Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არტისტერიუმი 2013“ - როგორ დავინახოთ და მივიღოთ ყველაფერი ის, რაც განსხვავებულია


„არტისტერიუმი 2013“
„არტისტერიუმი 2013“
წელს უკვე მეექვსედ, თბილისში სხვადასხვა საგამოფენო სივრცე, გალერეა თუ დარბაზი „არტისტერიუმის“ ფარგლებში მოწყობილ გამოფენებს ეთმობა. თანამედროვე ხელოვნების მოყვარულთათვის ეს დატვირთული ათი დღე წელს 4-დან 14 ოქტომბრამდე გრძელდება. „არტისტერიუმი 2013-ის“ წლევანდელი სახელწოდებაა „ვარ მე შენ?“ და ის ჩვენს დამოკიდებულებას ასახავს განსხვავებულად მოაზროვნეთა, უმცირესობების მიმართ. თბილისს 15 ქვეყნის 20-მდე მხატვარი სტუმრობს, სულ კი „არტისტერიუმი 2013-ის“ მიმდინარეობისას 80-მდე მხატვრის ნამუშევრის ნახვა იქნება შესაძლებელი.

„არტისტერიუმის“ დასრულებამდე კიდევ სამი დღეა დარჩენილი. 12 ოქტომბერს, შაბათს, ნატალია მალი წარმოადგენს გამოფენას - „ხვრელი ჩემს გულში“, ამავე დღეს მურთაზ შველიძის გამოფენა „ნახტომიც“ იხსნება. კვირას, ცამეტში, მთაწმინდის პარკში საქველმოქმედო აუქციონი გაიმართება. „არტისტერიუმს“ ამერიკაში მცხოვრები ქართველი მხატვრის, ლადო ფოჩხუას გამოფენა დახურავს... სანახავი ჯერ კიდევ ბევრია - ეს მათთვის, ვინც ჯერ „არტისტერიუმის“ არც ერთ გამოფენას არ დასწრებია... „არტისტერიუმი“ დიდი გამოფენაა, მოვლენა, რომელიც წელიწადში ერთხელ ხდება და საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ხელოვანებს აერთიანებს. ჯერ კიდევ ექვსი წლის წინ, როცა „არტისტერიუმი“ დაიბადა, გადაწყდა, რომ ამ გამოფენის მთავარი თემა ყოველ წელს უნდა ყოფილიყო აქტუალური საქართველოსთვის და არცთუ ძალიან მოშორებული გლობალური პრობლემებისგან.

წლევანდელი „არტისტერიუმის“ სახელწოდება მხატვრისა და „არტისტერიუმის“ დირექტორის, ილიკო ზაუტაშვილის 1998 წელს მომზადებული პერფორმანსის სათაურიდან წამოვიდა და მას „ვარ მე შენ?“ ჰქვია. ის მონაწილეებს სთავაზობს „სხვის“, როგორც ფენომენის, კვლევას და ჩვენი დამოკიდებულებისა და პასუხისმგებლობის ეკოლოგიას „სხვის“ მიმართ. გამოფენის მიზანი თუნდაც მიუღებელ იდეოლოგიასთან ან ცხოვრების წესთან თანაარსებობის გზების ძიება და თანაგრძნობის შესაძლებლობაა.
მაგდა გურული
მაგდა გურული

„კონკურსი გამოვაცხადეთ და ნამუშევრების ნაწილი სწორედ ასე შემოვიდა. დანარჩენი ჩვენ შევარჩიეთ. ვიცოდით, თუ რა ნამუშევრები ჰქონდათ მონაწილეებს. მაგალითად, ასეთი იყო ნიკო ლომაშვილის ვიდეონამუშევარი, რომელშიც ვხედავთ, რომ ქრისტიანი ლოცულობს როგორც მუსულმანი, მუსულმანი ლოცულობს როგორც ებრაელი, ებრაელი - როგორც ქრისტიანი. დეფუნდამენტალიზაციის იდეაა, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ჩაკეტილი მხოლოდ ჩვენს რელიგიაში და შემწყნარებელი ვიყოთ სხვა რელიგიის მიმართ. ამ ფილმის მიხედვით, გადამწყვეტი ის კი არ არის, რომ რაღაც მოძრაობა გაიმეორო, გადამწყვეტია გზა ღმერთისკენ, ეს გზა კი შესაძლოა იყოს სხვადასხვანაირი“, - მოგვითხრობს გამოფენის კურატორი მაგდა გურული. თუ „არტისტერიუმის“ პროგრამას ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ ერთმანეთთან კონფლიქტში მყოფი ქვეყნების მხატვართა გამოფენები და პერფორმანსები ერთობლივად ტარდება, ერთმანეთს კვეთს. ეს განსხვავებულთან თანაარსებობის იდეალური მაგალითია, გვიხსნის მაგდა გურული.

„არტისტერიუმის“ დირექტორი, მხატვარი ილიკო ზაუტაშვილი იხსენებს, რომ ასეთი ფართო ღონისძიების ჩატარების მოთხოვნილება, რომელიც გამოფენებს, ლექციებს, პერფორმანსებს მოიცავს, არა მხოლოდ მხატვრებში, არამედ სხვა ხელოვანებშიც სულ არსებობდა. თუმცა რეალურად „არტისტერიუმის“ ჩატარებაზე ფიქრი 2007-ში დაიწყო. 2008-ში გამოფენა დაიგეგმა. აგვისტოს ომის პერიოდი იყო, საქართველოში გამართულ პირველ გამოფენაზე მოსალოდნელზე მეტი მონაწილე ჩამოვიდა. გამოფენას მე-20 საუკუნის ათიან წლებში ჟურნალ „არსთან“ არსებული ძალიან ცნობილი კლუბის - „არტისტერიუმის“ - სახელი დაერქვა. რაც შეეხება წლევანდელ აქცენტს:
ილიკო ზაუტაშვილი
ილიკო ზაუტაშვილი

„ის, რომ ადამიანები ერთმანეთს არ უსმენენ, ერთმანეთს თავის ენაზე ესაუბრებიან და არ უნდათ გაიგონ სხვისი, ერთმანეთს ვერ ხედავენ, ეს ერთმანეთის არმიღების მომენტიცაა იმ თვალსაზრისით, რომ თუ განსხვავებულია ვიღაც ან რაღაც - ის უკვე მიუღებელია. ჩვენ, მხატვრებს, ეს ნამდვილად გვაწუხებს და არ ვეთანხმებით, ცხადია, იმას, რაც, თუნდაც, 17 მაისს მოხდა“.

ილიკო ზაუტაშვილი გვეუბნება, რომ „არტისტერიუმს“ გაგრძელებაც მოჰყვება ხოლმე - ხელოვანები ერთმანეთთან მეგობრობას და საქმიან ურთიერთობას ამ ათი დღის შემდეგაც განაგრძობენ. „არტისტერიუმზე“ ბევრი ახალი სახელიც იბადება. ასეთი იყო, მაგალითად, ჯგუფი „ბულიონი“, რომელიც წლების წინ „არტისტერიუმზე“ წარდგა საზოგადოების წინაშე, წელს კი უკვე ვენეციის ბიენალეში მონაწილეობდა. „არტისტერიუმის“ დროს საქართველოში, ხელოვანთა გარდა, ე.წ. არტლავერებიც სტუმრობენ. ილიკო ზაუტაშვილი ფიქრობს, რომ რაც მეტი ადამიანი ესტუმრება ქვეყანას და რაც უფრო მასშტაბური გახდება ეს მოვლენა, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის.

„არტისტერიუმი“ კულტურის სამინისტროს, ისრაელის, აშშ-ის საელჩოების მხარდაჭერით ტარდება. გოეთეს ინსტიტუტი, ბრიტანეთის საბჭო და მთაწმინდის პარკიც გამოფენის მხარდამჭერები არიან. წელს „არტიესტერიუმს“ შეემატა ქველმოქმედების კომპონენტიც - მთაწმინდის პარკში გახსნილ გამოფენაზე „ბორბლის ქვეშ“ მოეწყობა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, საიდანაც შემოსული თანხით სამხატვრო აკადემიაში სამი სტუდენტის სტიპენდია დაფინანსდება.
შეიძლება ქართული საზოგადოებაც, აი, ამ თვალახვეულ, თავისთვის მოლაპარაკე საზოგადოებას წააგავდეს, რომელიც სხვას არ უსმენს, ან რაღაცას ფიზიკურად გრძნობს მის სიახლოვეს, მაგრამ ვერ გრძნობს მის არსებობას...
თეო ხატიაშვილი

ხელოვნებათმცოდნე თეო ხატიაშვილმა ილიკო ზაუტაშვილის პერფორმანსში, სახელწოდებით „ვარ მე შენ?“, პირველად 1998 წელს მიიღო მონაწილეობა, მეორედ კი - 15 წლის შემდეგ, წლევანდელ „არტისტერიუმზე“. ამ პერფორმანსის მთავარი თემა და 2013 წლის „არტისტერიუმის“ მთავარი აქცენტიც - განსხვავებულის, უჩვეულოს, გაუგებრის მიღება და მიუღებლობა - თეოსთვის ამ 15 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად უფრო ქტუალური აღმოჩნდა, ვიდრე 1998-ში. არა იმიტომ, რომ მაშინ ეს პრობლემა არ არსებობდა და საზოგადოება გაცილებით ლოიალური იყო. თეო ფიქრობს, რომ ამ პრობლემაზე ღიად ნაკლებად ლაპარაკობდნენ. მისთვისაც ეს უფრო თავგადასავალი იყო, არტისტულ გარემოში - ახალი გამოცდილება. 2013-ში ამავე პერფორმანსში მონაწილეობამ მისთვის სულ სხვა დატვირთვა შეიძინა და ბუნებრივად მიება 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს თბილისში განვითარებულ მოვლენებს თუ ბოლო დროს რელიგიურ ნიადაგზე მუსლიმების უფლებების დარღვევის რამდენიმე ფაქტს. 15 წლის შემდეგ გამეორებული წარმოდგენა, თეოს აზრით, საქართველოს საზოგადოების მდგომარეობას წააგავს:

„წარმოიდგინეთ ოთხი მონაწილე, ორი წყვილი. ერთი წყვილი კითხულობს სხვადასხვა ტექსტს სხვადასხვა ენაზე და მათ არ ესმით ერთმანეთის, არც უსმენენ ერთმანეთს და ტექსტებიც სრულ დისონანსშია, მეორე წყვილი თვალზე აფარებული ზის ერთმანეთის პირისპირ და ცდილობს ხელის შეხებით გაარკვიოს რასთან აქვს ურთიერთობა მაშინ, როდესაც თვალები აქვთ დახშული. შეიძლება ქართული საზოგადოებაც, აი, ამ თვალახვეულ, თავისთვის მოლაპარაკე საზოგადოებას წააგავდეს, რომელიც სხვას არ უსმენს, ან რაღაცას ფიზიკურად გრძნობს მის სიახლოვეს, მაგრამ ვერ გრძნობს მის არსებობას“.

აი, რომ გადავხედოთ, ჩვენ ისევ ვხვდებით სალონური, სამუზეუმო, მძაფრად ეთნონიშნით აღნიშნული კულტურის დაკონსერვებულ სივრცეში, სადაც მარტო ჩოხა-ახალუხი მოქმედებს, სადაც მოქმედებს ტრაფარეტული რელიგიური ტერმინები...
დავით ჩიხლაძე
„არტისტერიუმს“, თეო ხატიაშვილის აზრით, აქვს ერთი უმთავრესი მიზანი - აჩვენოს ის ალტერნატიული ფორმები, რომლებიც თანამედროვე მხატვრობაში არსებობს, განსხვავებული იმისგან, რაც უმრავლესობისთვის ნაცნობი და მოწონებულია.

სხვანაირი, ახალი მგრძნობელობის ხელოვნება საქართველოში დეფიციტია, ფიქრობს პოეტი და მულტიმედიაარტისტი დავით ჩიხლაძე, წლევანდელი „არტისტერიუმის“ კიდევ ერთი მონაწილე. მისი აზრით, „არტისტერიუმის“ დისკუსიები უნდა გასცდეს მხოლოდ მხატვრებისა და ვიზუალური არტისტებისათვის საინტერესო ვიწრო თემებს და ქვეყნის კულტურისათვის აქტუალური თემებიც მოიცვას. „არტისტერიუმი“ შესაძლოა, გარკვეულწილად, სალონური ხელოვნების საპირწონეც აღმოჩნდეს და ხალხს დაანახვოს, რომ ხელოვნება არ არის მხოლოდ ნივთი, მაგალითად, ფერწერული ნამუშევარი, რომლის გაყიდვაც შეიძლება, მაგრამ თუ ტილო გაჭრილი ან გაკაწრულია, მას აღარავინ შეიძენს. „არტისტერიუმს“ აქვს ამბიცია, ფიქრობს დავით ჩიხლაძე, ილაპარაკოს შესაძლოა ვინმესთვის ნაკლებად მნიშვნელოვან, მაგრამ სამოქალაქო კულტურის ჩამოყალიბებისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე, მაგალითად, როგორ დგას საზოგადოებრივ ტრანსპორტში 15 ადამიანი ფეხზე და ამას არავინ აპროტესტებს. არსებულის შეცვლის მცდელობა მხატვრების ჯგუფს 20 წლის წინაც ჰქონდა, თუმცა გამოწვევები დღესაც ბევრია:

„აი, რომ გადავხედოთ, ჩვენ ისევ ვხვდებით სალონური, სამუზეუმო, მძაფრად ეთნონიშნით აღნიშნული კულტურის დაკონსერვებულ სივრცეში, სადაც მარტო ჩოხა-ახალუხი მოქმედებს, სადაც მოქმედებს ტრაფარეტული რელიგიური ტერმინები, არავის აინტერესებს, რომ, მაგალითად, სამარშრუტო ტაქსიში ხალხი რომ წვალობს და ფეხზე დგას, ერთი სამსახური არ არსებობს, ვინც მძღოლს დააჯარიმებს ამისთვის. „არტისტერიუმი, მე მგონი, რომ კარგი ბაზისია ასეთი აზროვნების შესაცვლელად“.

„არტისტერიუმის“ ფარგლებში ჩატარებულ არაერთ გამოფენას, ლექციასა თუ პერფორმანსს შორის იყო გერმანიაში მცხოვრები თურქი ხელოვანის, ნეზაკეტ ეკიზის, მოკლე ფილმიც, „პერფორმანსები“, რომლის მთავარი გმირი თვითონაა და ხან ქალ-კაქტუსად გადაიქცევა, ხან ქალად, რომელიც ფეხსაცმლის ქუსლით გასაბერ ნავს ხვრეტს და წყალში იძირება...
ლადო ფოჩხუა
ლადო ფოჩხუა

„არტისტერიუმს“ 14 ოქტომბერს ეროვნულ გალერეაში ლადო ფოჩხუას გამოფენა „ქართული მელანქოლიის ანატომია“ დახურავს. მხატვარი 2004 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს. ის სულ ახლახან გახდა ამერიკის მოქალაქე. გამოფენა მის პირად არქივზეა დაფუძნებული და წყნეთში ლტოლვილთა დასახლებაში ცხოვრების 11 წლიან პერიოდს მოიცავს. ამბობს, რომ ეს მასალა და, ზოგადად, დევნილობის თემა აქამდე არასოდეს გამოუყენებია. ვცდილობ ვიხელმძღვანელო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პოეტის, ბროდსკის მაგალითით, რომელმაც სახელი და კარიერა საბჭოთა კავშირიდან განდევნით კი არა, თავისი ბრწყინვალე პოეზიით მოიპოვაო, ამბობს ლადო. ამდენი წლის შემდეგ მან მაინც გადაწყვიტა სხვებისთვისაც ეჩვენებინა საკუთარი ცხოვრება დევნილობაში, რომელიც, ლადოს აზრით, დღესაც აქტუალურია:

„ვფიქრობ, ეს დღესაც აქტუალური თემაა. ყველა ვხედავთ, რაც ხდება დიცსა თუ საქართველოს სხვა სოფლებში. რუსეთის ზუსტად ასეთმა პოლიტიკამ მაქცია დევნილად. ჩემს გამოფენაზე კი დამთვალიერებელი ნახავს პირად ვიზუალურ დღიურს ახალგაზრდა კაცისა, რომელიც დევნილად იქცა, რომელმაც დაკარგა ყველაფერი და წლები ცხოვრობდა წყნეთში, ერთ ოთახში. სწორედ იმდროინდელი ფოტოები გამოვიყენე, რომლებიც საშინელი საბჭოთა კამერით იყო გადაღებული. ეს არის დევნილის საშინაო ცხოვრება, ოღონდ ფირზე აღბეჭდილი შიგნიდან, - „ნეშენალ ჯეოგრაფიკის“ ძვირად ღირებული ფოტოგრაფის მიერ კი არა, რომელიც გადამღებ ჯგუფთან ერთად მივიდა ადგილზე, არა, ეს დევნილის შექმნილი ხელოვნებაა“.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG