Accessibility links

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ მეთაურს, ასლან აბაშიძეს, რომელიც დამნაშავედ იქნა ცნობილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და ხელმძღვანელობაში, სასამართლო გადაწყვეტილების განზრახ შეუსრულებლობასა და მკვლელობაში, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო აჭარის უშიშროების ყოფილი მინისტრი და უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციული სამმართველოს ყოფილი უფროსი, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებამ უკმაყოფილო დატოვა როგორც მოსარჩელეები, ასევე განსასჯელთა ადვოკატები.

25 წლის წინ, 1991 წლის 30 აპრილს, ასლან აბაშიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს შენობაში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოკლა თავისი მოადგილე, ნოდარ იმნაძე. ასლან აბაშიძის წინააღმდეგ გამოძიება მკვლელობიდან 13 წლის შემდეგ დაიწყო და 12 წელი გაგრძელდა. მკვლელობიდან 25 წლისთავზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ასლან აბაშიძე დამნაშავედ ცნო და 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ უკიდურესად გააღიზიანა ნოდარ იმნაძის ქალიშვილი, ნატო იმნაძე, რომელიც მამამისის მკვლელობის დროს უზენაესი საბჭოს შენობაში იმყოფებოდა.

„შეცვალა მუხლი! იყო 105-ე - განზრახ მკვლელობა და გახდა 107-ე მუხლი - მკვლელობა, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით. მოსამართლემ არგუმენტი, რომ რადგან დაიჭრნენ ასლან აბაშიძე და მურმან ომანიძე და ამის შემდეგ ესროლა ასლან აბაშიძემო, აი, ამიტომ შეიცვალა მუხლი და მოგერიების ფარგლების გადაჭარბებით გასამართლდაო. არადა, მე ვამტკიცებ, რომ ნოდარ იმნაძეს იმ დღეს ერთი კაცი არ გაუკაწრავს და საწინააღმდეგოს დამადასტურებელი არანაირი საბუთი საქმეში არ არსებობს. კი, ბატონო, თანახმა ვარ 107-ე მუხლზე, ოღონდ ვინმემ დამიმტკიცოს, თუნდაც გაყალბებული დოკუმენტაციით, რომ დაიჭრა ვინმე, ერთი კაცი მაინც. იმდენად უსირცხვილოდ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საბუთებიც კი არ გააყალბეს“, უთხრა ნატო იმნაძემ რადიო თავისუფლებას.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, იოსებ გოგიტიძემ, 1993-2004 წლებში ასლან აბაშიძესთან ერთად შექმნა უკანონო შეიარაღებული ფორმირება, ასლან აბაშიძესთან წინასწარი შეთანხმებით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა თენგიზ ასანიძეს, ასევე პირთა ჯგუფთან ერთად მიითვისა აჭარის უშიშროების სამინისტროს კუთვნილი ორი მილიონ ორასი ათასი ლარი. მანვე 2004 წლის 2 მაისს ასლან აბაშიძესა და სხვა პირებთან ერთად ორგანიზება გაუკეთა ტერორისტულ აქტებს. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი ბარამიძე იხსენებს ბოლო კრიმინალურ ეპიზოდს, რომლის შემდეგაც დამთავრდა ასლან აბაშიძის მმართველობა.

გიორგი ბარამიძე

გიორგი ბარამიძე

„ბოლო ნაბიჯი მის დანაშაულებრივ ქმედებებში იყო იმ ხიდების აფეთქება, რომლის კადრები ყველა ქართველმა ნახა. ეს ხიდები ძირითადი გზებით აკავშირებდა აჭარას დანარჩენ საქართველოსთან, მაგრამ ააფეთქა ასე ცინიკურად. ეს იყო მისი აბსოლუტური აგონია. სად გაგონილა, რომ ხელისუფალი ამას აკეთებდეს დანარჩენი ქვეყნიდან იზოლირების მიზნით? მან ამით, ფაქტობრივად, თავის თავს განაჩენი გამოუტანა და მოსწყდა საქართველოს, როგორც პოლიტიკოსი, მმართველი და მოქალაქე როგორც მენტალურად, ასევე სამართლებრივად“, უთხრა გიორგი ბარამიძემ რადიო თავისუფლებას.

სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ლაპარაკი არ ისურვა საქართველოს პარლამენტის წევრმა მურმან დუმბაძემ, რომელიც ცამეტი წლის განმავლობაში აქტიურად უპირისპირდებოდა ასლან აბაშიძესა და მის ხელისუფლებას:

„გვარი და სახელიც კი დამავიწყდა, იმდენად ძველი ამბავია და ამიტომ ნაკლებად საინტერესოა. ახლა არჩევნების წინა პერიოდია და ვიღაცას გაახსენდა ასლან აბაშიძე. მე არ ვებრძვი წასულ ხელისუფლებებს. ეს არ არის ჩემი სტილი. 16 წლის შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილება ვის რაში აინტერესებს? მოხდა დანაშაული? ოპერატიულად უნდა მიიღო გადაწყვეტილება. 2004 წლის 6 მაისს დამთავრდა ასლან აბაშიძის მმართველობა, გავიდა ერთი წელი, ორი წელი... 2017 წელი მოდის“.

მურმან დუმბაძისგან განსხვავებით, ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კმაყოფილი დატოვა თენგიზ ასანიძე - ცნობილი პოლიტპატიმარი, რომელსაც ასლან აბაშიძის პირადი გადაწყვეტილებით ჰქონდა თავისუფლება აღკვეთილი და რომელმაც მხოლოდ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დატოვა საპატიმრო. აი, რა უთხრა თენგიზ ასანიძემ ტელეკომპანია „ტევე-25“-ს:

„ყველა ავკაცს თავისი უნდა მიეზღოს! რა თქმა უნდა, დასანანია, რომ განაჩენი მხოლოდ სიტყვებად დარჩება და ასლან აბაშიძე, სავარაუდოდ, არ გახდება პატიმარი“.

78 წლის არის. განა მაგას ვინმე დაიჭერს და ან განა ის ჩამოვა? მას არ სურდა, რომ მკვლელის სახელი ეტარებინა. ასე რომ, ბრძოლა გრძელდება. მე ამ გადაწყვეტილებას არ შევურიგდები. ჩათვალეთ, რომ გუშინ მე მამა მეორედ მომიკლეს“, უთხრა ...

რადიო თავისუფლება კომენტარისათვის დაუკავშირდა ასლან აბაშიძის ადვოკატს, ლევან სამუშიას, რომელმაც განაცხადა, რომ ვიდრე არ გაეცნობა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, კომენტარს ვერ გააკეთებს.

დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ მოდავე მხარეებს ერთი თვე ექნებათ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების გასაჩივრებისთვის. ნატო იმნაძეს, ასლან აბაშიძის მიერ მოკლული ნოდარ იმნაძის ქალიშვილს, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია აქვს.

„ასლან აბაშიძემ მაინცდამაინც ამ ხელისუფლების პირობებში აიხდინა ის ოცნება, რომელიც წლების განმავლობაში ვერ მოახერხა - განზრახ მკვლელობის ბრალდების მოხსნა. 78 წლის არის. განა მაგას ვინმე დაიჭერს და ან განა ის ჩამოვა? მას არ სურდა, რომ მკვლელის სახელი ეტარებინა. ასე რომ, ბრძოლა გრძელდება. მე ამ გადაწყვეტილებას არ შევურიგდები. ჩათვალეთ, რომ გუშინ მე მამა მეორედ მომიკლეს“, უთხრა ნატო იმნაძემ რადიო თავისუფლებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG