Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახსენი ”არტარეა”


პორტალი ”არტარეა.ჯი” არის პირველი ქართული პორტალი ხელოვნების თითქმის ყველა დარგის შესახებ, რომელიც მაისის დასაწყისიდანაა მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი. როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, პორტალმა უკვე მოიპოვა საზოგადოების გარკვეულ წრეებში პოპულარობა და პორტალის ამოქმედებიდან ორ კვირაში მნახველთა რიცხვმა 50 ათასს მიაღწია. თავისი არსებობის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თიბისი ბანკმა გადაწყვიტა შეექმნა პირველი კულტურული ფორმატის ვებპორტალი, ანუ ე.წ. ვებტელევიზია ¬ - „ახალი მედია - ინტერნეტტელევიზია ხელოვნების პოპულარიზაციისთვის“.

ახლა თუ მისმენ, ე.ი. რადიო ჩართული გაქვს. რადიოს მოსმენის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, მაგალითად: რადიო - მანქანაში, რადიო - სახლში, რადიო ქუჩაში - ყურსასმენებით, რადიო - კომპიუტერში. მოდით, შევჩერდეთ კომპიუტერზე. თუკი კომპიუტერთან ახლოს ხარ, მაშინ კიდევ ერთ ამბავს გეტყვი: გამოიძახე ბროუზერი. საძიებო ველში აკრიფე www.artarea.ge. აკრიფე? ძალიან კარგი. შენი კომპიუტერის მონიტორზე გაშლილია შავი ფერის გვერდი, ცისფერი სიმბოლოებით და ვიდეოფანჯრით, სადაც „არტარეა.ჯის“ ერთ-ერთი ვიდეობლოგის წარდგენა ტრიალებს: მარჯვნივ -ვიდეობლოგერებისა და ბლოგერების ჩამონათვალი, მარცხნივ - საკმაოდ ვრცელი სია იმ ვიდეობლოგების, რომელთა ნახვაც მომხმარებელს შეუძლია. დანარჩენში თავად გაერკვევით.

მოვიცავით ყველაფერი - კინო, თეატრი, მუსიკა, ლიტერატურა, მოდა და ა.შ. პორტალი წარმოაჩენს ჩვენი ბლოგერების ხედვას კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით ...
სოფიო ხუნწარია

კინო, თეატრი, ლიტერატურა, მოდა, მუსიკა, კულტურული მემკვიდრეობა, პოპ-კულტურა, სამეცნიერო ფანტასტიკა და კიდევ ძალიან ბევრი რამ, უფრო სწორად, ყველაფერი, რაც ხელოვნებას ეხება - ანუ „არტარეა. ჯი“, პორტალი ხელოვნებაზე.

ვებპორტალი მომხარებლისათვის მაისის დასაწყისში გახდა ხელმისაწვდომი. პორტალის ავტორები არიან როგორც ცნობილი, ასევე ნაკლებად ცნობილი სახეები და სახელები, მათ შორის - ნინო დარასელი, ქეთი მაჭავარიანი, ვატო წერეთელი, გიორგი კეკელიძე, ნატალია ბერიძე, გიორგი კალანდია, ზურა ჯიშკარიანი, პაატა შამუგია და კიდევ ბევრი, სულ 29 ვიდებლოგერი და ბლოგერი.

”გამორთე ტელევიზორი და ჩართე ‘არტარეა’ ”, - ეს არის პირველი მესიჯი, რომელიც პროექტის ავტორებმა საზოგადოებას გაუგზავნეს. და რატომ უნდა გამოვრთო ტელევიზორი და რატომ უნდა ჩავრთო „არტარეა“? - ვეკითხებით პროექტის ხელმძღვანელს, სოფიო ხუნწარიას, რაზეც ის გვიპასუხებს:

”მოვიცავით ყველაფერი - კინო, თეატრი, მუსიკა, ლიტერატურა, მოდა და ა.შ. პორტალი წარმოაჩენს ჩვენი ბლოგერების ხედვას კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. მომხმარებელს თემებს დავანახვებთ იმ კუთხით, რომელიც მათთვის უცხოა, მაგრამ შეიძლება ძალიან საინტერესო აღმოჩნდეს. ვცდილობთ მოვიცვათ ხელოვნების ყველა დარგი, ოღონდ განსხვავებულ ფორმატში. სულ მეკითხებიან, ყველაფერი იქნება კულტურის შესახებ? ვცდილობთ, რომ იყოს ყველაფერი, ოღონდ ცოტა სხვა კუთხიდან დანახული, იმისათვის რომ ის გახდეს უფრო საინტერესო და უფრო გადამდები”, - ამბობს სოფიო ხუნწარია.
მე ისეთ რაღაცებზე ვამახვილებ ყურადღებას, რაც საზოგადოების თვალსაწიერში ნაკლებად ხვდება, მაგრამ ის, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა ...
ვატო წერეთელი

ოდეონი, მისტერია, ქართული, ლიტარეა, ჰოსპიტალი, SpacePunk, Fashion Beat, Breaking News, სელექტ2, დილის აერობიკა - ეს იმ ვიდეობლოგების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც ამ დროისათვის „არტარეა“ მომხმარებელს სთავაზობს.

შევიხედოთ ვიდეობლოგში ”ბრეიქინგ ნიუს”. ბუნებრივია, ვიდეობლოგში შესვლისას ჩნდება მოლოდინი, რომ იქ შევიტყობთ ხელოვნების რომელიმე დარგში მიმდინარე ცხელ-ცხელ ამბებს, მაგრამ ვიდეობლოგს სულ სხვა მიმართულებით მივყავართ. მხატვარი ვატო წერეთელი, ბლოგის ავტორი, უკეთ გვეტყვის თავისი იდეის შესახებ:

”მე ისეთ რაღაცებზე ვამახვილებ ყურადღებას, რაც საზოგადოების თვალსაწიერში ნაკლებად ხვდება, მაგრამ ის, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა. ჩვენ ყველამ ჩვენი Breaking News უნდა აღმოვაჩინოთ”, - ამბობს ვატო და თავის მიზანს ასე გვიხნის: „აი, მაგალითად, ჩემი ბლოგის მიზანია მომხმარებელს გააგებინოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შემოქმედებითობის გადატანა ხელოვნების სივრციდან სხვა სივრცეებში, თუნდაც აგროკულტურაში ან ნებისმიერ სხვა სფეროში. თუკი შემოქმედებითად მოაზროვნე ადამიანების იდეები სხვა დარგებშიც იქნება გათვალისწინებული, ის მათ აუცილებლად გაამდიდრებს“, - სჯერა ვატო წერეთელს.

მოდით, ახლა შევიტყოთ ”არტარეას” მთავარი პროდიუსერის, ნინო დარასელის ვერსია იმისა, თუ რატომ უნდა ვიყოთ „არტარეას“ მომხმარებლები:

”პირადად ჩემთვის ”არტარეა” არის კარგი საშუალება იმისათვის, რომ ბევრმა ხელოვანმა, რომელიც ჩვენს გარშემოა, საუკეთესოდ წარმოაჩინოს საკუთარი თავი. სულ ისმის წუხილი იმის თაობაზე, რომ საქართველოში არაფერი არ ხდება და არ კეთდება. სინამდვილეში, აქ მართლა ბევრი რამე კეთდება, უბრალოდ, ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, ყურადღების მიღმა რჩება. ქართულ მედიაში პოლიტიკა ძალიან დიდი დოზით არის წარმოდგენილი. ამ დროს კი ყურადღების მიღმა რჩება იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც საინტერესო რაღაცებს ქმნიან. სწორედ ამიტომ ჩვენ ვცდილობთ შევქმათ პორტალი, კულტურული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი ფუნქციებით დატვირთული; ვაჩვენოთ საზოგადოებას, თუ რა ხდება პოლიტიკის მიღმა. „არტარეაში“ თავი მოიყარეს იმ ადამიანებმა (ნაწილმა, რა თქმა უნდა), რომლებიც დღეს საქართველოში თანამედროვე ხელოვნებას ქმნიან. შეიძლება ფართო საზოგადოებისათვის ისინი ნაკლებად არიან ცნობილნი, მაგრამ სახელოვნებო და ლიტერატურულ წრეებში, ასევე ესოდენ პოპულარულ სოციალურ მედიაში მათ კარგად იცნობენ, კითხულობენ, უყურებენ, ეცნობიან და უსმენენ. ერთხელ, მას შემდეგ, რაც ჩვენი ერთ-ერთი ბლოგერის პუბლიკაცია წავიკითხე, ვიხუმრე კიდეც, მინიმუმ ერთი საფეხურით ჭკვიანი გავხდი, ვიდრე 15 წუთის წინ ვიყავი-მეთქი“, - ამბობს ნინო დარასელი.

გეძლევა სრული თავისუფლება - წერე, როგორც გინდა, რაც გინდა, რა ჟანრისაც გინდა. შეგიძლია დაწერო ლექსი, იგავი, რომანიც კი და ა.შ. ...
პაატა შამუგია

გარდა მთავარი პროდიუსერობისა, ნინო დარასელი „არტარეაში“ ორი ვიდეობლოგით არის წარმოდგენილი - ”სელექტ2” და ”ID”. მაგალითად, ვიდეობლოგ ”ID” - ის რესპონდენტის მოვალეობაა წამყვანის მიერ შეთავაზებული ფრაზები დაასრულოს - აი, მაგალითად: ასი წლის შემდეგ ჩემზე დაწერენ...მე რომ მოხუცი ვიქნები... არავინ იცის, რომ...მოხუცი, ალბათ, ვიქნები...ცხოვრებას, რომ თავიდან ვიწყებდე...

”ამ ვიდეობლოგს ჯერჯერობით ბევრი მნახველი ჰყავს და, ვფიქრობ, ჯერჯერობით ასე გავაგრძელო. ჩვენ დროში დიდი ინფორმაცია მომხმარებლისათვის უკვე რთული მისაღებია. თითქოს მოკლე ტექსტური გზავნილების ფორმატზე გადავედით. ამიტომ მგონია, რომ ეს უფრო ადვილად მისაღები და მოსასმენი ინტერვიუებია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე ბევრად საინტერესო ინტერვიუები იწერება ”არტარეაში”, - ამბობს ნინო დარასელი.

ინტერვიუები „არტარეაზე“ მართლა ბევრია. ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები საუბრობენ ლიტერატურაზე, ისტორიაზე, კინოზე, მუსიკაზე. ინტერვიუებს ცნობილ ადამიანებთან, ალბათ, არ ჩაწერს ”არტარეას” ბლოგერი პაატა შამუგია. სამაგიეროდ, როგორც პაატა გვეუბნება, ის აპირებს წეროს საინტერესო კულტურულ ტენდენციებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და კიდევ სოციალურ თემატიკაზეც, ოღონდ აუცილებლად კულტურასთან კავშირში:

”გეძლევა სრული თავისუფლება - წერე, როგორც გინდა, რაც გინდა, რა ჟანრისაც გინდა. შეგიძლია დაწერო ლექსი, იგავი, რომანიც კი და ა.შ. ვფიქრობ, რაზე შეიძლება დავწერო და გადავწყვიტე დავწერო რიგზე. მივხვდი, რა საშინელი და ექსკლუზიურად ქართული რამეა ეს რიგი, როდესაც ყველა ცდილობს შენ წინ გაიჭრას. მერე ეს დავაკავშირე ვლადიმერ სოროკინის ნაწარმოებთან ”რიგი”, კიდევ დავაკავშირე ფილმთან ”მაიკლი”. თუ გახსოვთ, ჯონ ტრავლოტა თამაშობს შეურაცხადი ანგელოზის როლს, ანგელოზისა, რომელიც ამბობს, რომ გამოიგონა რიგი. მე მგონია, რომ ჯონ ტრავლოტას ანგელოზმა ქართული რიგი გამოიგონა და თუ რატომ, ამას წაიკითხავთ ჩემს ბლოგში”, - ამბობს პაატა შამუგია.

როგორც პროექტის წარმომადგენლები გვიხსნიან, „არტარეა.ჯი“-ის შემდგომი ეტაპი იმ რეალური სივრცის შექმნაა, რომელზეც ყველა ხელოვანი ოცნებობს, სადაც ჩატარდება მასტერკლასები, კონცერტები, გამოფენები, პრეზენტაციები, პერფორმანსები და ა.შ. „არტარეა“-ში ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში თბილისში მდებარე ერთ-ერთი ქარხნის ტერიტორია ხელოვნების კერად გარდაიქმნება და „ქალაქში გაჩნდება დიდი კუნძული, სადაც კულტურა შეიქმნება“...
XS
SM
MD
LG