Accessibility links

logo-print

კავკასიური არასამთავრობო ორგანიზაციების ასოციაცია ნდობის აღდგენისთვის


სამხრეთ კავკასიაში არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ასოციაციას ქმნის. „სამხრეთ კავკასიური კოალიცია - ნდობა“ - ასე ეწოდება ასოციაციას, რომელშიც ქართული, სომხური, აზერბაიჯანული, აფხაზური და ოსური არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შევლენ. მესამე სექტორის წარმომადგენლები სტამბოლში შეიკრიბნენ და ასოციაციის წესდებაზე, ეთიკის კოდექსის კრიტერიუმებსა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს. ასოციაცია ნორვეგიაში დარეგისტრირდება. ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი უკვე ორი წელია ამ ორგანიზაციებს მხარს უჭერს და მათთან კონსულტაციით გადაწყდა შეიქმნას დიდი გაერთიანება. კოალიციის ეთიკის კოდექსის პრეამბულაში წერია: კოალიციის წევრები მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი განათლება მშვიდობის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარების წინაპირობაა. კოალიციაში შემავალი წევრები, საერთო ღირებულებებისა და შეხედულებების მიხედვით, საზოგადოების საკეთილდღეოდ ითანამშრომლებენ. კოალიციის მთავარი პრინციპია მშვიდობასა და ნდობის აღდგენას ემსახუროს. ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი ნინო ტლაშაძე მიიჩნევს, რომ ეს გაერთიანება კავკასიაში ადამიანის უფლებების დასაცავად საერთო ძალისხმევით შეიქმნა.

ასოციაციაში ძირითადად კავკასიური უფლებადამცველი ორგანიზაციები ერთიანდებიან. მათი მიზანია საკუთარი საზოგადოებების ინფორმირება სამშვიდობო პროცესის, ადამიანის უფლებების, ნდობის აღდგენის თვალსაზრისით. როგორც ცნობილია, კავკასიის ზოგიერთ რესპუბლიკაში მესამე სექტორი ხელისუფლებისგან ზეწოლას განიცდის, რაკი მათ უცხოურ აგენტებად მიიჩნევენ. კოალიცია, რომელსაც იურიდიული მისამართი ნორვეგიაში ექნება, შეეცდება კოლეგების უფლებები დაიცვას და სოლიდარობის პრინციპებით იმოქმედოს. სომხეთის სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის თავმჯდომარის არტაგ კირაკოსიანის აზრით, ეს კავკასიაში არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანების უპრეცედენტო შემთხვევაა, რაც იმის დეკლარირებას ნიშნავს, რომ ასოციაციის წევრები უპირობოდ მხარს უჭერენ კავკასიური კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრას.

ასოციაციის მმართველი საბჭო კოალიციის წევრებით დაკომპლექტდება და გადაწყვეტილებებიც კონსენსუსის წესით მიიღება. ირინა იანოვსკაია, თავმჯდომარე ცხინვალში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციისა „ჟურნალისტები ადამიანის უფლებებისთვის“, მიიჩნევს, რომ კოალიციაში ის ადამიანები უნდა შევიდნენ, ვინც საზოგადოების ნდობით სარგებლობს და საკუთარი ხალხის ტკივილი და პრობლემები გათავისებული აქვს. იანოვსკაიას აზრით, კოალიციის გამჭვირვალობა მისი წარმატების წინაპირობა იქნება.

კოალიციის დაფუძნებას საქართველოს ხელისუფლებაშიც გამოეხმაურნენ. სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ, მშვიდობისა და ნდობის აღდგენის თვალსაზრისით, მესამე სექტორის მცდელობა მისასალმებელია. ზაქარეიშვილის თქმით, დიალოგს ყოველთვის აქვს აზრი.

კოალიციის წევრებმა წესდებასა და ეთიკის კოდექსზე მუშაობა უკვე დაასრულეს. მალე კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, სადაც „კოალიცია ნდობისთვის“ უკვე იურიდიულად გაფორმდება და მმართველ საბჭოს აირჩევენ. ამის შემდეგ კავკასიური ორგანიზაციები საერთო პროექტებზე მუშაობას დაიწყებენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG