Accessibility links

logo-print

შეუიარაღებელი თვალით დანახული პუტინის ომი უკრაინაში


„ატლანტიკური საბჭოს“ ანგარიშის ილუსტრაცია

„ატლანტიკური საბჭოს“ ანგარიშის ილუსტრაცია

ვაშინგტონში მოქმედმა კვლევითმა ორგანიზაცია „ატლანტიკურმა საბჭომ“ გამოაქვეყნა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის „პირდაპირი აგრესიის“ მამხილებელი ფაქტებით სავსე ანგარიში, რომელიც ასკვნის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ომში ჩააბა თავისი ქვეყანა და იტყუება, როცა ამას უარყოფს. „ატლანტიკური საბჭოს“ ამ ანგარიშში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ, მინსკში ხელმოწერილი თებერვლის შეთანხმების მიუხედავად, რუსეთი განაგრძობს პრორუსულად განწყობილი დონბასელი სეპარატისტების სამხედრო დახმარებას.

28 მაისს გამოქვეყნებული ანგარიში, რომლის სათაურია „შეუიარაღებელი თვალით დანახული პუტინის ომი უკრაინაში“, ემყარება სხვადასხვა ღია წყაროებით მოპოვებულ უამრავ ფაქტს, მათ შორის, სატელიტურ გამოსახულებას და როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის, აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლი რუსი სამხედროების მიერ ინტერნეტსა და სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეო და ფოტომასალას. ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს „უტყუარი ფაქტები“ ადასტურებს აზრს, რომ კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში არის კრემლის მიერ წარმოებული ომი, რომელშიც უშუალოდ პუტინის ბრძანებით მონაწილეობს რუსული საბრძოლო იარაღი და რუსეთის არმიის სამხედრო პერსონალი.

„სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების დემოკრატიზაციის შედეგად სოციალური მედიის მიერ ჩატარებული გამოძიება და გეოლოკაციური ანალიზი მძლავრ ინსტრუმენტს წარმოადგენს. ინფორმაცია, რაც ადრე მხოლოდ სადაზვერვო სამსახურებისათვის იყო ხელმისაწვდომი, ახლა ყველასათვის, პირდაპირი მნიშვნელობით, ხელისგულზე დევს“, განაცხადა ანგარიშის პრეზენტაციის დროს დაიმონ ვილსონმა, ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ის, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში ხდება, არის არა „სამოქალაქო ომი“, არამედ უკრაინის საზღვართან განლაგებული რუსეთის რეგულარული არმიისა და სხვადასხვა მძიმე შეიარაღების მოქმედების პირდაპირი შედეგი.

რამდენიმე შემთხვევაში ჩვენ მოვიპოვეთ მტკიცებულება, რომელზეც რაკეტის გაშვება გადაღებული იყო რუსეთის ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების მიერ. მაგალითად, გვაქვს ვიდეო, რომელზეც ჩანს კვამლი ჭურვის სროლის დროს, ზოგიერთზე კი ჩანს ამ ჭურვის მოქმედება...

უკრაინის სამთავრობო შენაერთებისა და კრემლის მიერ მხარდაჭერილი პრორუსულად განწყობილი დონბასელი სეპარატისტების ბრძოლების შედეგად, 2014 წლის აპრილიდან აღმოსავლეთ უკრაინაში 6 100-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა, მაგრამ რუსეთი კვლავ განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი ჯარისკაცები მხოლოდ მოხალისეებად მიდიან, ხოლო მძიმე ტექნიკა უკრაინის არმიასთან ბრძოლების შედეგად მოპოვებული ნადავლია.

თუმცა აშშ-ის „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ კვლევის შედეგად მოპოვებული ფაქტები მოწმობენ, რომ სეპარატისტების ხელთ მძიმე შეიარაღების ბევრი ისეთი თანამედროვე ნიმუშია, რაც უკრაინის არმიას არ მოეპოვება საკუთარ შეიარაღებაში.

კერძოდ, პრორუსულად განწყობილი დონბასელი სეპარატისტების შეიარაღებაში აღმოჩნდა რუსეთის საბრძოლო ტანკის მოდერნიზებული ვარიანტი T-72B, რაც რუსეთის არმიამ ოფიციალურად 2013 წელს მიიღო. სეპარატისტების ხელთ არსებულ უნიკალურ ნიმუშებს შორისაა ასევე ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო-სარაკეტო სისტემა „Pantsir-21” და „გრადის“ ( 2B26) ტიპის რეაქტიული საზენიტო დანადგარი. ანგარიშის ავტორებმა მოიპოვეს მტკიცებულება დონბასში რუსული წარმოების „დოზორის“ ტიპის სადაზვერვო ჯავშანმანქანის არსებობის თაობაზე, რომელიც თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემებით არის აღჭურვილი.

„ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარებმა ასევე შეისწავლეს საარტილერიო ჭურვების შედეგად გაჩენილი ღრმულები და მივიდნენ დასკვნამდე, რომ სეპარატისტების სამხედრო წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის რუსეთის საზღვრიდან შორსმიმავალი არტილერიის საცეცხლე მხარდაჭერას.

„ატლანტიკური საბჭოს“ ანგარიშის ილუსტრაცია

„ატლანტიკური საბჭოს“ ანგარიშის ილუსტრაცია

„რამდენიმე შემთხვევაში ჩვენ მოვიპოვეთ მტკიცებულება, რომელზეც რაკეტის გაშვება გადაღებული იყო რუსეთის ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების მიერ. მაგალითად, გვაქვს ვიდეო, რომელზეც ჩანს კვამლი ჭურვის სროლის დროს, ზოგიერთზე კი ჩანს ამ ჭურვის მოქმედება. ყველა ეს ვიდეო სოციალურ მედიაში სხვადასხვა პირის ანგარიშიდან გამოქვეყნდა. ასე რომ, ინფორმაციები გვაქვს სხვადასხვა წყაროსაგან, რომლებიც რუსეთის სხვადასხვა არეალში იმყოფებოდნენ. ეს სასარგებლო იმითაა, რომ შესაძლებლობას იძლევა შემდეგ დადგინდეს, თუ ზუსტად სად იქნა გადაღებული თითოეული ეს ვიდეო. ამისათვის ვიყენებთ ჩვენ გეოლოკაციურ ტექნიკას, რითაც ვიდეოზე გადაღებული გამოსახულების მიწის ზედაპირის სურათთან შედარება ხდება“, ამბობს ანგარიშის თანაავტორი, მკვლევარი ელიოტ ჰიგინსი.

გეოლოკაციური მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, დადგინდა, რომ 4-5 სხვადასხვა იერიშის შემთხვევაში საარტილერიო ცეცხლი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე დასახლებულ პუნქტ გუკოვოდან გაიხსნა.

„ატლანტიკური საბჭოს“ ანგარიში ასევე უტყუარად მიიჩნევს მტკიცებულებას აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის შესახებ, რასაც უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე ე.წ. „ტვირთი 200“- ით წაღებული ცხედრების რაოდენობაც ადასტურებს. „ატლანტიკური საბჭოს“ ანგარიშში ხაზგასმულია ისიც, რომ სწორედ უკრაინაში დაღუპული რუსი ჯარისკაცების ვინაობის დადგენით იყო დაკავებული რუსი ოპოზიციონერი დეპუტატი ბორის ნემცოვი, რომელიც მოსკოვის ცენტრში 27 თებერვალს მოკლეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG