Accessibility links

logo-print
მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის მხარდაჭერით, „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ საქართველოს მასშტაბით ჩაატარა გამოკვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა იმის გარკვევას, თუ როგორი დამოკიდებულება არსებობს სასამართლო სისტემისადმი საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმეტესობის აზრით, სასამართლოების მუშაობა ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ შედარებით გაუმჯობესდა, გამოკითხულთა მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ ახერხებს კონკრეტული პოზიციის დაფიქსირებას და კითხვაზე, როგორია სასამართლო სისტემისადმი მათი ნდობის მაჩვენებელი, პასუხობენ: „არ ვიცი“. რა შეიძლება იყოს მოსახლეობის ორჭოფობის მიზეზი და როგორია გამოკვლევის სხვა შედეგები?

გამოკითხვაში, რომელიც გასული წლის გაზაფხულზე ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 4000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ 74 კითხვაზე მოუწიათ პასუხის გაცემა იმისათვის, რომ გარკვეულიყო როგორია საზოგადოების დამოკიდებულება სასამართლო სისტემისადმი. როგორც გამოკვლევის ავტორები - „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ წარმომადგენლები - მიუთითებენ, შედეგმა აჩვენა, რომ ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ მართლმსაჯულება გაუმჯობესდა, თუმცა კვლავაც დარჩა გარკვეული სკეპტიციზმი. რესპონდენტთა 46 % მიიჩნევს, რომ სასამართლოების მუშაობა შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხულთა 9% სიტყვა ”უსამართლობას” პირდაპირ აკავშირებს საქართველოში არსებულ მართლმსაჯულებასთან, რაც, მკვლევართა აზრით, იმის მანიშნებელია, რომ მოქალაქეთა ნაწილი სასამართლო სისტემის მიმართ კვლავაც ღრმა სკეპტიციზმით არის განმსჭვალული.

გამოკვლევაში საკმაოდ დიდია რესპონდენტთა ორჭოფობის პროცენტული მაჩვენებელი, რაც, მკვლევართა აზრით, საუკეთესოდ გამოხატავს ადამიანების დამოკიდებულებას სასამართლოსა და მოსამართლეების მიმართ. გამოკითხულთა 22 პროცენტი არც ენდობა და არც არ ენდობა მოსამართლეებს. ოცმა პროცენტმა კი არ იცის, შესაძლებელია თუ არა მოსამართლეების ნდობა. რა შეიძლება იყოს მოსახლეობის ამგვარი ორჭოფობის მიზეზი? ეს კითხვა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციციის თავმჯდომარეს“ თამარ ჩუგოშვილს გამოკვლევის პრეზენტაციის შემდეგ გაუჩნდა. ის რადიო თავისუფლებასთან ასეთი შედეგის ორ სავარაუდო მიზეზზე საუბრობს:

”კვლევის ავტორები თვლიან, რომ უმრავლეს შემთხვევაში გამოკითხული ადამიანები საკმაოდ თავისუფლად გრძნობდნენ თავს და სხვადასხვა საკითხებზე ღიად საუბრობდნენ. შესაბამისად, წესით, თავის შეკავების სურვილი მათ არ უნდა ჰქონოდათ, თუმცა, ალბათ, მაინც ძალიან ნიშანდობლივია ის, რომ უმრავლესობა თავს იკავებს ცალსახა პასუხის გაცემისგან. ამის მიზეზია ან ის, რომ საზოგადოება არ იცნობს და დიდად არ არის დაინტერესებული იმით, იქნება თუ არა სასამართლო დამოუკიდებელი, ან ამ ადამიანებმა თავის შეკავების გადაწყვეტილება მიიღეს და ჩათვალეს, რომ არ უნდა ეთქვათ ის პასუხი, რის თქმასაც ისინი აპირებდნენ”, - მიაჩნია თამარ ჩუგოშვილს.

ჰანს გუტბროდი, „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ რეგიონალური დირექტორი, რადიო თავისუფლებასთან იმ შედეგზე საუბრობს, რომელიც გამოკვლევამ აჩვენა.მოსახლეობაში მართლმსაჯულების სისტემის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა, სასამართლო დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რაზეც ის გამოკვლევის შემდეგ მიუთითებს:

”ნდობა სასამართლოს მიმართ არც ისეთი მაღალია, მაგალითად, როგორც ნდობა პოლიციისადმი. რესპონდენტები იმაზეც მიუთითებენ, რომ ხშირად სასამართლო გამოხატავს აღმასრულებელი ხელისუფლების ინტერესებს და არა საზოგადოების. გამოიკვეთა ასევე ის საკითხიც, რომ ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე ზრუნვა.”

აღსანიშნავია ისიც, რომ „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მიერ ჩატარებულ გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღეს იმ ადამიანებმაც, რომლებსაც სასამართლოსთან ურთიერთობის გამოცდილება ჰქონდათ. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ისინი გაცილებით ნაკლებად ენდობიან მოსამართლეებსა და სასამართლოებს, ვიდრე ზოგადად გამოკითხული რესპონდენტები. სასამართლოსთან ურთიერთობის გამოცდილების მქონე რესპონდენტების 43 პროცენტი აცხადებს, რომ მოსამართლეები არ არიან დამოუკიდებელნი. აღნიშნული შედეგის საპირისპიროდ შეგვიძლია გავიხსენოთ კიდევ ერთი გამოკვლევა, რომელიც უზენაესმა სასამართლომ გასული წლის შემოდგომაზე ჩაატარა და რომელშიც მონაწილეობა სწორედ სასამართლოს მომხმარებლებმა მიიღეს. შედეგები რადიკალურად განსხვავებულია. უზენაესი სასამართლოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სასამართლოს მომხმარებელთა 72 პროცენტი სასამართლო სისტემას სრულ ნდობას უცხადებს. კვლევის შედეგები ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა წარუდგინა: „ეს არის შედეგი, რომელიც თვალნათლივ მეტყველებს იმ ტენდენციაზე, რომ, 2005 წლიდან დაწყებული, სასამართლო სისტემის მიმართ მოსახლეობის ნდობა მუდმივად იზრდება”, - განაცხადა მან.

გამოკითხულთა 77 პროცენტი ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმება სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების საშუალებაა. როგორც მკვლევარები იხსენებენ, ბევრმა რესპონდენტმა ერთგვარი უხერხულობით შენიშნა, რომ ქვეყნის მთავრობა საპროცესო შეთანხმებას შემოსავლის წყაროდ იყენებს. რესპონდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი იმაზეც მიუთითებს, რომ ვინაიდან გამამართლებელი გადაწყვეტილება იშვიათად მიიღება, ადამიანები ხშირად მიმართავენ საპროცესო შეთანხმებას. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ გამამართლებელი განაჩენის დაბალი მაჩვენებლის გამო ქართული მართლმსაჯულება არაერთხელ იქცა გასულ წელს მწვავე კრიტიკის საგნად როგორც სახალხო დამცველის, ასევე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის მხრიდან.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG