Accessibility links

logo-print

ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველომ" გამოაქვეყნა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგის შედეგები. ანგარიშში, რომელიც მოიცავს პერიოდს 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2015 წლის 1 სექტემბრამდე, შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგის მხოლოდ პოლიტიკური ნაწილი - მათ შორის, სასამართლო სისტემის, ანტიკორუფციული, ადმინისტრაციული და საჯარო სამსახურის რეფორმების განხორციელება; ასევე, ბრძოლა წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ, შრომითი უფლებები და სტანდარტები, თანასწორი მოპყრობა და ბავშვთა უფლებები.

2014 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგზე არასამთავრობო ორგანიზაციების არაფორმალური კოალიცია მუშაობდა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ქეთი ხუციშვილის თქმით, მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული ექვსი ძირითადი მიმართულებით, რომლებიც შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილს მოიცავს, თუმცა საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში კვლავ რჩება სერიოზული გამოწვევები:

„გამოწვევების მაგალითად შემიძლია, პირველ რიგში, დავასახელო პროკურატურა, რომლის რეალური რეფორმა დღემდე არ განხორციელებულა. სასამართლო სისტემა, რომელშიც მოსამართლეთა შერჩევის პროცესი დღესაც გაუმჭვირვალეა და არცთუ დამაჯერებლად მიმდინარეობს, მაგრამ, ამავე დროს, არის, რა თქმა უნდა, სერიოზული მიღწევები, თუნდაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში, სადაც მართლა ევროპული სტანდარტების კოდექსი იქნა მიღებული“.

2015 წლის ასოცირების შეთანხმების შესრულების გეგმის მიხედვით, გვქონდა განსაზღვრული 700-მდე სხვადასხვა ღონისძიება, რომელთაგანაც აბსოლუტური უმრავლესობა, 99 პროცენტი, არის შესრულებული...

ამასთან, ანგარიშმა აჩვენა, რომ თვალშისაცემი წინსვლა გამოიკვეთა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და საჯარო სამსახურის რეფორმირების მიმართულებით. როგორც ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" წარმომადგენელმა ვანო ჩხიკვაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, მიღებული იქნა საჯარო სამსახურის კოდექსი, ხოლო წამების წინააღმდეგ მიმართულმა ძალისხმევამ ის შედეგი გამოიღო, რომ წამება და არასათანადო მოპყრობა აღარ არის სისტემური პრობლემა. ვანო ჩხიკვაძის თქმით, პროგრესი ვერ იქნა მიღწეული რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით, მათ შორის, ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით:

„ძალიან ბევრი რამაა გასაკეთებელი. პირველ რიგში, გასაზრდელია სოციალური სააგენტოს როლი ამ კუთხით, რათა სათანადოდ იქნეს დაცული იმ ბავშვთა უფლებები, რომლებიც იმყოფებიან რელიგიური დაწესებულებების ზედამხედველობის ქვეშ. მეორე მიმართულება, რომელშიც გარკვეული ძვრები არის, მაგრამ კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი, ესაა მართლმსაჯულების სისტემა, კერძოდ, პროკურატურის რეფორმა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ კარგია, რომ დაიწყო ეს რეფორმა, განხორციელდა პირველი ტალღა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ 2016 წელს ასოცირების შეთანხმების შესრულების სამოქმედო გეგმაში იყოს გაწერილი კონკრეტული ქმედებები იმასთან დაკავშირებით, თუ რას გულისხმობს მეორე ტალღა და როგორი უნდა იყოს მოლოდინები“.

ვანო ჩხიკვაძის თქმით, ასევე პრობლემის სახით გამოიკვეთა ის, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია ზოგადი ნიშნულები, რომელთა საშუალებითაც ადვილი იქნებოდა შეთანხმების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულების შეფასება და კიდევ ის, რომ სუსტი, არაკოორდინირებული და არასაკმარისია თანამშრომლობა ერთსა და იმავე აქტივობაზე პასუხისმგებელ სხვადასხვა უწყებას შორის. არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები გაიზიარა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ, რომლის თქმითაც, ანგარიშით მიღებულ რეკომენდაციებს სახელმწიფო აუცილებლად გაითვალისწინებს და, შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ისედაც შთამბეჭდავი შედეგი კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება:

„2015 წლის ასოცირების შეთანხმების შესრულების გეგმის მიხედვით, გვქონდა განსაზღვრული 700-მდე სხვადასხვა ღონისძიება, რომელთაგანაც აბსოლუტური უმრავლესობა, 99 პროცენტი, არის შესრულებული“.

მონიტორინგის პროცესში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო წამების წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. დადებითი კუთხით გამოყოფილია შედეგები საპატიმროების შიდა და გარე მონიტორინგის სისტემებში, თუმცა, როგორც ცირა ჭანტურია, „ციხის საერთაშორისო რეფორმის" წარმომადგენელი, ამბობს, ამ მიმართულებითაც ბევრი საქმეა გასაკეთებელი.

ცირა ჭანტურია

ცირა ჭანტურია

„იგულისხმება ძირითადად გენერალური ინსპექციები, თუმცა ჩვენ ჯერ არ გვინახავს მათ მიერ მომზადებული ანგარიშები. ეს გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ საკითხის მეორე მხარეა გარე მონიტორინგი, რომელშიც, პირველ რიგში, იგულისხმება საზოგადოებრივი მონიტორინგი სასჯელაღსრულების სისტემაზე, რასაც მრავალი წელია ითხოვს სამოქალაქო საზოგადოება. ამ მიმართულებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საწყის ეტაპზე იმყოფება საკითხი. სასჯელაღსრულების მინისტრმა შექმნა სათათბირო ორგანო, საკონსულტაციო საბჭო და ერთი შეხვედრა გაიმართა ამ მიზნით“, უთხრა რადიო თავისუფლებას ცირა ჭანტურიამ, რომლის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანდაცვისა და პატიმრებისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხითაც, კერძოდ, განვითარდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და დაიხვეწა მენეჯმენტის საქმიანობა:

„ციხეებში შეიქმნა ჯანდაცვის სტანდარტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი რამ გაკეთდა ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, მათ შორის, სამედიცინო ნაწილებში. აგრეთვე შეძენილი იქნა აღჭურვილობა. დიდი პროგრესი იქნა მიღწეული C ჰეპატიტთან და ტუბერკულოზთან ბრძოლის კუთხით. გაუმჯობესდა მედიკამენტებით მომარაგების სისტემა. განხორციელებული რეფორმების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო შედგი ისაა, რომ მკვეთრად შემცირდა პატიმართა სიკვდილიანობის მაჩვენებელი“.

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ამჟამად მუშაობენ ასოცირების შეთანხმების 2016 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენლის ვანო ჩხიკვაძის თქმით, შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება პირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე.

„უკვე შეიქმნა შრომის ინსპექცია, გაუმჯობესდა შრომის კანონმდებლობა და, ცხადია, ეს ეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს. მეორე ის, რომ წამება და არასათანადო მოპყრობის კუთხით მნიშვნელოვანია წინსვლა, რაც პირდაპირ აისახება იმ ადამიანებზე, რომლებიც იმყოფებიან პენიტენციურ სისტემაში. ასევე მნიშვნელოვანია ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება. იმ ბავშვთა უფლებები, რომლებიც იმყოფებიან თავშესაფრებში, ასევე უნდა იყოს დაცული“, უთხრა ვანო ჩხიკვაძემ რადიო თავისუფლებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG