Accessibility links

logo-print

ორი წლის წინ ლონდონში შექმნილ ათეისტურ მოძრაობას მთელ მსოფლიოში უამრავი მიმდევარი გაუჩნდა.

სახელად მათ „საკვირაო ასამბლეა“ ჰქვიათ. ათეისტური მოძრაობის რიტუალები სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევართა ღვთისმსახურებას ბევრი ნიშნით ჰგავს, ოღონდ იმ მთვარი განსხვავებით, რომ მათ ღმერთი არ ჰყავთ. ორიოდ წლის წინ ლონდონში ჩამოყალიბებულ ახალ მოძრაობაში მხოლოდ ერთი პატარა ჯგუფი იყო. დღეს კი „საკვირაო ასამბლეას“ მიმდევრები მთელი მსოფლიოს გარშემო ჰყავს.

ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში ათეისტური მიმდინარეობის მიმდევრები თვეში ერთხელ იკრიბებიან. ბოლო შეხვედრა, რომელიც ზაფხულის ერთ თბილ კვირა დილით საზოგადოებრივ პარკში გაიმართა, ერთი შეხედვით საკვირაო მსახურებისგან დიდად არ გამოირჩეოდა. მღეროდა გუნდი, ოღონდ საგალობლების ნაცვლად - „ბითლზების“ სიმღერებს. კითხულობდნენ საგანგებოდ მომზადებულ ტექსტებს, როგორც ფსალმუნებს და მსახურების ბოლოს შესაწირსაც აგროვებდნენ.

ნეშვილელების მიერ შექმნილი „კვირის ასამბლეის“ ერთ-ერთი პირველი წევრი ლენდრი ბატლერი ამბობს, რომ მსგავსება შემთხვევითი არ არის, ვინაიდან ეკლესია საზოგადოებრივი თავშეყრის და თემის ერთიანობის ჩამოყალიბების საუკეთესო მაგალითია. „ეს თანამოაზრე ადამიანების ერთად თავმოყრის ძლიერი მეთოდია, სადაც მათი ენერგია ერთიანდება. სწორედ ამ მოდელის გამოყენება გვსურდა, რადგან ის ადამიანებისთვის ისედაც კარგად ნაცნობია“ - ამბობს ლენდრი ბატლერი.

შემთხვევითი არ არის, რომ ნეშვილში ათეისტებმა თავშეყრის რიტუალურ მოდელად სწორედ საკვირაო წირვა შეარჩიეს. ეს რეგიონი მორწმუნე ქრისტიანთა დიდი კონცენტრაციით გამოირჩევა. რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობა ტენესის მოსახლეობაში მთელი ამერიკის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

ლენდრი ბატლერის თქმით, მას ყოველთვის აოცებდა ის, თუ რამდენი მორწმუნე ადამიანი მოდიოდა მათთან ათეისტების საკვირაო სამსახურის მოსასმენად. სხვადასხვა სარწმუნოების აღმსარებლები ლენდრის თქმით, სხვა კვირა დღეების განმავლობაში თავის ტაძარში ჩვეულებისამებრ დადიან, მაგრამ თვეში ეს ერთი კვირა დღე ათეისტებთან მიდიან და მთელ დილას მათთან ატარებენ. ეს ძალიან კარგია, ჩვენს ორ სრულიად განსხვავებულ საზოგადოებას შორის ერთგვარი ხიდები იდება - ამბობს ლენდრი. რაც სინამდვილეში მართლაც არც თუ ისე უმნიშვნელოა, ვინაიდან ათეისტებს და მორწმუნეებს შორის ურთიერთობა ისტორიულად ზოგჯერ საკმაოდ დაძაბული და ხანდახან ძალადობრივიც კი იყო.

ჩვენს მიმდინარეობაში გაერთიანებულ ათეისტებს კონფლიქტი ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ, აღნიშნავს ლენდრი. „ისეთი ათეისტებიც არიან, ვისაც შესაძლოა მორწმუნე ადამიანებზე ძალადობა არაფრად მიაჩნდეს. ჩვენ ასეთები არ ვართ. ჩვენ ყველას მიმართ მიმღებლობით გამოვირჩევით“ - ამბობს ლენდრი და დასძენს, რომ „საკვირაო ასამბლეის“ სამი მთავარი ღირებულებაა: უკეთ ცხოვრება, მეტი ცნობისწადილი და სხვებისთვის დახმარების უფრო ხშირად გაწევა.

დახმარების ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად ნეშვილის ათეისტური მიმდინარეობა ადგილობრივ უსახლკაროთა თავშესაფრის ცხოვრებაში მათ მიერ რეგულარულად შესრულებულ როლს ასახელებს. მოხალისეები იქ სისტემატურად დადიან და იქაურ ქრისტიანულ მრევლთან ერთად უქონელ ადამიანებს საჭმელს უმზადებენ, შემდეგ მას უსახლკაროებს მიართმევენ და ბოლოს ყველაფერს ალაგებენ.

ელვის უილსონი ამბობს, რომ ათეისტობა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს მორალური ფასეულობები არ უნდა გააჩნდეს. მას ყველაზე უფრო „საკვირაო ასამბლეის“ მთავარი ღირებულებებიდან ადამიანებისთვის დახმარების უფრო ხშირად გაწევის აუცილებლობა მოსწონს. „ხალხმა მინდა იცოდეს, რომ მე როგორც ათეისტს, საკუთრი მორალური ღირებულებები გამაჩნია... ჩვენ აწმყოთი ვცხოვრობთ. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ადამიანებს ღირსებით და გაგებით, ამ ცხოვრებაშივე კარგად ეპყრობიან“ - ამბობს ელვის უილსონი.

„საკვირაო ასამბლეის“ ათეისტური მოძრაობა, რომელიც ორიოდ წლის წინ ბრიტანელმა კომიკოსებმა -სანდერსონ ჯონმა და პიპა ევანსმა- დააარსეს, დღითიდღე იზრდება. სექტემბრის ბოლო კვირას ერთი და იმავე დღეს გამართულ შეხვედრებში მხოლოდ ტენესის შტატში ახალმა წევრებმა თავი 30-ზე მეტ სრულიად ახალ ადგილას მოიყარეს. ბრიტანელი კომიკოსები ახლა უკვე ვებგვერდის შექმნის პროცესში არიან. მათ იმედი აქვთ, რომ საკუთარ მიმდევრებს ინტერნეტის საშუალებით თავს ბევრად უკეთ მოუყრიან და მათ ორგანიზებასაც მეტი წარმატებით შეძლებენ.

XS
SM
MD
LG