Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აშშ-ის ელჩი ჯანმრთელობის გამო თანამდებობას დატოვებს


რაიან კროკერი (მარცხნივ)
რაიან კროკერი (მარცხნივ)
სამშაბათს გამოცხადდა, რომ ვეტერანი დიპლომატი, აშშ-ის ელჩი ავღანეთში, 62 წლის რაიან კროკერი პოსტს დატოვებს. სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოცდილი და დამსახურებული დიპლომატის თანამდებობიდან წასვლის მიზეზად ჯანმრთელობა დაასახელა.

რაიან კროკერის ამ თანამდებობაზე მოსვლა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ისურვა შარშან ივლისში. კროკერს ნათქვამი აქვს, რომ ის ავღანეთში ორწლიანი ვადით იმსახურებდა. მანამდე ის რთულ და დაძაბულ პერიოდებში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე - მათ შორის, აშშ-ის ელჩად - 2007-2009 წლებში ერაყში, უფრო ადრე ლიბანში, პაკისტანში, კუვეიტში, სირიაში. ბეირუთში გადაურჩა აშშ-ის საელჩოზე თვითმკვლელის თავდასხმას, რომლის დროსაც 60 ადამიანი დაიღუპა. სირიაში ელჩობისას,1998 წელს, მისი რეზიდენცია განრისხებულმა ბრბომ დაარბია. მოკლედ, კროკერს თავისი კარიერის მანძილზე ბევრი რამ უნახავს, თანამდებობებზე მისი დანიშვნაც შემთხვევითი არ ყოფილა და მის საქმეს აშშ-ის მთავრობა აფასებს. ყოფილ სახელმწიფო მდივანს, კოლინ პაუელს, ნათქვამი აქვს, კროკერი ერთ-ერთი ყველაზე კარგი თანამშრომელი იყო საგარეო უწყებაშიო. პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მას ამერიკის „ლოურენს არაბი“ უწოდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა სამშაბათს კროკერის კარიერა დაახასიათა როგორც არაჩვეულებრივად წარმატებული:

„მე მგონია, რომ მისი გული ოდნავ მაინც ყოველთვის იძგერებს ავღანეთისთვის. მაგრამ, ის ჯერ არ ტოვებს პოსტს. კროკერი თანამდებობაზე დარჩება ავღანეთის შესახებ დონორთა ტოკიოს კონფერენციამდე, ივლისამდე. ჩვენი წესი ასეთია: მის უნარს ბოლომდე გამოვიყენებთ.“

ნულანდს ჟურნალისტმა ჰკითხა, კროკერის ჯანმრთელობაზე მისმა სამუშაომ ხომ არ იმოქმედაო. ნულანდის პასუხის თანახმად, ის არჩევდა, რომ თავად კროკერს გაეკეთინა უფრო კონკრეტული კომენტარი ამაზე:

„ჩვენი და ელჩ კროკერის სურვილია, ეს აქტი არავითარ შემთხვევაში არ შეფასდეს, როგორც მისი პირადი ვალდებულების და ჩვენი საერთო სახელმწიფო ვალდებულების ოდნავ მაინც შემცირება ავღანეთთან მიმართებით.“

კროკერი თანამდებობას ტოვებს მაშინ, როცა უცხოეთის ჯარი გეგმავს ავღანეთის უშიშროების არმიას გადასცეს უშიშროებისთვის პასუხისმგებლობა 2013 წლისთვის და 2014-ში კი უკვე ქვეყანა დატოვოს. თანამდებობიდან წასვლის შესახებ გეგმა ელჩმა კროკერმა ნატოს ჩიკაგოს სამიტზე გააცნო პრეზიდენტ ბარაკ ობამას. ამ სამიტზე ალიანსმა დაადასტურა, რომ ათწლიანი ომის დასრულებას აპირებს. კროკერი ავღანეთში იყო უკვე 2002 წელს ელჩის მოვალეობის შემსრულებლად, რათა აშშ-ის საელჩო გაეხსნა თალიბანის რეჟიმის განდევნის შემდეგ. ახლახან მან მთავარი როლი ითამაშა ავღანეთის მთავრობასთან, პრეზიდენტ კარზაისთან მოლაპარაკებაში, რომელიც წარმატებით დასრულდა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებით. ამ დოკუმენტის თანახმად (მას პირველ მაისს მოაწერეს ხელი), განისაზღვრება ურთიერთობა მომავალ ათ წელიწადში. ხელშეკრულება აშშ-ს შესაძლებლობას აძლევს თავისი არმია ავღანეთში დატოვოს ომის შემდეგაც, რათა მასპინძლები ანტიტერორისტული საქმიანობისთვის გაწვრთნას. კროკერი ცნობილია როგორც ადამიანი, რომელიც უკიდურესად დაძაბულ ვითარებაშიც კი სიმშვიდეს ინარჩუნებს. შარშან, სექტემბერში, როცა ქაბულში აშშ-ის საელჩოს თავს დაესხა თალიბანთან დაკავშირებული რაზმი, რომელიც პაკისტანიდან იყო ჩასული იქ და 20 საათის განმავლობაში რაკეტებს და მსუბუქი იარაღიდან ცეცხლს უშენდა როგორც საელჩოს, ისე მეზობელ ნაგებობებს, კროკერს უთქვამს: „თუ მეტი არ შეუძლიათ, ეს მათი სისუსტის გამოცხადებააო“.

ერაყში სამსახურის დროს, ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში, კროკერი აშშ-ის არმიის სამოქალაქო უწყებას განაგებდა. გენერალ დევიდ პეტრეუსთან ერთად ის უყრიდა საფუძველს ამ ქვეყნიდან აშშ-ის ჯარის გაყვანას. 2009 წელს კროკერი ჯორჯ ბუშმა თავისუფლების მედლით დააჯილდოვა. ის „Texas A&M University's George Bush School of Government and Public Service-ის დეკანი გახდა მალევე, სანამ პრეზიდენტი ობამა მას ავღანეთში ელჩის თანამდებობას არ შესთავაზებდა. კროკერის მოვალეობას მისი გადადგომის შემდეგ მისი მოადგილე, ჯეიმს კანინგემი შეასრულებს, სანამ პარლამენტი ახალ კანდიდატურას წარადგენდეს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG