Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასპინძის ორ ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა


ასპინძის საბავშვო ბაღებში, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, 11 თებერვლიდან 16 თებერვლამდე სასწავლო პროცესი შეწყდა. ოფიციალური ვერსიით, სწავლის პროცესი სარემონტო სამუშაოების გამო შეჩერდა, მოსახლეობა კი ეჭვობს, რომ მიზეზი ჩაშლილი ტენდერი და დაბაში გავრცელებული ვირუსია.

მაიკო სანდოძე 1987 წლიდან 2014წლის 2 თებერვლამდე გაერთიანებული ბაღების დირექტორი იყო. იგი სწავლის შეწყვეტის რამდენიმე მიზეზზე ლაპარაკობს. ამბობს, რომ დაგვიანდა ტენდერის გამოცხადება საკვები პროდუქტების შესაძენად და, გარდა ამისა, თავად სამსახური დატოვა და გაერთიანებული ბაღების ხელმძღვანელობიდან ერთ-ერთი ბაღის მენეჯერად გადაინაცვლა, ამავე დროს, სხვა სამსახურში გადავიდა შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელიც. #2 საბავშვო ბაგა-ბაღის ხელმძღვანელი მაიკო სანდოძე იმასაც აღნიშნავს, რომ ბაღები არაერთხელ შემოწმდა და ხელმძღვანელებმა გაფრთხილებებიც მიიღეს.

ჩამსხვრეული მინები, დაზიანებული იატაკი, მოძველებული ინვენტარი და ამორტიზებული შენობა - ამ ყველაფერს პედაგოგთა დაბალი ხელფასები და არასასურველი სანიტარული პირობები ემატება. #2 საბავშო ბაგა-ბაღის ფინანსური მენეჯერი ლამზირა შემაზაშვილი განმარტავს, რომ დაბაში არსებული ორი საბავშვო ბაღი დროებით გაერთიანდება და, ვიდრე მეორე საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოები დასრულდება, 200-მდე ბავშვსა და ორივე ბაღის თანამშრომლებს ერთ შენობაში მოუწევთ 17 თებერვლიდან მუშაობა.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დროებით შეჩერებისმიზეზებზე ლაპარაკობს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი. ლევან ცაბაძე განმარტავს, რომ საკვებ პროდუქტებზე ტენდერი სწორედ იმის გამო არ გამოცხადდა, რომ ბაღების რეაბილიტაცია იგეგმებოდა და ერთი კვირის განმავლობაში ორივე ბაღს დასვენება მოუწევდა. ასპინძის მუნიციპალიტეტის პირველი პირი არ აკონკრეტებს გაერთიანებული ბაღების ახალი ხელმძღვანელის ვინაობას, თუმცა აცხადებს, რომ რეგისტრაციის პროცესი უკვე დაწყებულია.

დაბა ასპინძაში სულ ოთხი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, აქედან ორი ბაღი თავად დაბაშია და ორი ბაღიც სოფლებში -ტოლოშსა და რუსთავში. გაერთიანებული ბაღების უკვე ყოფილი ხელმძღვანელის მაია სანდოძის განმარტებით, ამ ბაღებში საკვების პრობლემა ამ დროისთვის აღარ არის. გამგებელი ლევან ცაბაძე ირწმუნება, რომ სამშაბათიდან დაბის #1 საბავშვო ბაგა- ბაღში სწავლა აუცილებლად განახლდება.

XS
SM
MD
LG