Accessibility links

logo-print

ოფიციალურად გამოცხადებამდე დიდი ხნით ადრე, საინფორმაციო საშუალებებში ციტირებდნენ ადმინისტრაციის უცნობი წარმომადგენლის სიტყვებს, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა ობამამ არჩევანი პენტაგონის ყოფილ თანამდებობის პირზე, ეშტონ კარტერზე შეაჩერა. სამშაბათის გეგმიურ პრეს-კონფერენციაზე, თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯოშ ერნესტმა, კარტერის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა.

„ბევრი არაფრის თქმა შემიძლია, დღეს კადრებთან დაკავშირებით განცხადებას ვერ გავაკეთებ.“

მაგრამ ერნესტს კარტერისთვის საქებარი სიტყვები არ დაუშურებია და თქვა, რომ ის ადრე, თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე, „ძალიან უნარიანად“ მსახურობდა და ბევრ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, გამოცდილების და კონგრესთან საერთო ენის გამონახვის ჩათვლით.

„ის ნამდვილად იმსახურებს და ადრე, მთავრობის სამსახურში ყოფნისას აჩვენა, რომ ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა. მას დეტალურად ესმის თავდაცვის სამინისტროს მუშაობის წესი.“

ობამას ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ თავდაცვის ახალი მინისტრი იმას გააკეთებს, რასაც თვითონ ობამა ახერხებდა-კონგრესთან საერთო ენის გამონახვას.

აღსანიშნავია, რომ თეთრ სახლსა და კაპიტოლიუმს შორის უკვე დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გართულდება მას შემდეგ, რაც ნოემბრის არჩევნების შედეგად რესპუბლიკელებმა ორივე პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ თავდაცვის ახალი მინისტრისთვის თანამდებობა უფრო იოლი არ იქნება, ვიდრე ის ჰეიგელისთვის იყო, რომელიც ისეთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, როგორიც იყო კლებადი ბიუჯეტის პირობებში "ისლამურ სახელმწიფოსთან" მოულოდნელი ომის წარმოება. ამასთან, საყურადღებოა, რომ ანალიტიკოსების აზრით, ეშტონ კარტერს პენტაგონის მართვის დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ ის პოლიტიკური ფიგურა არ არის და არავითარი პოლიტიკური ამბიციები არ გააჩნია, რაც ადმინისტრაციასთან დაპირისპირების გზაზე არ დააყენებს.

ვაშინგტონის ამერიკული წამოწყებების ინსტიტუტის თავდაცვის საკითხების ანალიტიკოსი თომას დონელი ამბობს:

„თეთრი სახლის თვალსაწიერიდან თუ შეხედავთ, ასეთ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს: მათ ისეთი ვინმე სურთ, ვინც ბრძანებებს შეასრულებს და მღელვარებას არ გამოიწვევს. იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რაც ჰეიგელის და მანამდე პანეტას და გეითსის შემთხვევებში მოხდა, თეთრ სახლს ნამდვილად არ უნდა ისეთი ვინმე, ვინც ენერგიულად შეეწინააღმდეგება, განსაკუთრებით ომის წარმოების საკითხებში.“

ადმინისტრაციის წყაროები ამბობენ, რომ პრეზიდენტი რამდენიმე მოქმედ და ყოფილ მაღალი თანამდებობის პირს ესაუბრა, რომელთაც ამ თანამდებობის მიმართ ინტერესი არ გამოთქვეს.

XS
SM
MD
LG