Accessibility links

ასადის მოულოდნელი სტუმრობა კრემლში


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბაშარ ალ-ასადს (მარცხნივ) ხვდება კრემლში. მოსკოვი, 2015 წლის 21 ოქტომბერი.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბაშარ ალ-ასადს (მარცხნივ) ხვდება კრემლში. მოსკოვი, 2015 წლის 21 ოქტომბერი.

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი სამშაბათს საღამოს მოსკოვში ჩავიდა და მოლაპარაკებები გამართა თავის რუს კოლეგასთან, საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე სირიის რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერთან, ვლადიმირ პუტინთან.

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ასადი სამუშაო ვიზიტით ესტუმრა რუსეთის დედაქალაქს.

სირიის სახელმწიფო ტელევიზიის თანახმად, ეს ასადის პირველი მოგზაურობაა უცხოეთში 2011 წლის შემდეგ, მას მერე, რაც ე.წ. „არაბული გაზაფხულის“ საპროტესტო ტალღა მის ქვეყანასაც მისწვდა.

სირიის სახელმწიფო რადიო კი იტყობინება, რომ ასადი უკვე დაბრუნდა დამასკში.

რუსეთმა, რომელიც სირიის დიდი ხნის სამხედრო მოკავშირეა, გასულ თვეში სამხედრო კამპანია დაიწყო ასადის მხარდასაჭერად და მტკიცედ დგას თავის პოზიციაზე, რომ ასადი უნდა დარჩეს ხელისუფლებაში. ამის საპირისპიროდ აშშ-ისა და დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენელთა აზრით, სირიაში სამოქალაქო ომის დიპლომატიური გზით მოგვარებისთვის აუცილებელი ერთადერთი საშუალებაა ასადის გადადგომა.

პესკოვის სიტყვებით, პუტინსა და ასადს შორის 20 ოქტომბერს გამართული მოლაპარაკებების ყურადღების ცენტრში იყო რუსეთისა და სირიის ჯარების მიერ წარმოებული სამხედრო კამპანია ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ და სირიაში რუსეთის ავიაციის ოპერაციების გაგრძელება. მისი თქმით, ასადმა პუტინს გააცნო სირიის სამთავრობო ჯარების გეგმები.

რომ არა თქვენი მოქმედებები და გადაწყვეტილებები, საერთაშორისო ტერორიზმით, რომელიც ახლო აღმოსავლეთს მოედო, ამ დროისთვის ბევრად დიდი ტერიტორია ექნებოდა მოცული და ის ბევრ სხვა ქვეყანაზე იქნებოდა გავრცელებული...

რუსეთს ტელევიზიამ აჩვენა, როგორ ხვდება ვლადიმირ პუტინი საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან ერთად ასადს და მის ერთ-ერთ მრჩეველს.

შეხვედრაზე პუტინმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ სირიაში სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ იბრძვიან მებრძოლები ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან.

„ეს ჩვენც, რუსეთსაც, გვაშფოთებს. ვგულისხმობ იმას, რომ სირიის ტერიტორიაზე სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ იარაღით ხელში იბრძვიან ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ჩასულებიც. მათი რიცხვი, სულ ცოტა, ოთხი ათასია. და, ცხადია, ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ ისინი რუსეთში აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც საბრძოლო გამოცდილებას მიიღებენ და იდეოლოგიურ დამუშავებას გაივლიან“.

ვიდეოკადრებზე ვხედავთ, რომ, თავის მხრივ, ასადი რუსეთის პრეზიდენტს მადლობას უხდის აღმოჩენილი დახმარებისთვის, რაც, მისი თქმით, არა მხოლოდ სირიისთვის გაწეული დახმარებაა.

„რომ არა თქვენი მოქმედებები და გადაწყვეტილებები, საერთაშორისო ტერორიზმით, რომელიც ახლო აღმოსავლეთს მოედო, ამ დროისთვის ბევრად დიდი ტერიტორია ექნებოდა მოცული და ის ბევრ სხვა ქვეყანაზე იქნებოდა გავრცელებული.“

აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც შედიან ბაჰრეინი, იორდანია, კატარი, საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები, 2014 წლის სექტემბერში დაიწყო ისლამისტური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციების წინააღმდეგ საჰაერო იერიშები.

მოსკოვი აცხადებს, რომ მისი სამკვირიანი საჰაერო რეიდების სამიზნე სწორედ „ისლამური სახელმწიფო“ და სირიის ტერიტორიაზე მოქმედი სხვა საერთაშორისო ტერორისტები არიან.

რუსეთის ორი SU-25 საავიაციო ბაზაზე ლატაკიასთან ახლოს

რუსეთის ორი SU-25 საავიაციო ბაზაზე ლატაკიასთან ახლოს

მაგრამ შეერთებული შტატები ამბობს, რომ რუსეთის საჰაერო დარტყმები ძირითადად მიმართულია სირიის ზომიერი ოპოზიციის მებრძოლთა წინააღმდეგ, რომლებიც დასავლეთში გადიოდნენ წვრთნას და რომლებიც როგორც „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ალ-ყაიდის“, ასევე ასადის რეჟიმის წინააღმდეგაც იბრძვიან.

ვაშინგტონის თანახმად, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მიერ წარმოებულმა საჰაერო იერიშებმა გააძლიერა ასადის რეჟიმი და კიდევ უფრო გაართულა სირიაში ოთხწლიანი სამოქალაქო ომის შედეგად შექმნილი კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარება.

გასაკვირი არ არის, რომ როგორც რუსეთი, ისე სირიის ხელმძღვანელობა იმეორებს, რომ ამჟამად სირიაში რუსეთისა და სირიის მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაციები ტერორიზმის წინააღმდეგ არის მიმართული.

იმავე დღეს, როცა კრემლში პუტინისა და ასადის შეხვედრა გაიმართა, პენტაგონმა გამოაცხადა, რომ მოსკოვმა და ვაშინგტონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზანია მინიმუმამდე დაიყვანოს რუსეთისა და აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის საჰაერო თვითმფრინავებს შორის ინციდენტები სირიის საჰაერო სივრცეში. შეთანხმებით გათვალისწინებულია საერთო რადიოსიხშირეებისა და ცხელი სატელეფონო ხაზის გამოყენება რუსეთისა და აშშ-ის სამხედროების პირდაპირი კომუნიკაციისთვის.

პენტაგონის წარმომადგენლის, პიტერ კუკის თქმით, შეთანხმება არ ითვალისწინებს თანამშრომლობის ზონებს ან სამიზნეების შესახებ ინფორმაციის გაცვლას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG