Accessibility links

logo-print

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას. დოკუმენტის რატიფიცირებამდე, მიმდინარე წლის შემოდგომაზე, უკვე ამოქმედდება შეთანხმების ნაწილი და ასევე შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ. არსებული გათვლებით, შეთანხმება ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაღრმავებას საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის სავაჭრო და ინვესტიციების მიმართულებებით.

იმ დრომდე, სანამ შეთანხმების ეკონომიკური ეფექტი საქართველოსთვის გაზომვადი იქნება, საინტერესოა მიმოვიხილოთ არსებული მდგომარეობა ევროკავშირის ქვეყნებთან - სავაჭრო, ინვესტიციებისა და ფულადი გზავნილების არხებით.

საგარეო ვაჭრობის კუთხით, ევროკავშირი ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორია. 2014 წლის იანვარ-მაისის მდგომარეობით, ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის მთლიანი ექსპორტის 20 პროცენტი. უმსხვილესი პარტნიორი, ამ თვალსაზრისით, ბულგარეთია. ამ ქვეყანაში განხორციელებული ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნების მთლიანი ექსპორტის 31 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ესპანეთი - 15 პროცენტით. ყველაზე ნაკლებად ათვისებული ქვეყნები ექსპორტის მხრივ არის: მალტა, შვედეთი, ირლანდია, ხორვატია.

იმპორტის თვალსაზრისით, 2014 წლის იანვარ-მაისის მგომარეობით, ევროკავშირის ქვეყნებზე მთლიანი იმპორტის 30 პროცენტი მოდის. პროდუქციის ყველაზე მეტი რაოდენობა - 21 პროცენტი - გერმანიიდან შემოდის, 14 პროცენტი - რუმინეთიდან, 9 პროცენტი - იტალიიდან. ყველაზე ნაკლები პროდუქცია შემოდის მალტიდან, შვედეთიდან, ხორვატიიდან, დანიიდან, კვიპროსიდან.

ევროკავშირის ქვეყნები, ინვესტიციების შემოდინების მხრივ, სტაბილური წყაროა. კერძოდ, 2014 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნახევარი ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოვიდა. ამასთან, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა ნიდერლანდებია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ინვესტიციების მხრივ სტაბილური პარტნიორია. გაერთიანებული სამეფოდან 2014 წლის პირველ კვარტალში შემოვიდა ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ინვესტიციების 27 პროცენტი. 2013 წლიდან მოყოლებული, შეიმჩნევა გერმანიიდან შემოსულ ინვესტიციათა ნაკადის მკვეთრი კლება. განსაკუთრებით გააქტიურდა ინვესტიციების შემოდინება ლუქსემბურგიდან და პოლონეთიდან.

საქართველოსთვის უცხოური ვალუტის მნიშვნელოვანი წყაროა ასევე ფულადი გზავნილები. ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების 30 პროცენტი ევროკავშირის ქვეყნებიდან მოდის. საბერძნეთი და იტალია, შემოსული გზავნილების მოცულობის მიხედვით, 2014 წლის პირველი 5 თვის მონაცემებით, მეორე და მესამე ადგილზე არიან.

ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ეკონომიკურ სარგებელს ქვეყანა პირველსავე წელს ნაკლებად იგრძნობს, თუმცა შეთანხმების საფუძველზე გაუქმდება ტარიფების 95 პროცენტი, მოხდება საწარმოო პროდუქციით ვაჭრობის სრული ლიბერალიზაცია. ეკონომიკური სარგებელი გრძელვადიან პერსპექტივაში მთლიანი შიდა პროდუქტის 6,5 პროცენტს მიაღწევს. ნავარაუდევია 5-წლიან პერსპექტივაში ექსპორტის 13,5 პროცენით გაზრდა. ყველაზე დიდი ზრდა პროგნოზირებულია ტექსტილის წარმოებაში.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG