Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნები სრულდება, მაგრამ ხარვეზებით


ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველომ“ წარმოადგინა პოლიტიკის დოკუმენტები, რომლებშიც შეფასებულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები. დოკუმენტები რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „ციხის საერთაშორისო რეფორმის“, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩვნების“ - მიერ მომზადდა და მოიცავს 2016 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდს. როგორც ორგანიზაციების წარმომადგენლები დაასკვნიან, რეფორმები მეტწილად წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა საკანონმდებლო დონეზე მოსაგვარებელია სამართალდამცავი უწყებების პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის საკითხი.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ფარგლებში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამის მენეჯერმა ერეკლე ურუშაძემ საჯარო მოხელეთა ტრენინგებისა და ეთიკის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამ მიმართულებით განხორციელებული სამუშაოები დიდწილად დადებითად შეიძლება შეფასდეს, მაგრამ ეს ტრენინგები უნდა გავრცელდეს მარეგულირებელი კომისიების თანამშრომლებზე, სახელმწიფო საწარმოების თანამშრომლებსა და, ასევე, პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, რადგან ისინი ხშირად კარგად არ იცნობენ იმ კანონმდებლობას, რომლის დაცვაც მოეთხოვებათ.

„იმ პირობებში, როცა მექრთამეობა საჯარო სექტორში აღარ არის გავრცელებული, ახლა ჩვენი ანტიკორუფციული ფოკუსი არის ეთიკის ნორმების დაცვაზე, მათ შორის -ინტერესთა კონფლიქტის პრევენცია და სხვა. მთლიანობაში, ჩვენი შეფასება არის პოზიტიური. საჯარო სამსახურის ბიურომ 60-ზე მეტი ტრენინიგი ჩაატარა და 1000-ზე მეტი საჯარო მოსამსახურე მოამზადა ეთიკის საკითხებში და მომზადებულია ეთიკის კოდექსი, რომელიც მალე დამტკიცდება და ამასაც პოზიტიურად ვაფასებთ. კრიტიკულ შენიშვნებზე თუ ვისაუბრებთ, ვფიქრობთ, რომ ეს ტრენინგი არის ზოგადი და ამას უნდა დაემატოს კონკრეტული ტრენინგის პროგრამები, რომლებიც კონკრეტულ სფეროებსა და ინსტიტუტებზე იქნება გათვლილი, იქ არსებული რისკებიდან გამომდინარე“.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა იქნეს სავალდებულო წესით შემოღებული საუბნო კომისიის წევრების სერტიფიცირება. მათ უნდა გაიარონ ტესტირება, რომელიც იქნება შედარებით უფრო მარტივი და კენჭისყრის დღის პროცედურებზე ორიენტირებული, ვინაიდან საუბნო კომისიის წევრებს ძირითადად ეს პროცედურები სჭირდებათ და იმ პირთაგან...
ელენე ნიჟარაძე

რაც შეეხება საარჩევნო სისტემისა და ადმინისტრაციის გამართულ მუშაობას, ამ თვალსაზრისით, „სამართლიანი არჩევნების“ პროექტის კოორდინატორ ელენე ნიჟარაძის თქმით, სამწუხაროდ, წინა მოწვევის პარლამენტმა არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შეემცირებინა პოლიტიკური გავლენები საარჩევნო ადმინისტრაციებში კონკურსების დროს კადრების შერჩების მიმართულებით:

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა იქნეს სავალდებულო წესით შემოღებული საუბნო კომისიის წევრების სერტიფიცირება. მათ უნდა გაიარონ ტესტირება, რომელიც იქნება შედარებით უფრო მარტივი და კენჭისყრის დღის პროცედურებზე ორიენტირებული, ვინაიდან საუბნო კომისიის წევრებს ძირითადად ეს პროცედურები სჭირდებათ და იმ პირთაგან, რომლებიც მიიღებენ სერტიფიკატებს, უნდა შეიქმნას ელექტრონულ მონაცემთა ბაზა, რომლიდანაც შემთხვევითი შერჩევის წესით მოხდება კანდიდატების არჩევა, რაც პრაქტიკულად მთლიანად გამორიცხავს პროცესიდან დამატებით საოლქო კომისიების ჩართულობას“.

„ციხის საერთაშორისო რეფორმის“ სამხრეთ კავკასიის ოფისის რეგიონალური დირექტორის, ცირა ჭანტურიას თქმით კი, ასოცირების დღის წესრიგის ერთ-ერთი თემაა წამებასა და სასტიკ მოპყრობასთან ბრძოლის საკითხი და ამასთან კავშირში პენიტენციარულ და სხვა დახურულ უწყებებში წამებასთან დაკავშირებული ბრალდებების გამჭვირვალე და სიღრმისეული გამოძიების უზრუნველყოფა. თუმცა, როგორც ცირა ჭანტურია ამბობს, ამ თვალსაზრისით არსებული პრაქტიკა საკმაოდ ხარვეზიანია და ეს არაერთხელაა ხაზგასმული სახალხო დამცველის და გაეროს წამების შესახებ მომხსენებლის ანგარიშებში. ხარვეზიანობას კი, ცირა ჭანტურიას თქმით, განაპირობებს საგამოძიებო პროცესში პროკურატურის არაქმედითი ჩარევა, რასაც, თავის მხრივ, რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:

„ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ ელექტრონული მეთვალყურეობის ვიდეოჩანაწერების შენახვა არ ხდება საკმარისი ვადით. ისინი ინახება 24 საათის ვადით და რამდენიმე დღის შემდეგ, როცა პროკურატურაში შეიძლება საჩივარი გაიგზავნოს და მას დასჭირდეს ამ მტკიცებულებების ამოღება, 24 საათში ის უკვე განადგურებულია. შესაბამისად, ვერ ხდება ამ ჩანაწერის ამოღება და მეორე მნიშვნელოვანი წყარო, შესაბამისი მტკიცებულებების შესაგროვებლად ეს არის სამედიცინო დოკუმენტაცია და, სამწუხაროდ, ექიმების როლი მთელი ამ წლების განმავლობაში საკმაოდ შეზღუდული იყო წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან ბრძოლის კუთხით, ანუ ის სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც ციხეებში იწარმოებოდა ან შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში, არ იყო საერთაშორისო თუ ევროპული სტანდარტების შესაბამისი, რათა მოეხდინა სათანადო დოკუმენტაციის უზრუნველყოფა გამოძიებისათვის“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ პროექტის კოორდინატორმა ეკა ციმაკურიძემ ყურადღება გაამხვილა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ პროკურატურის რეფორმის განხორციელებაზე. მართალია, 2015 წელს მნიშვნელოვნად შეიცვალა კანონმდებლობა და შეიქმნა ახალი ინსტიტუცია, საპროკურორო საბჭო, რომელსაც დაეკისრა პროკურატურის სისტემის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, მაგრამ, დღევანდელი მოცემულობით, ეს ასე არ არის:

„ყველა პროკურორი ექვემდებარება და ემორჩილება მთავარ პროკურორს. თავის მხრივ, მთავარი პრიკურორი და მთავარი პროკურატურა არის ინსტიტუციურად იუსტიციის სამინისტროს ქოლგის ქვეშ და საერთო ხელმძღვანელობას უწევს იუსტიციის სამინისტრო ამ ინსტიტუციას. შესაბამისად, ასეთი ცენტრალიზებული სისტემის პირობებში ძალიან მცირეა იმის მოლოდინი, რომ ცალკეულ პროკურორებს ექნებათ რეალურად ნეიტრალურად მუშაობის შესაძლებლობა“.

შეხვედრას მთავარი პროკურატურის წარმომადგენელიც ესწრებოდა. ნიკა ჭინტურაშვილმა განმარტა, რომ პროკურატურის რეფორმირება მომავალი წლის სამოქმედო გეგმების ნაწილია და ინდივიდუალური პროკურორების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად სპეციალური მექანიზმების ამოქმედება იგეგმება:

„იგეგმება პროკურორების შეფასების სისტემის დანერგვა და კრიტერიუმების გაწერა, რომლის მიხედვითაც შეფასდებიან პროკურორები და მაქსიმალურად გამოირიცხება რაიმე სახის სუბიექტური შეფასება, რაც იქნება ერთ-ერთი დადებით ფაქტორი მათი დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად“.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა შეხვედრის ორგანიზატორებს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება ბოლომდე მიიყვანოს ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებები და განახორციელოს შესაბამისი რეფორმები სამოქალაქო სექტორის ჩართულობით.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG