Accessibility links

ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება და ვალდებულებები, რომლებიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს - ამ საკითხებზე დღეს ევროკავშირთან ინტეგრაციის კომისიის 51-ე სხდომაზე მსჯელობდნენ. სხდომას, რომელზეც 2014 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულება და ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილებოდა, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ჩართული ყველა სამთავრობო უწყების წარმომადგენელი დაესწრო.

ევროკავშირთან ასოცირების 2015 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი კომისიის სხდომას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ წარუდგინა:

“ჩვენ ახლა გაწერილი გვაქვს და ვიღებთ სამოქმედო გეგმას 2015 წლისთვის როგორც ასოცირების შეთანხმების, ისე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის, კომუნიკაციის სტრატეგიისა და დონორთა კოორდინაციის მიმართულებით. ამ ხუთ მიმართულებაზე ჩვენ ვიღებთ სამოქმედო გეგმას. ეს არის ის საკითხები, როს მიხედვითაც ყოვლდღიურ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას, მთავრობის და თითოეული სამინისტროს მონაწილეობით“.

დოკუმენტს უახლოესი მთავრობის სხდომაზე დაამტკიცებენ, ევროპარლამენტის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების ფაქტთან დაკავშირებით კი საქართველოს მთავრობა მილოცვებს 19 დეკემბრის დილიდან იღებდა. ერთ-ერთი პირველი მიმლოცველი იყო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი. დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ ევროპარლამენტის მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება შეაფასა როგორც საქართველოსადმი ევროპის მზარდი ნდობის დემონსტრირება და ქვეყნის მუდმივი რეფორმირების დასტური:

ჯენ პსაკი

ჯენ პსაკი

​​„შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს დღეს ევროპარლამენტის მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას. სტრასბურგში ასობით ევროპელი პარლამენტარის მხარდაჭერა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. კენჭისყრა არის საქართველოსადმი ევროპის მზარდი ნდობის დემონსტრირება და ქვეყნის მიერ მთელი რიგი რეფორმების გატარების დასტური. ამერიკის შეერთებული შტატები უერთდება ევროკავშირს ქართველი ხალხის მხარდაჭერაში“, - თქვა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ და, თავის მხრივ, ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით რეფორმებს განაგრძობს.

საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული საშინაო დავალებების შესრულების ეფექტურობა გამოკვეთა საქართველოში ვიზიტად მყოფმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქეით პენტუს-როსიმანუსმა. თავის ქართველ კოლეგასთან, თამარ ბერუჩაშვილთან, გამართული შეხვედრის შემდეგ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ რიგის სამიტზე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება ისტორიული სამართლიანობის აღდგენის ნიშნად შეაფასა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა. ელჩის განცხადებით, რატიფიცირება გამოხატავს ევროპარლამენტის სრულ ნდობას საქართველოსადმი:

“ასოცირების შეთანხმების განხორციელება არ იქნება იოლი საქართველოსთვის, ისევე როგორც ევროკავშირისთვის, რადგან ჩვენ ძირეულ ტრანსფორმაციაზე ვსაუბრობთ. და, რასაკვირველია, ჩვენ დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ამოცანები გვაქვს და ამ საკითხებზე დებატების დროსაც იყო საუბარი. ამ შეთანხმების ამოცანაა საქართველოში დემოკრატიის შემდგომი გაძლიერება. მნიშვნელოვანია ასევე პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობოსება, სასამართლო სისტემის რეფორმირება და ზოგადად კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა“.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ევროკავშირის სხვა საერთაშორისო პარტნიორები და საფინანსო ინსტიტუტები საქართველოს მასშტაბურ დახმარებას აღმოუჩენენ რეფორმების განხორციელებაში როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური თვალსაზრისით, ასევე ინვესტიციების ხელშეწყობით და გამოცდილების გაზიარებით...

იანოშ ჰერმანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს სურს საქართველო იყოს მაღალგანვითარებული ევროპული ოჯახის სტაბილური დემოკრატიული ქვეყანა და მზადაა ამ გზაზე რეფორმირების პროცესში საქართველოს მხარი დაუჭიროს.

„ასოცირების შეთანხმება არის ჩვენი ინვესტიცია საქართველოს მომავალში და მძლავრი სტიმული რეფორმებისთვის“, - აღნიშნა, თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა იანოშ ჰერმანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე:

„მინდა განსაკუთრებული კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ საქართველო ამ პროცესში მარტო არ არის. ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ევროკავშირის სხვა საერთაშორისო პარტნიორები და საფინანსო ინსტიტუტები საქართველოს მასშტაბურ დახმარებას აღმოუჩენენ რეფორმების განხორციელებაში როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური თვალსაზრისით, ასევე ინვესტიციების ხელშეწყობით და გამოცდილების გაზიარებით“.

თამარ ბერუჩაშვილის თანახმად, ევროკავშირთან ასოცირება ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი საინტერესო და საპასუხისმგებლო გზის დასაწყისია, რომელმაც ქართველი ხალხის ევროპული ოცნება უნდა აასრულოს.

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის კახა გოგოლაშვილის თანახმად, ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების მიუხედავად, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი ყველა წევრ სახელმწიფოში მაქსიმუმ ორ წელს გასტანს. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში იგი ამბობს, რომ ევროპარლამენტის მიერ ხელშეკრულების რატიფიცირება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტებისთვის პროცესის დაჩქარების ერთგვარი სიგნალი იქნება.

დღეისათვის დოკუმენტის რატიფიცირება 11-მა სახელმწიფომ მოახდინა.

XS
SM
MD
LG