში არც ხეებია და არც მწვანე საფარი, ასფალტი დასახლებასთან წყდება და ძლიერი ქარის დროს ჰაერში პოლიეთილენის პარკები დაფრინავენ. ყოფილ სამხედრო დასახლებაში უკვე წლებია აფხაზეთიდან დევნილები, მაღალმთიანი სოფლებიდან ჩამოსახლებულები და სოციალურად დაუცველი ოჯახები ცხოვრობენ. მათმა უმეტესობამ სახლები დაბალი ფასის გამო რუსი სამხედროებისგან ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე შეიძინა. ვაზიანი გარდაბნის მუნიციპალიტეტში შედის, კორპუსები კი ჯერ კიდევ თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა.

რეზო იმ ერთ-ერთ ავარიულ კორპუსში ცხოვრობს, რომლის ნაწილიც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ჩამოინგრა. რადგან ბინის პრივატიზებას ვერ ახერხებს, არც ის იცის, დახმარებისთვის ვის მიმართოს:

„ვაზიანში დაკანონებული არაფერი არ არის. ყველაფერი დაუკანონებელია და ყველა იმას გვეუბნება, თქვენ ჩვენ არ გვეკუთვნითო. თუ ქართველი ვარ და თან საქართველოს ტერიტორიაზე ვცხოვრობ, ვინმეს როგორ არ ვეკუთვნი?“

ვაზიანიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსები მხოლოდ საღამოს 7 საათამდე დადიან - ისიც, მხოლოდ ერთი, ნავთლუღის მიმართულებით. ღამით კი დასახლება, სადაც არც ექიმია და არც ამბულატორია, ქალაქს მთლიანად მოწყვეტილია. სასწრაფო დახმარებას გამოძახებაზე მოსასვლელად, სულ მცირე, ნახევარი საათი სჭირდება. ყველაზე მეტად კი აქაურებს მაინც ავარიული კორპუსები, ანტისანიტარია და წყლისა და კანალიზაციის უქონლობა აწუხებთ. გიულიც, სხვების მსგავსად, ეზოს ონკანიდან ეზიდება წყალს. წყალი აქ დიდი ფუფუნებაა და სამ დღეში ერთხელ მოდის, ამიტომ უნდა მოიმარაგონ:

„წყალს აქედან ვიღებთ. ხან აქაც იყინება. მერე სადღაც იქით ჩანჩქერზე მივდივართ და იქიდან მოგვაქვს. თვითონ კორპუსები კი წყალზე ტივტივებს. საძირკველი სულ გამოცლილი აქვს და ველოდებით - ან დღეს დავიქცევით, ან ხვალ. კანალიზაცია არ არის და ყველაფერი სარდაფში ჩადის. როგორც კი დათბება, მცურავები ამოდიან და ყველაფერი ვირთხებით ივსება“.

ყველაზე მძიმე აქ იმ ოჯახებისთვის არის ცხოვრება, ვისაც ბავშვები ჰყავს. სკოლისა და საბავშვო ბაღის გარდა, აქ მათთვის არაფერია. ერთ დიდ და გაყინულ ოთახში დარბაზია მოწყობილი - ცეკვისა და ვარჯიშისთვის, ეზოებში გამოსულები კი, სათამაშო მოედნების ნაცვლად, ნანგრევებში თამაშობენ ბურთებით, რომლებსაც ბავშვის ნახმარი საფენებისგან თავად აკეთებენ. მეგი სულაკაძესაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, რომლებთან ერთადაც ვერც შინ გრძნობს თავს უსაფრთხოდ და ვერც გარეთ:

„როცა ქარია, ნებისმიერ ხმაურზე გარეთ გამოვრბივართ. კორპუსს რომ რამე დაემართოს, ჩვენც თან ჩაგვიყოლებს. თან აქ ახლოს პოლიგონია, სროლის დროსაც ყველაფერი ზანზარებს. სულ დაძაბულები ვართ და ბავშვების სახელებს ვყვირით. ნანგრევებზე გადადიან და გვეშინია. ჯერ სახლში ვართ გამუდმებულ შიშში, გარეთ გამოვლენ და უარესი ხდება“.

დასახლებაში მხოლოდ ათიოდე ნაგვის ურნა დგას, ისიც მხოლოდ ერთ ადგილას და სანამ რამდენიმე დღეში ერთხელ დასუფთავების სამსახური მოვა, ნაგვით სავსე ურნებს ძაღლები ან თხები სტუმრობენ.

„ხალხი ნაგავს ურნებში ყრის, მაგრამ მერე ძაღლები და თხები მოდიან და უკან ყრიან. პირველ რიგიში, ამას უნდა მიხედონ. აქ იმდენი ძაღლია, რომ მალე, ალბათ, ადამიანებზე უფრო ბევრნი იქნებიან“.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის უფროსის დავით ჯანაშიას თქმით, ტენდერი ახლახან დასრულდა და ვაზიანში დამატებითი ურნების შეტანა იგეგმება, სხვა პრობლემების მოგვარება კი, როგორც აღმოჩნდა, მათ კომპეტენციაში არ შედის:

„მოგეხსენებათ, ბუნებრივი აირი არ არის გამგეობის კომპეტენცია. არსებობს კერძო კომპანიები, რომლებსაც მოქალაქეებმა თვითონ უნდა მიმართონ, დადონ კონტრაქტი და შეიყვანონ ბუნებრივი აირი. არ შეიძლება ეს ჩვენგან დაფინანსდეს. არამიზნობრივი ხარჯია ჩვენთვის, რადგან წლისა და ბუნებრივი აირის მიწოდება თვითმართველობის ვალდებულება არ არის“.

ადამიანებმა, რომელთა უმეტესობაც სოციალურად დაუცველია, კერძო კომპანიებთან კონტრაქტის დადება თავად ვერ მოახერხეს, ამიტომ კომუნიკაციები მხოლოდ იმ რამდენიმე კორპუსში იქნება, რომლებსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო აშენებს. ოთხი კორპუსის შენება და ორის რეაბილიტაცია 2013 წელს დაიწყო. სამინისტროს ახალმა შემადგენლობამ გადაწყვიტა კორპუსების მდგრადობა შეემოწმებინა და რადგან ხარვეზები აღმოაჩინეს, შესახლების პროცესი ჯერაც არ დაწყებულა.

„იმ კორპუსებში, სადაც ჩვენ სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებს ვასრულებდით, აღმოჩნდა, რომ შპს „new construction”-ის მიერ რეაბილიტირებული ორი შენობა საცხოვრებლად ვარგისი არ არის, „ტრანმშენის“ მიერ განხორციელებულ მშენებლობებში კი ტენდერი გამოცხადებულია, გამარჯვებული კომპანიაც გამოვლენილია, სამუშაოებიც განხორციელებულია და წყალი მიეწოდება. როდესაც ამ კორპუსებში შესახლება მოხდება, წყლისა და ელექტროენერგიის პრობლემა არ იქნება, თუმცა, როგორც ვიცი, დასახლებისთვის ეს დიდ პრობლემად რჩება“, ამბობს მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი.

დასახლებაში კიდევ უამრავი პრობლემაა, რომელთა მოგვარების პირობას მოსახლეობას მხოლოდ წინასაარჩევნოდ აძლევენ. თუმცა, როგორც იქაურები ამბობენ, დასახლება ისევ „მეცამეტე რაიონად“ რჩება, სადაც არაფერია და თითქოს არც რუკაზე არსებობს, საერთოდ. აქ ყველაფერი გამოგონილს ან ფილმისთვის სპეციალურად შექმნილ ბუტაფორიას ჰგავს, ისევე როგორც ერთადერთი სილამაზის სალონი და სამკერვალო, რომელიც ორსართულიანი შენობის ერთ პატარა ოთახშია მოთავსებული. სალონის სტილისტი და მკერავი ანა შეშის ღუმელთან თბება და ჰყვება, რომ მის მიერ შეკერილი საქორწილო კაბები, რომლებიც უკვე წლებია ფანჯარასთან მდგომ მანეკენებს აცვიათ, პატარძლებს ელოდებიან. კაბები ჯერ არასდროს გაქირავებულა. ვაზიანელებს ქორწილებისთვის, ლამაზი კაბებისა ან ვარცხნილობისთვის არც ფული აქვთ და არც ხალისი. ისინი ჯერ კიდევ უსაფრთხო სახლებზე, სასმელ წყალსა და ბუნებრივ აირზე ოცნებობენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG