Accessibility links

logo-print

აწყურის ციხეზე კიდე ერთი ფასადი ჩამოინგრა. ძეგლიდან ჩამოცვენილმა ქვებმა საავტომობილო გზა ჩახერგა. აწყურის მცხოვრებლები ამბობენ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე გავლა საშიში გახდა. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ცენტრალური ხელისუფლებისგან ითხოვს. კულტურის სამინისტროდან სპეციალისტები ძეგლზე უკვე იმყოფებოდნენ, თუმცა დაიწყება თუ არა გამაგრებითი სამუშაოები ახლო მომავალში, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

აწყურის ციხე

აწყურის ციხე

აწყურის ციხემ ადგილობრივი მოსახლეობა კიდევ ერთხელ დააყენა საფრთხის წინაშე. ციხის ჩრდილოეთ მხარეს შუა ფასადი 2 ოქტომბერს დილის საათებში ჩამოიშალა და საავტომობილო გზა ჩახერგა. ადგილობრივებმა გზა თავადვე გაწმინდეს, ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდაში მათ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები დაეხმარნენ. მოშლილი ქვები ფასადიდან ჩამოიღეს და მოსახლეობისთვის უსაფთხო ადგილზე გადაიტანეს. აწყურის მცხოვრებლები ხელისუფლებისგან დახმარებას მოითხოვენ.

აწყურის ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებულმა ფაქტის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებას უკვე შეატყობინა. აწყურის ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებულის ელგუჯა ჯვარიძის თქმით, ძეგლზე მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლოებისთვის საფრთხეც სულ უფრო იზრდება.

აწყურის ციხე

აწყურის ციხე

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა აწყურში დაზიანებული ციხე 8 ოქტომბერს მოინახულეს. სპეციალისტებმა ძეგლის მდგომარეობა შეისწავლეს და შესაბამისი დოკუმენტები შეადგინეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის წარმომადგენელი რევაზ ანდღულაძე იმედოვნებს, რომ ცენტრალური უწყება აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებას ახლო მომავალში მოახდენს.

აწყურის ფეოდალური ციხესიმაგრე XI საუკუნის ძეგლია. იგი პირველად 2009 წლის 19 აგვისტოს ჩამოინგრა. მას შემდეგ ციხიდან ქვები ხშირად ცვივა. ისტორიული ნაგებობის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2013 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით განხორციელდა, აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარე წლის გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ პროექტი აღარ გაგრძელდა.

XS
SM
MD
LG