Accessibility links

logo-print

საქართველოს ეროვნულმა არქივმა, პროექტ „ზღაპრების აუდიობიბლიოთეკის“ ფარგლებში, ციფრულ მატარებლებზე გადაწერა და ინტერნეტში განათავსა 90-მდე ზღაპრის აუდიოვერსია, რომლებიც გასული საუკუნის 60-70-იან წლებში სტუდია „მელოდიაშია“ შექმნილი და პროექტის განხორციელებამდე მაგნიტურ ფირებსა და გრამფირფიტებზე ინახებოდა. ქართულ, გერმანულ, სლოვაკურ, ინდონეზიურ, ჩეხურ და იაპონურ ზღაპრებს კითხულობენ ცნობილი ქართველი მსახიობები: მედეა ჩახავა, ეროსი მანჯგალაძე, ელენე ყიფშიძე, გოგი გეგეჭკორი, მერაბ თაბუკაშვილი, ზინაიდა კვერენჩხილაძე და მერაბ გეგეჭკორი.

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია მდიდარი აუდიომასალა, რომელთაგან უძველესები ჩაწერილია ცვილის ლილვაკებზე. კინო-ფოტო-ფონოდოკუმენტების არქივის დირექტორი გიორგი კაკაბაძე გვიჩვენებს 1897 წელს გამოშვებულ ამერიკული წარმოების გრამოფონს:

„ეს არის, ასე ვთქვათ, პირველი მაგნიტოფონი, რომელიც წერდა ცვილის ლილვაკებზე. ჩვენ გვაქვს გრამოფონიც და ცვილის ლილვაკებიც. გამოჩენილი ქართველი მუსიკოსების მიერ მოწყობილი ექსპედიციების დროს ჩანაწერები (ფოლკლორის ნიმუშები) კეთდებოდა ასეთი გრამოფონის საშუალებით. არქივის საცავებში გვაქვს ცვილის ასეთი 70 ლილვაკი“.

გიორგი კაკაბაძე

გიორგი კაკაბაძე

გიორგი კაკაბაძე ასევე გვიჩვენებს საუკუნის პატეფონს, რომელიც გამართულად მუშაობს და უკრავს ნახშირის ფირფიტებს. ერთ-ერთ ასეთ ფირფიტაზე ჩაწერილია აკაკი წერეთლის მიერ წაკითხული ლექსი, თუმცა აუდიოჩანაწერების უდიდესი ნაწილი მოგვიანებითაა გაკეთებული. „ზღაპრების აუდიობიბლიოთეკა“ - ასე ჰქვია საქართველოს ეროვნული არქივის პროექტს, რომელიც აერთიანებს კინო-ფოტო-ფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცული მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების აუდიოჩანაწერებს.

„გოგონა, თევზი და მაიმუნი“. სოფელ კატანოში ერთი გლეხი ცხოვრობდა. ჰყავდა ცოლი და ერთი კეთილი და მხიარული გოგონა. ერთხელ გოგონას დედა ავად გახდა და გარდაიცვალა. ერთი წლის შემდეგ მამამ ცოლად შეირთო მეზობლად მცხოვრები ბოროტი და უშნო ქალი...“ - ეს ჩანაწერი 1976 წელს სტუდია „მელოდიაშია“ გაკეთებული. საქართველოს სახალხო არტისტი ელენე ყიფშიძე იაპონურ ხალხურ ზღაპარს კითხულობს. კინო-ფოტო-ფონოდოკუმენტთა არქივის დირექტორის გიორგი კაკაბაძის თქმით, ამ ჩანაწერთან ერთად ცენტრალურ არქივში დაცულია ცნობილი ქართველი მსახიობების მიერ წაკითხული როგორც კლასიკური ქართული ლიტერატურის ნაწარმოებები, ასევე ქართული და უცხოური ზღაპრები:

„ეს ჩანაწერები, როგორც ორიგინალი, შენახულია მაგნიტური ფირების სახით. გვაქვს ასევე ფირფიტები, რომლებიც შემდეგ გამოდიოდა ქსელში და იყიდებოდა“.

თანაც, იყიდებოდა მაღალი ტირაჟით და დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა როგორც ბავშვებში, ასევე მათ მშობლებში. ქართველი მსახიობების მიერ წაკითხულმა ზაღაპრებმა დიდი დახმარება გაუწია ფილოლოგ ანა ჭაბაშვილს:

„საერთოდ მიმაჩნია, რომ ბავშვებს წიგნები, ზღაპრები უნდა წაუკითხოს დედამ, ბაბუამ, მამამ... რათა შედგეს ცოცხალი კონტაქტი, მაგრამ რადგანაც არსებობდა ასეთი საშუალება და გვქონდა ფირსაკრავი, ჩემი შვილები კი მაშინ პატარები იყვნენ, აუდიოზღაპრებს ხშირად უსმენდნენ. თანაც, მოხდა ისე, რომ ჯერ ერთ შვილს, შემდეგ კი მეორეს შეხვდა ჰეპატიტი და ამის გამო როგორმე უნდა გაგვეჩერებინა ისინი ლოგინში. ბუნებრივია, არ მქონდა დრო, რომ დღედაღამ ვყოფილიყავი მათთან და მეკითხა ზღაპრები. ეს ფირფიტები ძალიან გამომადგა. ატრიალებდნენ დილიდან ღამემდე, არ ბეზრდებოდათ. მახსენდება, მაგალითად, მედეა ჩახავას წაკითხული ზღაპრები - როგორც ქართული, ასევე ჩეხური, ინდონეზიური და სხვა ხალხების... ამ ზღაპრების წაკითხვა თუ მოსმენა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანი იმდიდრებს ლექსიკას, რადგანაც ამ ტექსტებში არის ისეთი სიტყვები შემორჩენილი, რომლებიც ხშირად აღარ იხმარება ან არ გვხვდება ყოველდღიურ ცხოვრებაში. დღეს გამომცემლობაში როცა მზადდება გამოსაცემად ზღაპრები, იტყვიან ხოლმე, ამა თუ იმ სიტყვების მნიშვნელობა არ იციან ბავშვებმაო... მარტო ბაშვებმა კი არა, იმათმა მშობლემაც არ იციან უკვე, ამიტომ კიდევ უფრო მეტადაა საჭირო ზღაპრის წაკითხვა“.

ფირფიტებზე ჩაწერილი ზღაპრები ბავშვობის ტკბილი მოგონებაა რეჟისორ ლევან კიტიასთვის:

„ხშირად მასმენინებდნენ ფირფიტებს, თანაც - არამარტო ძილის წინ. ძალიან ხშირად ვუსმენდი და კარგად მახსოვს, რომ ძალიან კარგად კითხულობდნენ და დიდწილად მათი დამსახურებაა, რომ ლექსიკური მარაგი ბავშვობაში დამიგროვდა. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. იგივეს თქმა შემიძლია ჩემს დაზე, რომელიც ჩემზე უმცროსია და აგრეთვე უსმენდა ამ ზღაპრებს. ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინეთ, რომ ბავშვი მშვენივრად წერდა და ლექსიკა ჰქონდა ძალიან მდიდარი. მერე უკვე, როცა მშობელი გავხდი (ქვეყანაში როცა ყველაფერი შეიცვალა), დავიწყე ამ ფირფიტების ძებნა. ჩემი ძველი ფირფიტები ფხიკინებდა და ბავშვს მისი მოსმენა აღარ აინტერესებდა, არ ჰქონდა სუფთა ხმა და ვერ ვასმენინებდი. შესაბამისად, ისე გამოვიდა ჩემი შვილი ბავშვობის ასაკიდან, რომ ვერ მოვასმენინე ეს ზღაპრები“.

ლევან კიტიას მსგავსად, ბოლო დროს ბევრმა მოიკითხა „მელოდიაში“ ჩაწერილი ზღაპრები, თუმცა, როგორც კინო-ფოტო-ფონოდოკუმენტების არქივის დირექტორი გიორგი კაკაბაძე ამბობს, მათი მოსმენა უკვე შესაძლებელია ფირებისა და ფირსაკრავების გარეშე. ზღაპრების აუდიოარქივის დამუშავებისა და ციფრულ მატარებლებზე გადაწერის შემდეგ ჩანაწერები აიტვირთა ვებგვერდზე: https://soundcloud.com/#audio-archives-of-georgia და მისი მოსმენა ყველას შეუძლია. ზღაპრები ხელმისაწვდომია ასევე ეროვნული არქივის ოფიციალურ ვებსაიტზეც: http://archives.gov.ge/ge/Msoplio_Khalkhta_Zgaprebi; პროექტისათვის შექმნილია სპეციალური გვერდი სოციალურ ქსელშიც: https://www.facebook.com/GeorgianTales „ზღაპრების აუდიობიბლიოთეკის“ მშვენებაა ეროსი მანჯგალაძის 40-წუთიანი ჩანაწერი („ამირანი“- ქართული ხალხური ზღაპარი), რომელიც 1968 წელსაა გაკეთებული.

გიორგი კაკაბაძე ამბობს, რომ საქართველოს ეროვნული არქივი მხოლოდ ზღაპრებისა და ქართული კლასიკური ლიტერატურის ნიმუშების გაციფრებით არ შემოიფარგლება:

„გვაქვს გადაწერის ჩვენი სტრატეგია. პირველ რიგში დგას ყველაზე ძველი ჩანაწერები, რომელთა ფიზიკური განადგურების საშიშროება უფრო მეტია, და არის კიდევ თემატური: გავაციფრულეთ ქართული ხალხური სიმღერების ჩანაწერები. ეს არის მე-20 საუკუნის 20-40-იანი წლების ექსპედიციებში მოგროვებული ჩანაწერები. გავაკეთე ქართული კინო-მუსიკა - ეს თემა მთლიანად ამოწურულია. ახლა ვმუშაობთ აფხაზეთის თემატიკაზე. აფხაზური სიმღერები, პოეტების ლექსები, ლიტერატურული საღამოები, გამოსვლები და ა.შ. - ეს ყველაფერი გადაგვაქვს ციფრულ ფორმატში და ამ სამუშაოსაც მალე დავასრულებთ“.

გიორგი კაკაბაძის თქმით, ეროვნული არქივის სურვილია, აუდიოწიგნის პროექტი არ დასრულდეს არსებული ჩანაწერების გაციფრებით.

„არის ასეთი იდეა, რომ ეროვნული არქივის სტუდიაში, რომელიც სამი წელია ფუნქციობს და სადაც ვაკეთებთ თანამედროვე პოეტების, მწერლებისა და მსახიობების ჩანაწერებს და გვაქვს ძალიან კარგი გამოცდილება ამ კუთხით, ვაპირებთ მოვიწვიოთ მსახიოებები, რათა ჩაწერონ ზღაპრები, ლიტერატურული ნაწარმოებები და ასე გაგრძელდეს აუდიოწიგნების პროექტი“, უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი კაკაბაძემ, რომელიც დარწმუნებულია, რომ ეს ჩანაწერები ისეთსავე სარგებლობას მოუტანს საზოგადოებას, როგორიც გასული საუკუნის 60-80-იან წლებში გაკეთებულმა ჩანაწერებმა მოუტანა. გიორგი გეგეჭკორმა, ელენე ყიფშიძემ, მერაბ თაბუკაშვილმა, ეროსი მანჯგალაძემ და მხატვრული კითხვის სხვა ოსტატებმა მნიშვნელოვნად გაამდიდრეს ჩვენი ლექსიკური მარაგი და არაერთი თაობა აზიარეს მეტყველების მაღალ კულტურას.

XS
SM
MD
LG