Accessibility links

logo-print

საკონკურსო-საატესტაციო კომისიას მიკერძოებასა და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებენ


კონკურსის მონაწილეები

კონკურსის მონაწილეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოქმედ საკონკურსო-საატესტაციო კომისიას კონკურსში მონაწილე კანდიდატები არაობიექტურობასა და შერჩევით მიდგომაში ადანაშაულებენ. სულ შედეგები რვა აპლიკანტმა გაასაჩივრა, თუმცა მათგან სამმა გადაწყვიტა ამ თემაზე ჟურნალისტებთან საუბარი. მათი თქმით, ტესტირებაზე მაღალი ქულები მიიღეს, თუმცა ოფიციალური პასუხის მიხედვით, გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახეს. კონკურისის ერთ-ერთი მონაწილილის, ბადრი დარასელიას თქმით, მას კომისიის მიმართ პრეტენზია იმიტომ გაუჩნდა, რომ თავად კომისია არ იყო დაკომპლექტებული კომპეტენტური ადამიანებით:

„პირველ რიგში მოუმზადებლობასთან გვაქვს საქმე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გამგეობის მიერ ჩატარებული გასაუბრება იყო ფარსი.დაბეჯითებით შემიძლია განვაცხადო, რომ გასაუბრებაზე შერჩევა ხდებოდა არა საუკეთესოდან საუკეთესოს შერჩევის პრინციპით, არამედ მინდა არმინდას პრინციპით“.

გამგეობაში განათლების განყოფილების უფროსის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებლმა ციცინო ფიფიამ ტესტირებაზე 50 ქულა მიიღო, თუმცა მანაც ბადრი დარასელიას მსგავსად, ოფიციალური პასუხის მიხედვით, გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახა. კონკურსანტის თქმით, კომისია იყო სუბიექტური და პირადი სიმპათიებით ხელმძღვანელობდა:

„გასაუბრებაზე პრეზენტაციის ფორმით ჩემი ხედვა წარმოვადგინე, თუ როგორ ვაპირებდი მუშაობას. თქვეს, რომ ეს ფორმატი მათთვის მიუღებელია, რადგან მოსმენისთვის დრო არ გვაქვსო“.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე შეიტანა განაცხადი ვიქტორია ბუკიამ, თუმცა მანაც წინა ორი კონკურსანტის მსგავსად გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახა.

„არ დასმულა არცერთი პროფესიული კითხვა. დაისვა კანონმდებლობიდან, რომელიც ჩვენ უკვე ჩავაბარეთ ტესტირებაზე“.

მოქალაქეების პრეტენზიებს და ბრალდებებს არ იზიარებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ამავდროულად საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე ლაშა გოგია. მისი თქმით, კომისიამ რვავე საჩივარი განიხილა, მოუსმინეს აუდიოჩანაწერებს და გადაწყვეტილებაც შესაბამისად, მიუკერძოებლად მიიღეს.

„კითხვები იყო, კონკრეტულ ვაკანსიაზე აპლიკანტს რა მოეთხოვებოდა. იმ კანონებიდან იყო ჩვენი კითხვებიც, თვითმმართველობიდან, სამსახურის დებულებებიდან. თუ ტესტირება მაღალ ქულაზე ჩააბარეს და თვითმმართველობიდან კითხვებს პასუხები ვერ გაცეს, ეს ალბათ მათ უნდა კითხოთ“, - განაცხადა ლაშა გოგიამ.

თავისმხრივ კონკურსის უკმაყოფილო მონაწილეები აცხადებენ, რომ საკუთარი სიმართლის დასადგენად ბრძოლას სასამართლოს გზით გააგრძელებენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში კონკურსი 187 ვაკანტურ პოზიციაზე 2014 წლის 4 ნოემბერს გამოცხადდა. უწყებაში სულ 1915 განაცხადი შევიდა, აქედან ბოლო ეტაპზე-გასაუბრებაზე 159 აპლიკანტიგადავიდა. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კომისია 65 ვაკანტურ ადგილზე კონკურსს ხელახლა გამოაცხადებს, რადგან სასურველი კანდიდატები ვერ შეარჩია.

XS
SM
MD
LG