Accessibility links

logo-print

ევროკავშირისკენ მიმავალი საქართველოს „ისტორიული დღე“


ფოტო: ©Shutterstock

ფოტო: ©Shutterstock

490 ხმით 76-ის წინააღმდეგ – კენჭისყრის ასეთი შედეგით დასრულდა 18 დეკემბერს ევროპარლამენტში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების პროცედურა. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს დელეგაცია, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით. სტუმრებისთვის განკუთვნილი აივნიდან ევროპარლამენტის სხდომას ასევე თვალყურს ადევნებდა ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ხუთშაბათის სხდომაზე კენჭი უყარეს საქართველოს შესახებ რეზოლუციას.

ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების ხანმოკლე პროცედურის შემდეგ, სხდომათა დარბაზში ერთგვარი შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა 10-მდე ევროპარლამენტარი. შეიძლება ითქვას, რომ მათი უმრავლესობა ასოცირების შესახებ შეთანხმებას განიხილავს ისტორიულ შანსად საქართველოსთვის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირის დემოკრატიულ ფასეულობებს. მაგალითად, ევროპარლამენტარმა დიდი ბრიტანეთიდან დენიელ ჰანანმა ერთმანეთს დაუკავშირა უკრაინისა და საქართველოს პრობლემები, რომლის სათავეშიც დგას პუტინის რუსეთი – მწვავე ბრძოლით დასავლური ფასეულობების წინააღმდეგ. დენიელ ჰანანი დახმარების აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს:

„რა თქმა უნდა, ქართველმა ხალხმა, უკრაინელი ხალხის მსგავსად, - და, საერთოდ, ნებისმიერმა ქვეყანამ, - თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ თუკი ისინი არჩევანს გააკეთებენ დასავლური ლიბერალური ფასეულობების სასარგებლოდ, ჩვენ ვალდებული ვართ მხარი დავუჭიროთ მათ. და ეს შეეხება არა მხოლოდ ევროკავშირს, არამედ მთელ ევროატლანტიკურ თანამეგობრობას“.

18 დეკემბრის სხდომაზე სიტყვით აღარ გამოსულა საქართველოს შესახებ მომხსენებელი, ევროპარლამენტის წევრი ლატვიიდან ანდრეის მამიკინსი, თუმცა მან საკუთარი მოსაზრება რატიფიცირებამდე გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოხატა. „გახარებული და ბედნიერი ვარ“, განაცხადა მან და 18 დეკემბერს უწოდა ისტორიული დღე საქართველოსთვის:

„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს ისტორიაში ბოლო 20 წლის განმავლობაში. საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან კარგად იმუშავა. ვიმედოვნებ, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების შემდეგ დავიწყებთ მოლაპარაკებებს უვიზო მიმოსვლის თაობაზე და შესაძლოა მომავალში ვილაპარაკოთ ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. როგორც ცნობილია, ევროკავშირის მნიშვნელოვანი პრინციპია გაფართოება, საქართველო კი ევროპული ქვეყანაა. საქართველო ევროპული ცივილიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილია“.

ასოცირების შესახებ შეთანხმება საბოლო შედეგი რომ არ არის საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაში და ეს გზა რომ ლოგიკურად ევროკავშირში გაწევრიანებით უნდა დასრულდეს, ეს ცხადია საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისთვისაც, რომელიც ერთობლივ პრესკონფერენციაზე მედიის წინაშე ანდრეის მამიკინსთან ერთად წარდგა:

„დღეს ჩემი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენ წინ მივიწევთ ევროპული ერების ოჯახისკენ, ვდგამთ ნაბიჯებს, რომლებსაც, კულტურული თუ ემოციური თვალსაზრისით, ჩემი ხალხის არაერთი თაობა დგამდა, ხოლო, პოლიტიკური თვალსაზრისით, ამ ნაბიჯების გადადგმა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიწყო“.

ამავე პრესკონფერენციაზე გიორგი მარგველაშვილს დაუსვეს შეკითხვა პოლიტიკური მოტივით შერჩევით სამართალთან დაკავშირებით, რაც 18 დეკემბერს ევროპარლამენტის მიერ (491 ხმით 84-ის წინააღმდეგ) დამტკიცებულ რეზოლუციაშიც არის ნახსენები. საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარების შეფასებები მეტად საყურადღებოა, რომ ქვეყანა სწორ გზაზე დგას და ვითარდება, მაგრამ დემოკრატიული განვითარების პროცესი იოლი არ არის. რეზოლუციაში ჩადებულ აქცენტს შერჩევით მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით ანდრეის მამიკინსიც გამოეხმაურა. რეზოლუცია სწორედ მის მიერ მომზადებულ ანგარიშს ეყრდნობა, თუმცა ტექსტმა გარკვეული ცვლილებები განიცადა ევროპის სახალხო პარტიის აქტიურობის შედეგად:

„ეს მხოლოდ რეკომენდაციაა. ევროპარლამენტი სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას გააძლიეროს სასამართლო სისტემა, რათა სასამართლო გახდეს უფრო დამოუკიდებელი. ეს კარგი იქნება საქართველოსთვის, მისი თითოეული მოქალაქისთვის და ეს კარგი იქნება ევროკავშირისთვის“.

შერჩევით სამართალთან დაკავშირებული აქცენტის გარდა, რეზოლუცია ასევე მოიცავს საქართველოს ინტერესებისთვის მეტად პრინციპულ საკითხებს. ევროპარლამენტი რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. აქვეა მოწოდება, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები.

ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა ევროკომისარმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანმა. როგორც ის აღნიშნავს, დოკუმენტის რატიფიცირების შედეგად კიდევ უფრო გამყარდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ჯანსაღი ურთიერთობები, რაც ეფუძნება ნდობას. მართალია, საქართველომ უკვე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, მაგრამ, ევროკავშირთან კიდევ უფრო დასაახლოებლად, ევროკომისარი მოუწოდებს საქართველოს განაგრძოს სასამართლო სისტემის რეფორმირება და კანონის უზენაესობის განმტკიცება. იოჰანეს ჰანი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს სეგმენტს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა წარმოადგენს, დროებით რეჟიმში უკვე მოქმედებს 2014 წლის სექტემბრიდან. ვიდეომიმართვაში ხაზი ესმება კონკრეტულ მიღწევებსა და სამომავლო პერსპექტივებს:

„ვაჭრობის სფეროში 2014 წლის სექტემბრის მონაცემები ადასტურებს, რომ 50 პროცენტით გაიზარდა ევროკავშირში საქარველოდან იმპორტი – ძირითადად თხილისა და მინერალური პროდუქციის სახით. ცხადია, ევროკავშირთან გაზრდილ ვაჭრობას სარგებელი მოაქვს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ევროკავშირი კვლავაც გააგრძელებს საქართველოს დახმარებას ვაჭრობის სფეროს რეფორმირებაში და, კერძოდ, დაეხმარება საშუალო და მცირე საწარმოებს, რათა შეძლონ ადაპტირება ბიზნესის ახლებურ პირობებთან. ამისთვის 51 მილიონი ევრო გამოიყოფა. ეს არის კონკრეტული სარგებელი თქვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ასოცირების შესახებ შეთანხმებას რატიფიცირება გაუკეთა 11-მა ქვეყანამ, ესენია: ხორვატია, რუმინეთი, ბულგარეთი, ლიტვა, ლატვია, მალტა, სლოვაკეთი, ესტონეთი, უნგრეთი, შვედეთი და დანია. სრულყოფილ რეჟიმში ასამოქმედებლად აუცილებელია, რომ დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინოს ევროკავშირის 28-ვე წევრმა ქვეყანამ.

ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზში სტუმრებისთვის განკუთვნილ აივანზე ერთმანეთთან ახლოს ისხდნენ საქართველოს მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები, თანმხლებ პირებთან ერთად. აპლოდისმენტები დარბაზში ორივეს წარდგენას მოჰყვა, განსხვავება ის იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი დარბაზიდან ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელმა წარადგინა, ხოლო გიორგი მარგველაშვილი დეპუტატებს სხდომის თავმჯდომარემ წარუდგინა და დიდი მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტში სტუმრობისთვის საქართველოსთვის ესოდენ მნიშვნელოვან დღეს. საქართველოს ოფიციალურ დელეგაციაში ასევე წარმოდგენილი იყვნენ: საგარეო საქმეთა მინისტრი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩევლები და მისი ადმინისტრაციის უფროსი.

XS
SM
MD
LG