Accessibility links

logo-print

ევროპარლამენტში თბილისს პრეზიდენტი მარგველაშვილი წარმოადგენს


გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი

რაც უფრო ახლოვდებოდა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, მით უფრო აქტუალური ხდებოდა შეკითხვა – ვინ მიდის თბილისიდან სტრასბურგში ისტორიულ ღონისძიებაზე დასასწრებად. რატიფიცირებამდე ერთი დღით ადრე, 17 დეკემბერს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს დელეგაცია სტრასბურგში წარმოდგენილი იქნება პრეზდენტ გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით. სტრასბურგში ჩავა ექს-პრეზიდენტი სააკაშვილიც.

17 დეკემბერს, შუადღემდე, ცნობილი იყო, რომ რატიფიცირების ცერემონიას სტრასბურგში საქართველოდან მხოლოდ პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარეები თედო ჯაფარიძე და ვიქტორ დოლიძე დაესწრებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ლოგიკური იყო, რადგანაც „საპარლამენტო განზომილების“ ფარგლებში სტრასბურგში ჩასვლა სწორედ პარლამენტარებს ეკუთვნოდათ - პირველ რიგში, ეს პარლამენტის თავმჯდომარეს ეხებოდა, მაგრამ ავადმყოფობის გამო დავით უსუფაშვილი სტრასბურგში ჩასვლას ვერ ახერხებს. სწორედ ამ ლოგიკით განმარტავდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები იმ ფაქტსაც, რომ სტრასბურგში ჩასვლაზე არც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უფიქრია. პრემიერმა ევროპალამენტს მხოლოდ წერილი გაუგზავნა.

ასეთი სურათი მთლიანად შეცვალა შუადღისას გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრება. ეს ინფორმაცია პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ გაახმაურა. გადაწყდა თუ არა ეს ნაჩქარევად მას შემდეგ, რაც მედიამ ოთხშაბათს დილიდან დასვა ათასნაირი შეკითხვა იმის თაობაზე, თუ რატომ არ მიიჩნია საქართველოს ხელისუფლებამ საჭიროდ ქვეყანა უმაღლესი პირებით ყოფილიყო წარმოდგენილი ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე? ამ შეკითხვაზე თენგიზ ფხალაძეს უარყოფითი პასუხი აქვს. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, პრეზიდენტის ვიზიტი უკვე კარგა ხნის განმავლობაში იგეგმებოდა – მათ შორის, მთავრობის წარმომადგენელთა მხარდაჭერით:

თენგიზ ფხალაძე

თენგიზ ფხალაძე

„გუშინწინ დაბრუნდა პრეზიდენტი თურქმენეთიდან. აქტივობები ძალიან ბევრი იყო და შეიძლება საზოგადოებამ ამის შესახებ გვიან გაიგო (სტრასბურგში ვიზიტის შესახებ)... ჩვეულებრივად მიდის პროცედურა - ისე, როგორც წესია, ანუ დიპლომატიური არხებით მიმდინარეობს ამ თემაზე მუშაობა და ხვალ (18 დეკემბერს) პრეზიდენტი იქნება იმ ღონისძიებაზე, რომელიც მართლა ძალიან მნიშვნელოვანია; გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ისტორიული ღონისძიება, ისტორიული დღეა საქართველოსთვის. ბუნებრივია, რომ ამ ღონისძიებაზე ქვეყანა უნდა იყოს წარმოჩენილი ღირსეულად და სახელმწიფოს მეთაური იქნება სწორედ ის ადამიანი, რომელიც წარმოადგენს ქვეყანას“.

პრეზიდენტის სტრასბურგში ჩასვლას მიესალმება საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, მაგრამ მისთვის ძნელად დასაჯერებელია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი ნაუცბათევად არ დაიგეგმა. როგორც დავით ზალკალიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ხელისუფლება წინდაუხედავად მოიქცა:

„გადაწყვეტილების ასე სწრაფად მიღება მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას არ ჰქონდა ჩაფიქრებული ამ ღონისძიებაში უმაღლესი თანამდებობის პირებით მონაწილეობა. ვფიქრობ, ეს შეცდომაა, რადგანაც, როდესაც ევროპარლამენტი რატიფიცირებას უკეთებს ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კარგი ტრიბუნაა იმისთვის, რომ გამოვიყენოთ ჩვენთვის სასურველი გზავნილების გასაჟღერებლად... ჯერ ერთი, ელემენტარულია, რომ ევროპარლამენტარებს მადლობა გადავუხადოთ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი საქართველოსთან მიმართებით ყოველთვის გამოხატავდნენ და, იმედია, მომავალშიც გამოხატავენ“.

ეს არ არის ის თემა, რომელზეც ის უნდა ამტყდარიყო, რაც ატყდა და მივიღეთ შედეგად ის, რომ ახლა ეს თემა მთელი მსოფლიოს თვალში კიდევ ერთხელ დასაცინად გახდა. კარგია, პრეზიდენტი თუ მიდის... მაგრამ დღეს რატომ უნდა გაგვეგო ეს ამბავი?!

ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების ღონისძიებისთვის პრეზიდენტ მარგველაშვილის სტრასბურგში ჩასვლას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას დადებითად აფასებს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში მამუკა ჟღენტი, თუმცა მისთვის არც ის იქნებოდა პრობლემა, ღონისძიებას მხოლოდ პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები რომ დასწრებოდნენ. მამუკა ჟღენტი სამარცხვინოს უწოდებს ამ თემის გარშემო ატეხილ ისეთ ხმაურს, რომელმაც ლამის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების არსი და მნიშვნელობაც გადაფაროს:

„ეს არ არის ის თემა, რომელზეც ის უნდა ამტყდარიყო, რაც ატყდა და მივიღეთ შედეგად ის, რომ ახლა ეს თემა მთელი მსოფლიოს თვალში კიდევ ერთხელ დასაცინად გახდა. კარგია, პრეზიდენტი თუ მიდის... მაგრამ დღეს რატომ უნდა გაგვეგო ეს ამბავი?!“

მამუკა ჟღენტი ასევე არასერიოზულად მიიჩნევს კამათსა და დისკუსიას, რაც მოჰყვა ცნობას ამ ღონისძიებისთვის ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის სტრასბურგში ჩასვლის თაობაზე. ის თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ დიდი წვლილი შეიტანა ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მუშაობის პროცესში და რომ მას აქვს სრული უფლება დაესწროს ამ ღონისძიებას.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რა გეგმით იმოქმედებს ევროპის სახალხო პარტიის მიერ მიწვეული მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ევროპარლამენტის სხდომაზე დასწრების უფლება ყველას ეძლევა და რომ ექს-პრეზიდენტი ევროპარლამენტს რიგითი სტუმრის სახით მოევლინება.

XS
SM
MD
LG