Accessibility links

logo-print

ასპინძის გამგეობაში 18 თანამშრომელი გაათავისუფლეს


ასპინძა

ასპინძა

მერი მელიქიძემ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლების შესახებ წერილობითი ბრძანება ფოსტის მეშვეობით მიიღო. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გამგეობაში განუმარტეს, რომ რეორგანიზაცია შტატების შემცირებით დაიწყებოდა, თუმცა მან გათავისუფლების შესახებ ბრძანებაზე ხელი არ მოაწერა. ასპინძის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის სამსახურის უკვე ყოფილი სპეციალისტი ამბობს, რომ მისთვის სხვა სახის ახსნა–განმარტება გამგეობის ხელმძღვანელობას არ მიუცია. იგი ასპინძის აღმასრულებელ ორგანოში სხვადასხვა თანამდებობებზე 1992 წლიდან მუშაობდა.
გამგეობის გათავისუფლებულ 18 სპეციალისტს შორის მოხვდა გიორგი მაზმიშვილი. უკვე ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ შტატები უსაფუძვლოდ შეამცირეს, რადგან მუნიციპალიტეტს მათი ფუნქციონირებისათვის საკმარისი რესურსები აქვს. კითხვაზე, პოლიტიკური ნიშნით ხომ არ გაათავისუფლეს, უკვე ყოფილი თაამშრომლები პასუხისაგან თავს იკავებენ.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ რეორგანიზაცია ფინანსური პროლემების გამო მოხდა და მას სხვა საფუძველი არ ჰქონია. გამგებლის მოადგილის ალექსანდრე პაპაშვილის მტკიცებით, შტატების შემცირება მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ ივლისის თვეში დაიგეგმა, თუმცა არჩევნების გამო მისი განხორციელება გადაიდო. პაპაშვილი ამბობს, რომ, 18 თანამშრომლის გარდა, გამგეობიდან კიდევ ორი სპეციალისტი გათავისუფლდება, რომლებიც ამ ეტაპზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მკურნალობის კურსს გადიან.

ბოლო ხანებში, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში თანამშრომელთა მასობრივ გათავისუფლებას დაბის მცხოვრებლებიც აძლევენ შეფასებას. მოსახლეობის ნაწილი ადგილობრივი ხელისუფლების ამ ნაბიჯს დადებითად აფასებს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ თანამშრომელთა მასშტაბური რეორგანიზაცია არასწორია. მათი აზრით, მუნიციპალიტეტი ისედაც უმუშევრობის პრობლემის წინაშე დგას და დაუსაქმებელთა რაოდენობა არ უნდა გაიზარდოს. ასპინძელები არც იმას გამორიცხავენ, რომ შემცირებები პოლიტიკური ნიშნით მოხდა, რადგან, მათი თქმით, ამ დრომდე გამგეობაში სხვადასხვა თანამდებობები ისევ ყოფილი ხელისუფლების კადრებს ეკავათ.
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ შემცირებები მხოლოდ სამსახურის სპეციალისტებს შეეხოთ, რის შედეგადაც გაერთიანდა სოციალური, ეკონომიკური, სახანძრო და სამხედრო აღრიცხვის სამსახურები. ამ სფეროს საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის ყოფილი უფროსი, გიორგი თეგეტაშვილი, უხელმძღვანელებს. ასპინძის მუნიციპალიტეტის პირველი პირების თქმით, ამ ეტაპზე ყველა პოსტს მხოლოდ მოვალეობის შემსრულებლები იკავებენ და ისინი თანამდებობებზე კონკურსის წესით დამტკიცდებიან, რომლის გამოცხადებაც უკვე ბოლო სამი თვეა იგეგმება.
XS
SM
MD
LG