Accessibility links

logo-print
აწყურის მეწყერსაშიში ზონიდან გამოსახლებული 8 ოჯახი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. დაზარალებულები ხელისუფლებისგან დახმარებას და სასწრაფო რეაგირებას ითხოვენ.

აწყურის ერთ-ერთ უბანში მიწასა და სახლებს ბზარები ერთი წლის წინ გაუჩნდა. მეწყერმა 8 ოჯახი უსახლკაროდ დატოვა. დაზარალებული მოსახლეობა ღამეს მეზობლებსა და ნათესავებთან ათევს. მცოცავმა ნიადაგმა საცხოვრებელი სახლები დაანგრია და ხეხილის ბაღები გაანადგურა. სტიქიამ იმსხვერპლა შინაური პირუტყვიც და, ღამის გასათევის გარდა, აწყურელები ყოველდღიური სარჩოს გარეშეც დატოვა.

საცხოვრებელი სახლების მასიური ნგრევა აწყურში ერთი წლის წინ დაიწყო, სტიქიის პირველი ნიშნები კი სოფელში 2010 წელს გაჩნდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დასახლება რომ მეწყერსაშიში იყო, უკვე 80-იანი წლებიდან დასტურდება, - აწყურის ამ ზონის შესახებ არაერთი გეოლოგიური დასკვნა არსებობს, - თუმცა ყველაზე მწვავე პრობლემის წინაშე რვა ოჯახი სწორედ 2012 წელს დადგა. დაზარალებულები ადგილობრივი ხელისუფლებისგან ქირის სახით კომპენსაციას, 150 ლარის ოდენობით, მხოლოდ სამ თვეს იღებდნენ. იანვრის თვეში მათ ეს დახმარებაც შეუწყდათ. აწყურელები ადგილობრივი ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობენ და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აწყურის პრობლემასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. რაც შეეხება კომპენსაციას, რომელსაც დაზარალებულები ქირის სახით იღებდნენ, ახალციხის მუნიციპალიტეტი მის გადახდას აპრილის თვიდან ისევ გააგრძელებს. საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი ირწმუნება, რომ პრობლემის მოგვარებაზე ცენტრალურ ხელისუფლებასთან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, რომ მან აწყურის პრობლემის შესახებ საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ ოთხი თვის წინ აცნობა, თუმცა, მისი თქმით, ამ დრომდე ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. ეს არ არის მოგონილი ფაქტები და არც ტალახით გაკეთებულ სახლებზეა საუბარი. კაპიტალურად ნაშენი ნაგებობებია დაზიანებული, – აცხადებს ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი ვაჟა ჩიტაშვილი და ამბობს, რომ ხელისუფლება სხვა რეგიონებს უფრო მეტ ყურადღებას აქცევს.

მაჟორიტარი დეპუტატი ირწმუნება, რომ აწყურის პრობლემის შესახებ საკითხს საკანონმდებლო ორგანოს სხდომაზე დააყენებს. რა რეაგირება მოჰყვება საქართველოს მთავრობისგან ამას და მოგვარდება თუ არა აწყურის პრობლემა, ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია.
XS
SM
MD
LG