Accessibility links

logo-print

რატომ მიმართავენ ელჩების ცოლები სირიის პირველ ლედის


ასმა ალ ასადი (მარჯვნივ)

ასმა ალ ასადი (მარჯვნივ)

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ორი ელჩის ცოლებმა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მეუღლეს მიმართა თხოვნით, აღკვეთოს სისხლისმღვრელი დაპირისპირება სირიის სასტიკმა რეჟიმმა. აღნიშნული მიმართვა გავრცელდა იმ ფოტოების თანხლებით, რომლებზეც მოდურად ჩაცმული ასმა ალ ასადი დახოცილი ბავშვების ფონზეა გამოსახული.

„ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულნი ასმას, როგორც ქალის, ცოლისა და დედის, პასუხისმგებლობაში. წარსულში გავლენიანი არაბი ლიდერი ქალი და ქალთა უფლებების დამცველი არ უნდა იმალებოდეს ქმრის ზურგს უკან“, - ნათქვამია მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელ „იუტუბის“ მეშვეობით გაავრცელეს გაეროში დიდი ბრიტანეთის ელჩის მარკ ლაიალ გრანტის ცოლმა შეილამ და გერმანიის ელჩის პეტერ ვიტიგის ცოლმა ჰუბერტამ.

ამავე ვიდეოში ნაჩვენებია კლიპი, სადაც ქალბატონი ასადი წარმოთქვამს სიტყვას და ამბობს, „ჩვენ ყველას უნდა შეგვეძლოს ვიცხოვროთ ღირსეულად, მშვიდობასა და სტაბილურობაშიო“. შემდეგ კი კლიპი ამუნათებს სირიის პირველ ლედის: „რა დაგემართა, ასმა?“

ეს შეკითხვა უსაფუძვლო არ არის. მოდების ტრფიალ ასმა ასადს, რომელიც ბრიტანეთის მოქალაქეა, მიმდინარე წელს წერილიც კი მიუძღვნა სკანდალურად ცნობილმა მოდების ჟურნალმა „ვოგმა“, რომელმაც მას „უდაბნოს ვარდი უწოდა.“ მაგრამ ასმა ასადი კრიტიკის ქარცეცხლში მოჰყვა თავისი ექსტრავაგანტური ცხოვრების წესისა და ქმრის მტკიცე მხარდაჭერის გამო იმ დროს, როდესაც ბაშარ ასადს მთელი მსოფლიო გმობდა.

ბრიტანული „გარდიანის“ თანახმად, სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა ცოლ-ქმარი ასადები, რომლებსაც გულმხურვალედ ესალმებიან ჰუმანიტარული დახმარების ცენტრში, სადაც მოხალისეები ქალაქ ჰომსიდან დევნილი უსახლკარო მოსახლეობისათვის შემოწირულებებს აგროვებენ.

იმავდროულად, „გარდიანმა“ მიიღო ელექტრონული წერილები, საიდანაც ჩანს, რომ სირიის პირველი ლედი, ასმა ასადი, რომელიც საკუთარ თავს ხუმრობით „ოჯახში დიქტატორს“ უწოდებს, ათასობით დოლარს ხარჯავს ინტერნეტით სხვადასხვა ძვირფასი ნივთების შესაძენად.

თებერვალში კი ლონდონის „ტაიმისათვის“ გაგზავნილ ელექტრონულ წერილში ასმა ასადმა საჯაროდ გამოხატა თავისი მეუღლის, ბაშარ ალ ასადისადმი მხარდაჭერა. „პრეზიდენტი ასადი არის სირიის და არა სირიის ერთი რომელიმე ფრაქციის პრეზიდენტი, და ამ როლში იგი პირველი ლედის თანადგომით სარგებლობს“, - ნათქვამი იყო ასმა ასადის წერილში.

გასულ თვეში ევროკავშირმა ასმა ასადი შეიტანა ასადისთან დაახლოებულ იმ პირთა სიაში, რომლებსაც დაუყადაღეს ანგარიშები და აუკრძალეს ევროკავშირში შესვლა. გაეროს თანახმად, დაახლოებით 9000 ადამიანი დაიღუპა შეტაკებებში, რომლებიც სირიაში 13 თვეა გრძელდება. 12 აპრილს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კი, როგორც ჩანს, ირღვევა. სირიელი აქტივისტების ცნობით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კვლავ მიმდინარეობდა ალყაშემორტყმული ქალაქ ჰომსის საარტილერიო დაბომბვა.
XS
SM
MD
LG