Accessibility links

logo-print

ქართველი მხატვრები "სოთბის" გამოფენა-გაყიდვაზე


"სოთბის" აუქციონი

"სოთბის" აუქციონი

ირაკლი ფარჯიანი, თამარ კვესიტაძე, ალექსანდრე ბანძელაძე, ავთო ვარაზი, ჯიბსონ ხუნდაძე, ლევან ჭოღოშვილი, მერაბ აბრამიშვილი, კოკა რამიშვილი, კოტე სულაბერიძე - ესაა ჩამონათვალი ქართველი მხატვრებისა, რომელთა ნამუშევრები გამოიფინება და გაიყიდება, თუ მყიდველი გამოჩნდა, ლონდონში, სადაც "სოთბის" სააუქციონო სახლი საგანგებოდ აწყობს კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნების ძველი და ახალი თაობების წარმომადგენელთა გამოფენა-გაყიდვას, სახელწოდებით „გზაჯვარედინზე“. "სოთბის" ამ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 50-მდე მხატვრის ნამუშევრები. ცოცხალი მხატვრებისთვის ეს უდიდესი შანსია არა მხოლოდ იშოვონ ფული, არამედ გაითქვან სახელი, აწ გარდაცვლილთა ახლობლებისთვის კი, მათი ნამუშევრების მფლობელთათვის, ასევე პოპულარობის ზრდასთან ერთად, ფინანსური მხარეც არ იქნება უმნიშვნელო. მხატვართა სპექტრი ერთობ მრავალფეროვანია - აქ არიან სოცრეალიზმის წარმომადგენლებიც, ნონკომფორმისტი მხატვრებიც, ღრმა სულიერების გზით მავალი და პოსტმოდერნისტული თამაშით გართულებიც. ფაქტია, რომ გამოფენაზე წარმოდგენილთა უმეტესობა ყოფილ საბჭოთა კავშირში ჩამოყალიბდა ხელოვანად. არა მხოლოდ ამით აიხსნება ის, რომ გამოფენის კურატორია ჯოანა ვიკერი, რომელიც "სოთბის" რუსეთის განყოფილებას განაგებს და თავისი ორგანიზაციის სურვილს გვიმხელს.

„ჩვენი სურვილი იყო შემდეგი: წარმოგვედგინა ის ხელოვნება, რომელიც იქმნებოდა 1960-იანი წლების შემდეგ - მთელი ამ წლების განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები. და თუ ახლა თვალს გადავავლებთ „პერესტროიკისა“ და „გლასნოსტის“ შემდგომ ბოლო 20 წელიწადს, - საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოყოლებული, დღევანდლამდე, - ვნახავთ, რომ ეს ქვეყნები ხელოვნებაში ეძებენ ეროვნულ იდენტურობას, იმას, რაც სრულიად ამოძირკვული იყო საბჭოთა რეალისტურ ხელოვნებაში“, ამბობს "სოთბის" წარმომადგენელი, რომელიც, ალბათ, მათ რიგში იყო, ვინც შეარჩია ნამუშევრები გამოფენა-გაყიდვაზე წარდგენილი მასალიდან.

გალერეა "ბაია“ ერთ-ერთია, რომელმაც ნამუშევრები წარადგინა "სოთბიში", მასთან ერთად კი - „თი-ბი-სი-არტ გალერეამ“ და სამმა მხატვარმა, დამოუკიდებლად. ბაია წიქორიძეს, გალერეა "ბაიას“ მფლობელს, სწორედ მაშინ ვესაუბრეთ, როცა მისი თვითმფრინავი ის-ის იყო, აფრენას აპირებდა. გალერისტი 4 მარტს ლონდონში ამ გამოფენა-გაყიდვაზე იქნება. მისი გალერეიდან "სოთბიზე" აბრამიშვილის, ფარჯიანისა და სულაბერიძის ნამუშევრები გამოიფინა.

„თვითონ შეარჩიეს. ანუ, მე მასალა მივაწოდე, რადგანაც დიდი ხანია ამ მხატვრებზე ვმუშაობ. არჩევანი მათ გააკეთეს ძალიან დიდი მასალიდან“, გვითხრა ბაია წიქორიძემ.
ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია, პირადად, ქართველი მხატვრის, მერაბ აბრამიშვილის ტილო. სამწუხაროდ, ის გარდაიცვალა 2006 წელს, 56 წლისა. მას შესანიშნავი, ფიგურატული სტილი აქვს...

ირაკლი ფარჯიანის ნამუშევარი, რომელიც ლონდონში წაიღეს, ბერლინის ციკლიდანაა. ესაა 1989 წლით დათარიღებული „ჯვარცმა“. ხუნდაძის ფიროსმანის „მეტამორფოზები“ ზეთში შესრულებული საშუალო ზომის ტილოა. ლონდონში წაიღეს ასევე ავთანდილ ვარაზის „ხარის თავი“, ლევან ჭოღოშვილის „უსათაურო“, ალექსანდრე ბანძელაძის „კომპოზიცია“, მერაბ აბრამიშვილის „კუმაონის კაციჭამია“ და სხვები. ამ უკანასკნელზე ჯოანა ვიკერი, "სოთბის" წარმომადგნელი, ამბობს:

„ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია, პირადად, ქართველი მხატვრის, მერაბ აბრამიშვილის ტილო. სამწუხაროდ, ის გარდაიცვალა 2006 წელს, 56 წლისა. მას შესანიშნავი, ფიგურატული სტილი აქვს. ცხოვრობდა ესკეიპიზმის სამყაროში, რაც ასევე ახასიათებს საბჭოთა პერიოდის იმ მხატვრებს, რომლებიც არ მუშაობდნენ საბჭოთა რეალისტური მანერით. აბრამიშვილის ნამუშევარი, რომელსაც გასაყიდად გამოვფენთ, ასეა დასათაურებული: „კუმაონის კაციჭამია“. ეს არის მისტიკური მხეცი, ვეფხვისნაირი, და დახატულია როგორც აღმოსავლური მინიატურა, დეტალურად. მართლაც საუცხოოა!“
მერაბ აბრამიშვილის ტილო „კუმაონის კაციჭამია“

მერაბ აბრამიშვილის ტილო „კუმაონის კაციჭამია“


ასეთ გამოფენაში მონაწილეობას რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ცხადია. ბაია წიქორიძე გვეუბნება, რომ ქართველ მხატვრებს აუქციონებში უწინაც მიუღიათ მონაწილეობა:

„მანამდე კი გადიოდნენ ქართველი მხატვრები, ცალკ-ცალკე, ოღონდ სულ აუქციონებზე. გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა პირველია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ორგანიზაცია ხელოვნების ბაზრის სფეროში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ხელოვნებისა და ქართული ხელოვნების ბაზრისთვის“.

გამოფენა-გაყიდვა გულისხმობს ნამუშევრების შეფასებას, მათზე ფასის დადებას და გაყიდვას. თუ რა ღირს ეს ნამუშევრები, ბაია წიქორიძე ვერ გვიმხელს. ისე, თუ მყიდველი ხართ, არ იქნება ძნელი გაარკვიოთ, რა ღირს თქვენი მოწონებული ნამუშევარი: "სოთბის" საინტერნეტო გვერდი საჯაროა.

„სამწუხაროდ, ვერაფერს გეტყვით, რადგანაც ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია და ჩვენ ხელი გვაქვს მოწერილი ამ კონფიდენციალობის დაცვაზე. ეს არ არის აუქციონი, ეს არის გამოფენა-გაყიდვა. და იქ, "სოთბის" საიტზე, დევს მთელი ეს მასალა, სადაც მითითებულია, რომ თუ რომელიმე კონკრეტული მხატვრის ფასი გაინტერესებთ, მათ შეგიძლიათ მიმართოთ“.

როგორც "სოთბის" გამოფენა-გაყიდვის ორგანიზატორებმა გაგვიმხილეს, ნამუშევართა ფასები სამიდან 500 ათასამდე მერყეობს. კონკრეტულად, ცნობილი ისაა, რომ ამ პოსტსაბჭოთა ქვეყნების მხატვართა შორის ყველაზე ძვირად აზერბაიჯანელი თაირ სალახოვის მიერ 1987 წელს შექმნილი კომპოზიტორ დმიტრი შოსტაკოვიჩის პორტრეტია შეფასებული. ჯოანა ვიკერი ნამუშევარზე ამბობს, რომ ის კოლექციონერების დიდ ყურადღებას იქცევს:
ეს არის მცდელობა, ფეხი შედგან ამ პოტენციური მდიდრების, ახალი კოლექციონერების საზოგადოებაში. ამ რეგიონებში - განსაკუთრებით აზერბაიჯანსა და ყაზახეთში - არის ზოგიერთი ძალიან მდიდარი ადამიანი...

„ეს ნამუშევარი შოსტაკოვიჩის გასაოცარი პორტრეტია. მხატვარმა ის რამდენჯერმე დახატა. ის, მართლაც, ფანტასტიკური ნამუშევარია და ჩვენი ტრადიციული რუსი კოლექციონერების ყურადღებას მიიქცევს. მისი შეფასება მოხდა ბაზრის მოთხოვნის გათვალისწინებით“.

სამხატვრო სცენასთან დაახლოებული ადამიანებისთვის ცნობილია, რომ ქართველი მხატვრები, მათ შორის, ამ გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილებიც, თავიანთ ნამუშევრებს დასავლეთში „კაპიკეპად“ ყიდიდნენ და სხვები შეიძლება დღესაც აგრძელებენ, სწორედ ამ მიზეზით, ამ ბაზრის პირობების კარნახით, რომ რაც უნდა კარგად ხატო, ბაზარი უნდა გიცნობდეს. "სოთბის" ამ გამოფენა-გაყიდვას აქვს უნარი, არა მარტო მხატვრებს, თვით "სოთბისაც" გაუხსნას გზა ფულის მქონე ადამიანებისკენ აუთვისებელ რეგიონებში. „ფაინენშელ ტაიმსის“ ლონდონელი ჟურნალისტი ჯეორჯინა ედემსი, რომელიც ხელოვნების ბაზარს იცნობს, ამ გამოფენის შესახებ ამბობს:

„ეს არის მცდელობა, ფეხი შედგან ამ პოტენციური მდიდრების, ახალი კოლექციონერების საზოგადოებაში. ამ რეგიონებში - განსაკუთრებით აზერბაიჯანსა და ყაზახეთში - არის ზოგიერთი ძალიან მდიდარი ადამიანი. და "სოთბის" თვალსაზრისით, ეს არის გზა, დაუკავშირდეს ამ რეგიონების მდიდრებს იმ იმედით, რომ მათ სხვა ნივთებიც შეისყიდონ“.
ირაკლი ფარჯიანის "ჯვარცმა"

ირაკლი ფარჯიანის "ჯვარცმა"


ცნობილია ისიც, რომ ხელოვნების ნაწარმოებებში ფულის ჩადება ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ინვესტიციაა. "სოთბი" ეძებს ბაზრებს - ჩინეთს, აფრიკას, ინდონეზიას - და ეს გამოფენა-გაყიდვა შუა აზიისა და კავკასიის მხატვრებისა, მისი ხელმძღვანელების აზრით, პოსტსაბჭოთა მდიდრებს მიიზიდავს.

დაბოლოს, გეტყვით, რომ „გზაჯვარედინზე“ დააფინანსა ყაზახეთის კორპორაცია „ევრაზიის ბუნებრივმა რესურსებმა“. გამოფენის შედეგებზე - რა და როგორ გაიყიდება - მარტის შუა რიცხვებში გიამბობთ. გამოფენა 4-დან 12 მარტამდე იმუშავებს.
XS
SM
MD
LG